Facebook Twitter
¹ას-592-560-2011 29 ივნისი, 2011 წელი

¹ას-592-560-2011 29 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ტ. ა-ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჭ-ძე, ი. გ-შვილი, რ. კ-შიძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ძის, ი. გ-შვილისა და რ. კ-შიძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი «მ-ს» 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი «მ-სა» და ტ. ა-ვას თანაბარ წილად დაეკისრათ ადვოკატისათვის და სახელმწიფობაჟის სახით მოსარჩელეთა მიერ გაწეული ხარჯები _ ჯამში 1900 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ტ. ა-ვას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 27 მაისს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ტ. ა-ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 2 დღით.

აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა ტ. ა-ვას, მაგრამ მისი ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა. ფოსტიდან შემოსული შეტყობინებით ირკვევა, რომ კასატორი ორივე შემთხვევაში არ გამოცხადდა ფოსტაში გზევნილის ჩასაბარებლად და ფოსტამ უკან დააბრუნა იგი შენახვის ვადის გასვლის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (შეტყობინება) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართლის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამარზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამარზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინება ორჯერ გაეგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ფოსტიდან შემოსული შეტყობინებებით ირკვევა, რომ კასატორმა არ მიაკითხა ფოსტას გზევნილის ჩასაბარებლად და ფოსტამ უკან დააბრუნა იგი შენახვის ვადის გასვლის გამო.

ამდენად, ვინაიდან ტ. ა-ვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის თაობაზე, რაშიც იგულისხმება მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 17 ივნისს (უზენაეს სასამართლოში გზავნილის დაბრუნების თარიღი _ ს.ფ.112). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 2-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 20 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ა-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.