ას-594-900-09 22 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლეები _ ნ. შ-შვილი და ნ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ნ-ოვის კანონიერი წარმომადგენელი მ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სადავო 1/2 წილზე მემკვიდრედ აღიარება და სადავო სამკვიდრო ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 26 ივლისს ჯ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ო. ნ-ოვისა და ნოტარიუს თ. ო-იანის მიმართ და მოითხოვა დოკუმენტების სიყალბის დადგენა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სადავო 1/2 წილზე მემკვიდრედ აღიარება და სადავო სამკვიდრო ქონების 1/2 წილის მიკუთვნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმედა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ეროვნული რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ... ქ.¹4-ში 27 კვ.მ-ზე, ... ¹16-ში 21 კვ.მ-ზე და ... ქუჩა, კორპუსი ¹2, 55,27 კვ.მ-ზე ო. ნ-ოვის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია. ამავე განჩინებით სამეწარმეო რეესტრს აეკრძალა მოეხდინა რამე სახის ცვლილებები შპს “ო-ში”, გარდაცვლილი ო. ნ-ოვის სახელზე რიცხული 30% წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით. სს “ს-ს” აეკრძალა გაეცა გარდაცვლილი ო. ნ-ოვის სახელზე ნაშთად რიცხული 1700 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელე ჯ. კ-ძის შვილი – ო. ნ-ოვი. აღნიშნულის გამო გაიხსნა სამკვიდრო ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის ქონებაზე.
ჯ. კ-ძის გარდაცვლილი შვილის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილიში, ... ქ.¹4-ში 27 კვ.მ. ოდენობით, ... ქ. ¹16-ში 21 კვ.მ. ოდენობით და ... ქ. კორპუსი ¹2, ბინა ¹51-ში 55.27 კვ.მ. ოდენობით, ო. ნ-ოვი აგრეთვე წარმოადგენდა შპს „ო-ის“ დამფუძნებელს და მისი წილი ამ საზოგადოებაში შეადგენდა 30%-ს. გარდა ამისა, გარდაცვლილ ო. ნ-ოვს გახსნილი ჰქონდა ანგარიში სს „საქართველოს ბანკში, სადაც ნაშთად მის სახელზე ირიცხება 1700 (ათას შვიდასი) აშშ დოლარი.
მოპასუხე ო. ო.ის ძე ნ-ოვის კანონიერმა წარმომადგენელმა – მ. თ-ძემ, რომელიც წარმოადგენს მოპასუხე – ო. ნ-ოვის დედას, 2007 წლის 25 ივნისს, მიმართა ნოტარიუს თ.ო-იანს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ამასთან მოპასუხემ ნოტარიუსთან წარმოადგინა ო. ო.ის ძე ნ-ოვის დაბადების მოწმობა, სადაც მშობლების გრაფაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილი – ო. ნ-ოვი იყო მამამისი. ნოტარიუს თ. ო-იანის მიერ დაკმაყოფილდა მ.თ-ძის მოთხოვნა და 2007 წლის 25 ივლისს ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის ქონებიდან ო. ო.ის ძე ნ-ოვის სახელზე გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობები;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ო.ის ძე ნ-ოვი დაავადებულია ცერებრალური დამბლით და აღიარებულია ქმედუუნაროდ. ასევე დადგენილია, რომ მ. თ-ძე მოპასუხე ო. ო.ის ძე ნ-ოვის მეურვეა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობის შესაბამისად, ო. ნ.-ის ძე ნ-ოვი რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, ... ქუჩა მე-2 კორპუსი, ბინა ¹51-ში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობის შესაბამისად, მ. თ-ძე რეგისტრირებულია ქ.ქუთაისში, ... ქუჩა ¹59-ში.
ო. ო.ის ძე ნ-ოვის დაბადების მოწმობის შესაბამისად, იგი დაიბადა 19..... წლის ..... მაისს, ქ.მოსკოვში და მის მშობლები არიან მ. გ.-ს ასული თ-ძე და ო. ნ.-ის ძე ნ-ოვი. ო. ო.ის ძე ნ-ოვის დაბადების მოწმობის თანახმად, მისი დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა წულუკიძის რაიონის მმაჩის განყოფილებაში. დაბადების მოწმობის თანახმად, ო. ო.ის ძე ნ-ოვის დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნში და დაბადების მოწმობა გაცემულია 1983 წლის 30 ივნისს.
ნოტარიუს თ. ო-იანის მიერ, 2007 წლის 17 ივლისს ჯ. კ-ძის მოთხოვნის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხონის სამსახურის განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა 19..... წლის ...... მაისს დაბადებული ო. ო.ის ძე ნ-ოვის მამობის დადგენის მოწმობის სააქტო ჩანაწერი, მოწმობა მამობის დადგენის შესახებ გაცემული 30.06.1983 წელს, წულუკიძის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ, ი-ტი ¹302078.
ო. ნ-ოვის დაბადების სააქტო ჩანაწერით ¹115 დადგენილ იქნა, რომ ო. ნ-ოვი დაიბადა 1983 წლის 31 მაისს, ქ. მოსკოვში. ბავშვის მამად მითითებულია ო. ნ.-ის ძე ნ-ოვი დაბადებული 1954 წლის 10 თებერვალს. ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ საბუთად მითითებულია მოსკოვის ¹23 სამშობიარო სახლის ცნობა. ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ხონი, ... ქ.¹7, ხოლო მ. თ-ძის მუდმივ საცხოვრებელ ადგლად მითითებულია ქუთაისი, ... 51, ბინა 9, ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის სამუშაო ადგილად მითითებულია თერჯოლის გინეკოლოგიური განყოფილება, ხოლო მ. თ-ძის სამუშაო ადგილად ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის ხელმოწერა და აღნიშნული აქტის მე-20 გრაფაში დაფიქსირებულია „ნ-ოვი ო.ი ნ.-ის ძე“. სააქტო ჩანაწერის მე-19 გრაფაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 1983 წლის 30 ივნისს წულუკიძის რაიმმაჩის მიერ განხორციელებული ¹13 ჩანაწერის საფუძველზე გაცემული მამობის დადგენის მოწმობა.
ო. ნ-ოვის მამობის დადგენის აქტი რეგისტრირებული არ არის მამობის დადგენის 1983-1986 წლების სააქტო წიგნებში, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.
მამობის დადგენის შესახებ მოწმობაში დაფიქსირებულია, რომ ის გაცემულია წულუკიძის რაიონის მმაჩის რაიონული განყოფილების მიერ, 1983 წლის 30 ივნისს და მოხდენილია მამობის დადგენის აქტების სარეგისტრაციო წიგნში ჩაწერა ¹13.
ო. ო.ის ძე ნ-ოვის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია, რომ მამის ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად 1987 წლიდან დაფიქსირებულია ..., ... ქ.¹7, მაშინ როცა ასეთი რეგისტრაციის ადგილი ო. ნ-ოვს არ ჰქონია – რეგისტრირებული არ ყოფილა. გამოძიების მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის ხელმოწერა და მისამართი. გამოძიების მიერ დადგენილ იქნა, რომ ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის რეგისტრაციის ადგილად დაფიქსირებულია მხოლოდ ქ.თბილისი, ... ქუჩა, კორპუსი 2, ბინა 51. სხვა ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ბიუროს არ მოეპოვება.
გამოძიებისათვის მიცემული მ. თ-ძის ჩვენების თანახმად, ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის მამობის დადგენისას ამ უკანასკნელს ჰქონდა ორი პასპორტი, ერთი ქ.თბილისში ... ქუჩაზე ჩაწერით, მეორე კი წულუკიძეში ჩაწერით, რაც ყალბად გამოიყენა წულუკიძის მმაჩის ბიუროში მამობის დადგენისას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ო. ნ-ოვისათვის 1991 წლის ნოემბრის თვეში გამოტანილი განაჩენის შესაბამისად, სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაეთვალა ის გარემოება, რომ ჰყავდა ცერებრალური დამბლით დაავადებული მცირეწლოვანი შვილი. სასამართლოს დაადგინა, რომ სხვა შვილი ო. ნ.-ის ძე ნ-ოვს არ ჰყავდა. აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ ო. ნ.-ის ძე ნ-ოვისთვის ცნობილი იყო მისი შვილის ო. ო.ის ძე ნ-ოვის არსებობის ფაქტი და რომ ეს უკანასკნელი მისი შვილი იყო.
აღნიშნული გარემოება სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ქუთაისის საქალაქო საბჭოს მიერ ო. ნ.-ის ძე ნ-ოვიზე 1989 წლის 30 ნოემბერს გაცემული ორდერით, რომელშიც ო. ნ-ოვის ოჯახის წევრად მითითებული იყო მისი შვილი - ო. ო.ის ძე ნ-ოვი.
წულუკიძის აღმასკომის მიერ ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის სახელზე გაცემულ იქნა ორდერი 1985 წლის 20 მაისის თარიღით ... ... ქ.¹7-ში მდებარე ¹1 კორპუსში ¹10 ბინის გაცემის თაობაზე. ამ ორდერში ო.ნ-ოვის სამუშაო ადგილად მითითებულია ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
ხონის გამგეობის 2008 წლის 15 თებერვლის ცნობით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ... ქ.¹7-ში მდებარე, ¹1 კორპუსში ¹10 ბინის გაცემის თაობაზე. ამ ორდერში ო.ნ-ოვის საუშაო ადგილად მითითებულია ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
ხონის გამგეობის 2008 წლის 15 თებერვლის ცნობით დადგენილ იქნა, რომ ... ქ.¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ექსპლოატაციაში შევიდა 1979 წლიდან.
