Facebook Twitter

ას-593-557-210 26 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. გ-ავა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 ივნისს სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა მ. გ-ავამ და განმარტა, რომ 1993 წლის 29 ივნისის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის გენერალ-მაიორი გ. ა-იას ¹228 ბრძანებით დაინიშნა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის I ბატარეის II ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის მე-4 ქვემეხის გათვლის ნომრად 1993 წლის 14 მაისამდე. Uუფლების დამდგენ საბუთში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის გენერალ-მაიორ გ. ა-იას 1993 წლის 29 ივნისის ¹228 ბრძანებაში, რიგით ¹11, მისი მონაცემები არასწორად არის დაფიქსირებული, ნაცვლად მ. ა.-ის ძე გ-ავასი, დაბადებული 19..... წლის ...... მაისს, მითითებულია მ. ა.-ის ძე გ-ავა, დაბადებული 1969 წლის 15 ნოემბერს. აღნიშნული უზუსტობა განმცხადებელს პრობლემებს უქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-ავამ მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა უფლების დამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 3).

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. გ-ავას განცხადება დაკმაყოფილდა: დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის, გენერალ-მაიორი გ. ა-იას ¹22ბ ბრძანება, გაცემული 1993 წლის 29 ივნისს ქ. სოხუმში (რიგით ¹11), 1969 წლის 15 ნოემბერს დაბადებული მ.ი ა.-ის ძე გ-ავას სახელზე, ეკუთვნის 1968 წლის 31 მაისს დაბადებულ მ. ა.-ის ძე გ-ავას (ტომი I, ს.ფ. 42-43).

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების განუხილველად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოთხოვნა განხილული უნდა ყოფილიყო სასარჩელო წარმოების წესით და ამ პოზიციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ მიუთითა, იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს (ტომი II, ს.ფ. 43-49).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების განუხილველად დატოვება.

კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადების ავტორის მიზანია, დოკუმენტის კუთვნილების დადგენის შემდეგ დაიდგინოს ვეტერანის სტატუსი და მიიღოს გარკვეული სოციალური შეღავათები. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება უდავო წარმოების დაწყების ფორმალური წინაპირობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს განცხადება განსახილველად მას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი ამ ფაქტის დადგენის შეუძლებლობის შესახებ. განცხადების მიღება განსახილველად დასაშვებია მხოლოს იმ პირობით, თუ სხვა გზით ამ ფაქტის დადგენა შეუძლებელია (ტომი II, ს.ფ. 57-58).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება