Facebook Twitter

ას-595-561-2011 30 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «... ... ...» (წარმომადგენელი დ. ს-ი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ... ...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «... ... ...მ» მოპასუხე შპს «... ... ...ს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2122.20 ლარის დაკისრება.

სარჩელის თანახმად, მოპასუხემ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს «... ... ...მ» დროულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ ვერ შეძლო დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთების დროული მიღება და ვაგონების დაცლა. ამან გამოიწვია შესაბამისი ვაგონების მოცდენა 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის თებერვლის პერიოდში, რის გამოც 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის მოპასუხეს დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთი შენახვის ხარჯები 2122.20 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 1-12).

საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მიერ არ იყო გაშვებული ხანდაზმულობის ვადა, რამდენადაც ეს ვადა შეწყდა 2009 წლის 2 ივნისს, როდესაც შპს «... ... ...მ» დავალიანების დაფარვის მოთხოვნით წერილით მიმართა მოპასუხეს (ტომი 1, ს.ფ. 103-106).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «... ... ...ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

2007 წლის 3 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა აქტი 01.2007-03.2007 წლის პერიოდზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა, რომ 01.04.2007 წლის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 6628.05 ლარი;

2007 წლის 10 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა აქტი 04.2007-11.2007 წლის პერიოდზე, რომლითაც განსაზღვრული იქნა, რომ 01.12.2007 წლის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 6518.91 ლარი;

17.01.2008 წელს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხულ იქნა 6518.91 ლარი, რომლის დანიშნულებადაც განისაზღვრა აუთვისებელი თანხების დაბრუნება;

02.06.2009 წელს მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილ იქნა წერილი, რომელშიც აღინიშნა, რომ 2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს მის მიმართ ერიცხებოდა სარკინიგზო მომსახურების დებიტორული დავალიანება თანხით 2126.20 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2008 წლის ივლისის თვეში და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ დაფარვა;

მოსარჩელეს მოპასუხის მიერ 2009 წლის 12 ივნისის წერილით ეცნობა, რომ მათ 2007 წლიდან შეწყვეტილი აქვთ ეკონომიკური საქმიანობა, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობათ მათ, ასევე მათი ლიკვიდაციის შესახებ გამოცხადდა პრესაშიც, მათ საგადასახადო ინსექციაში წარადგინეს სალიკვიდაციო ბალანსიც; წერილში ასევე აღინიშნა, რომ მათ შორის ბოლო შედარების აქტი გაფორმდა 2007 წლის 10 დეკემბერს და მათ 2007 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღიარებული აქვთ დავალიანება 6518.91 ლარის ოდენობით, რომელიც მათ კომპანიას ჩაერიცხა მოსარჩელის მიერ 2008 წლის 17 იანვარს; მოპასუხემ წერილში აღნიშნა, რომ 2008 წლის ივლისში მათ ვერ წარმოექმნებოდათ დავალიანება და სთხოვეს მოსარჩელეს გადაემოწმებინა შესაბამისი ინფორმაცია;

მხარეებს შორის, 2006 წლის 23 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება ... ... ...ზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი ვაგონების მოცდენას 2006 წლის ოქტომბრიდან _ 2007 წლის თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო საქმეში განთავსებულ სამახსოვროებს (ტომი 1, ს.ფ. 20-66), აგრეთვე, ინფორმაციას მოპასუხისათვის 24 საათზე მეტი მომსახურების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 17-19).

საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი 2009 წლის 2 ივნისს გაგზავნილი წერილი, არ მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად.