აღნიშნულ ბინაში ო.ნ-ოვი შესახლდა ჯერ კიდევ 1979 წელს, ხოლო ორდერი მიიღო შედარებით გვიან, სახლის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ 1985 წლის 20 მაისს.
დაბადების სააქტო ჩანაწერში აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა ო. ნ-ოვის ფაქტობრივ მისამართს და აღნიშნულ აქტში მისი მითითება, სასამართლომ არ მიიჩნია მისი ყალბად ცნობის საფუძვლად.
1990 წლის 3 მარტს მ. თ-ძის სახელზე გაცემული საბჭოთა პასპორტის ქსეროასლის შესაბამისად, დასტურდება, რომ 1989 წლის 5 დეკემბრიდან მ. თ-ძე ო. ნ.-ის ძე ნ-ოვთან ერთად ჩაწერილი იყო ქუთაისში, ... ქ.¹21-ში მდებარე ¹41 საცხოვრებელ ბინაში 1990 წლის 01 სექტემბრამდე. ამავე პასპორტის თანახმად მ.თ-ძე ო.ნ-ოვის მამის სახელზე რიცხულ ბინაში ჩაწერილი იყო 1991 წლის 08 მარტიდან.
ჯ. კ-ძის მიერ ო. ნ-ოვისადმი 1989 წელს გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც იგი თხოვდა შვილს მ.თ-ძეზე, როგორც მისი შვილის დედაზე დაქორწინებას. გარდა ამისა წარმოდგენილია აგრეთვე ჯ. კ-ძის მიერ ო. ნ-ოვისათვის 1995 წელს გაგზავნილი დეპეშა, რომლითაც ჯ. კ-ძე, როგორც ბებია, ბავშვს ულოცავს დაბადების დღეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს დეპეშა გაგზავნილია ქუთაისში, ... ქუჩაზე არსებული ზემოაღნიშნული სახლის მისამართზე და ბავშვს ბებია უგზავნის სწორედ ნ-ოვის გვარზე. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებები პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად და აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა ამ ფაქტების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ ჯ. კ-ძის სარჩელი დაბადების სააქტო ჩანაწერის ყალბად აღიარებაზე უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ამ ნაწილში.
ვინაიდან აღნიშნული არ იქნა ყალბად აღიარებული, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. მათ შორის არც ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების საფუძველი, რადგან ო. ო.ის ძე ნ-ოვი წარმოადგენდა მამკვიდრებელ ო. ნ.-ის ძე ნ-ოვის პირველი რიგის მემკვიდრეს და სამოქალაქო კოდექსი მას უფლებამოსილებას ანიჭებდა მიეღო მემკვიდრეობა, რაც განხორციელდა კიდეც მისი კანონიერი წარმომადგენლის – მეურვის მეშეობით.
პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო ურთიერთობას. 1983 წლისათვის მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის დედად ან მამად ჩაწერილ პირს უფლება ჰქონდა ჩანაწერი სადავოდ გაეხადა ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განსაზღვრული იყო იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება ჰქონდათ სადავოდ გაეხადათ ჩანაწერი. აღნიშნული უფლება ენიჭებოდა მხოლოდ მშობლებს (დედას ან მამას) და ასეთი უფლებამოსილებით სხვა პირები არ ყოფილან აღჭურვილნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში მამობის რეგისტრაციის ნამდვილობაზე დავის უფლება შეეძლო განეხორციელებინა მხოლოდ ო. ნ-ოვს, შესაბამისად, მითითებული მოთხოვნის უფლება მის მემკვიდრეებს არ გააჩნდათ და ო. ნ-ოვის დედა _ ჯ. კ-ძე არ წარმოადგენდა პირს, რომელსაც დავის აღძვრის უფლება ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების გათვალისწინებული საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-ძის წარმომადგენელმა მ. ჯ-ძემ, ნ. შ-შვილმა და ნ. კ-ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მამობის დადგენის მოწმობა, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მამობის დადგენის მოწმობა ადასტურებს მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის არსებობის ფაქტს, საიდანაც გამომდინარეობს, რომ თუკი მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო მოწმობა მაინც გაიცა, ის ყალბია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლეების _ ნ. შ-შვილისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ. შ-შვილსა და ნ. კ-ძეს დაუბრუნდეთ ჯ. კ-ძის წარმომადგენელ მ. ჯ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1286 ლარის 70% _ 900.2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.