ას-59-50-2011 10 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ლ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ბ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 20487 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის ქ.ბათუმში, ... ქ¹36-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ¹23, ¹24 ოთახებსა და სველ წერტილებზე საკუთრების უფლების გადაცემა შემდეგი საფუძვლებით: 1967 წლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია, ცხოვრობს და კომუნალურ გადასახადებს იხდის ქ.ბათუმში, ... ქ¹36-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომში, რომელიც მისმა მშობლებმა შეიძინეს შინაურული ხელწერილით სადგომის ძველ მესაკუთრე თ. ნ-ძისაგან.
მოპასუხე შეეცადა მისი მართლზომიერი მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას, რის შემდეგ ფ.ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სადგომის 75%-ის გადახდის შესახებ, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილა, რადგან სადგომის გამოსყიდვა მესაკუთრის უფლებაა და მას აღნიშნული უფლების რეალიზება არ მოუხდენია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს არ წარმოადგენს. მისი მშობლები შესახლებულ იქნენ მ. ნ-ძე-ჩ-ძის კუთვნილ სადავო სახლში მესაკუთრის ოჯახის რეპრესირების შემდეგ როგორც წითელარმიელები. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ 1921 წლიდან 1996 წლამდე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფ. ბ-ძეს ნ. ლ-ძის სასარგებლოდ 20487 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.ბათუმში, ... ქ¹36-ში მდებარე მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის ¹23 (43.76 კვ.მ), ¹24 (23 კვ.მ) ოთახები და სველი წერტილები (1.9 კვ.მ და 4.31 კვ.მ). მოპასუხეს ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.ლ-ძის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ.¹36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა თ.ა ნ-ძის საკუთრებას, რომლეც მან 1963 წელს საკუთრებაში გადასცა ნ. ლ-ძეს. სადავო ფართის ¹23, 24 ოთახებსა და სველ წერტილებს ჯერ კიდევ მოსარჩელის დაბადებამდე ფლობდნენ და რეგისტრირებული იყვნენ მისი მშობლები. აღნიშნულ ადგილზე 1 კვ.მ-ის ღირებულებაა 1200 აშშ დოლარი. ფ. ბ-ძე სადავო ფართში რეგისტრირებულია 1967 წლიდან და იხდის კომუნალურ გადასახადებს. ამავე მისამართზე ფ.ბ-ძეს ერიცხება ტელეფონი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 11 მუხლის «ა» პუნქტით, მე-2 მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობა უნდა დადასტურდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ.ბ-ძე სადავო ფართის მართლზომიერ მესაკუთრეს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ლ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ფ.ბ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოსარჩელის ნ.ლ-ძის კუთვნილი უძრავი ნივთიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ფ. ბ-ძის მამა _ ა.ბ-ძე იყო წითელარმიელი, შესაბამისად, იგი ვერანაირ გარიგებას ვერ დადებდა მ.ნ-ძესთან, რომელიც რეპრესირებული თ.ნ-ძის მეუღლე იყო.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ. «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეოთხე ნაწილი უსამართლოა და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე სადგომის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 11, მე-2 მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ლ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 5 იანვარს მის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ნ. ლ-ძეს (პირადი ¹61101089630) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.