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნული წერილი, მოპასუხის საპასუხო წერილის შინაარსის გათვალისწინებით არ წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყეტის საფუძველს. დასახელებული წერილი ეხებოდა სხვა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებას. სასამართლომ განმარტა, რომ, მოპასუხეს არც გადახდით, არც სხვაგვარად არ უღიარებია აღნიშნული მოთხოვნა, თუნდაც საუბარი ყოფილიყო იგივე მოთხოვნაზე. უფრო მეტიც, საპასუხო წერილში მიუთითა, რომ მას შეწყვეტილი ჰქონდა შესაბამისი საქმიანობა, რის გამოც ვერ მიიღებდა შესაბამის მომსახურებას ხსნებულ პერიოდში. ამასთან, აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ გაფორმებული 2007 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შედარების აქტები, რომლითაც მოსარჩელეს ერიცხებოდა მის მიმართ კრედიტორული დავალიანება, რომლის გადახდაც მოხდა 2008 წლის 17 იანვარს და სთხოვა გადაემოწმებინა შესაბამისი ინფორმაცია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,... ... ...მ” სარჩელი აღძრა 2010 წლის 2 ივლისს, ხოლო მას შესაბამისი თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის მარტიდან, რამდენადაც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, ვაგონების მოცდენას ადგილი ჰქონდა 2007 წლის თებერვლის ჩათვლით, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის უნდა მიემართა 2010 წლის აპრილამდე, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ხანხაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის დამადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი და განმარტა, რომ მოპასუხეს არც წერილობით და არც სხვაგვარად არ უღიარებია შესაბამისი დავალიანება, რის გამოც შპს ,,... ... ...ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა კანონის შემდეგი ნორმებით:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილას. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთმფლობელს ეკისრება ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდამდე ვაგონის დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამ პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან ... ... ...ს გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზეც ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს ... ... ...ს სატარიფო პოლიტიკით დადგენილი საფასური.

სასამართლომ, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიიჩნია 2006 წლის იანვარში გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვაგონის მოცდენას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2007 წლის თებერვლის ბოლოს, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2010 წლის 2 ივლისს.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე; 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რაც შეიძლება სასამართლოს მიერ მიჩნეულიყო სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად (ტომი 1, ს.ფ. 110-117).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «... ... ...მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 122-132).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში შპს ,,... ... ...ის” მიერ დასახელებული გარემოებები, რაც შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2006 წლის იანვარში გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ვაგონის მოცდენას ადგილი ჰქონდა 2007 წლის თებერვლის ბოლოს და მოთხოვნის უფლებაც ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს, მან კი სარჩელი აღძრა 2010 წლის 2 ივლისს.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე; 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 2 ივნისის წერილით შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული წერილი, მოპასუხის საპასუხო წერილის შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყეტის საფუძველს და წერილი ეხებოდა სხვა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებას.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,... ... ...მ” სარჩელი აღძრა 2010 წლის 2 ივლისს, ხოლო მას შესაბამისი თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის მარტიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო (ტომი 2, ს.ფ. 26-37).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «... ... ...მ» საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:

შპს «... ... ...მ» 2006 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2007 წლის იანვარ-თებერვალში განახორციელა შპს «... ... ...ს» კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა. ამ გადაზიდვების განხორციელებისას, მოპასუხის მიზეზით ადგილი ჰქონდა დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონების მოცდენას, რის გამოც ... ... ... ითხოვს მოპასუხისათვის 24 სთ-ზე მეტი მომსახურების გაწევის (ვაგონით სარგებლობისა და ტვირთის შენახვის ხარჯები) საფასურის, 2122.20 ლარის დაკისრებას. სარკინიგზო კოდექსის რიგი ნორმები (საუბარია სარკინიგზო კოდექსის 47-ე მუხლზე, 22-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე) იმპერატიულად ადგენენ დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთის დაგვიანებით მიღებისა და ვაგონის დაყოვნების (მოცდენის) გამო მოპასუხის, როგორც ტვირთმიმღების ქონებრივ პასუხისმგებლობას. სწორედ ეს ნორმები წარმოადგენენ შპს «... ... ...ის» სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმები და დაეკმაყოფილებინა შპს «... ... ...ის» სარჩელი.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, რამდენადაც საქმის მასალებით, კერძოდ, შპს «... ... ...ის» 2009 წლის წერილით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს დავალიანების გადახდის თაობაზე, რითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს «... ... ...ის» წერილში მითითებულია დავალიანების დაფარვა 2008 წლის ივლისის პერიოდზე, ხოლო სადავოს წარმოადგენს 2006 წლის დავალიანება. შპს «... ... ...» დავალიანების დაფარვას ითხოვდა მხოლოდ იმ პერიოდზე, რაც სარჩელშია მითითებული და რაც მოპასუხეს 24 საათზე მეტი მომსახურეობისათვის ვაგონით სარგებლობის გამო ერიცხებოდა 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის თებერვლის ჩათვლით (ტომი 2, ს.ფ. 42-50).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით შპს «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს «... ... ...ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.