ბს-1176-1004-კ-04 23 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 ნოემბერს ქუთაისის .......... პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭომ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ არსებული საწევრო ანარიცხების დავალიანების _ 1346,41 აშშ დოლარის ყოფილი სახაზინო საწარმო “ს-ის” სამართალმემკვიდრე შპს “ა-ასათვის” დაკისრების შესახებ გადახდის ბრძანების გაცემა, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ და 2001წ. 13 ნოემბრის გადახდის ბრძანებით, შპს “ა-ას” ქუთაისის ...... პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭოს სასარგებლოდ 1346,41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
2001წ. 5 დეკემბერს შპს “ა-ამ” შესაგებლით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადახდის ბრძანების გაუქმება და დავის საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილვა მოითხოვა.
შესაგებლის ავტორის მითითებით, სადავო ბრძანების გამოცემისას სასამართლოს არ შეუმოწმებია, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის აღძვრის უფლება. “პროფესიული კავშირების შესახებ” 1997წ. 2 აპრილის კანონის შესაბამისად უნდა დადგინდეს განმცხადებლის სტატუსი. გარდა ამისა, დაზუსტდეს, კონკრეტულად რომელი წლების დავალიანების დაფარვას ითხოვს განმცხადებელი, რადგან 1997 წლამდე მოქმედი სკ-ის 75-ე მუხლი ითვალისწინებდა ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, სადავო თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს შპს “ა-ას”, რადგან მას მხოლოდ იჯარით აქვს აღებული და არ შეუძენია “ს-ის” ქონება, რის გამოც არ წარმოადგენს “ს-ის” სამართალმემკვიდრეს.
შპს “ა-ას” მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ და 2001წ. 7 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის გადახდის ბრძანება, ხოლო 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ _ ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო ჩაება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის ........ პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 1345,41 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთასიის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო თანხის გადახდის დაკისრება შპს “ა-ისათვის”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინებით ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ “ს-ის” უფლებამონაცვლეობის საკითხის დაუდგენლობის მოტივით.
სააპელაციო წარმოების დროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაერთო ქუთაისის მერია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “ა-ას”, შორის დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება სახაზინო საწარმო “ს-ის” ქონებაზე, რაც “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია “ს-ის” კრედიტორული დავალიანების _ 1345,41 ლარის არსებობის ფაქტი პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის მიმართ. პალატამ დადასტურებულად ცნო ის გარემოებაც, რომ საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტით შპს “ა-ამ” მიიღო “ს-ის” უძრავ-მოძრავი ქონება, მაგრამ სააპელაციო პალატის განმარტებით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს “ა-ას” არ მიუღია, თუმცა მას სრულად აქვს გადახდილი იჯარა-გამოსყიდვის თანხა, ხოლო სკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც არ იქნა დაცული შპს “ა-ას” მიერ. იგი ქონების მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ შპს “ა-ა” არ მიიჩნია “ს-ის” სამართალმემკვიდრედ, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, მას მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ ეკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინების გაუქმება და ქუთაისის ......... პროფკავშირის მიმართ “ს-ის” კრედიტორული დავალიანების _ 1345,41 ლარის გადახდის დაკისრება შპს “ა-ისათვის”.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მითითება “ს-ის” სამართალმემკვიდრის დადგენის შესახებ, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ ვის უნდა დაეკისროს “ს-აზე” რიცხული კრედიტორული დავალიანების გადახდა.
კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ შპს “ა-ა” არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში “ს-ის” ქონების მესაკუთრედ, არ შეიძლება გახდეს მის მიერ ქონების პრივატიზების უარყოფის საფუძველი, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ უძრავი ნივთების შეძენისათვის, რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, მასზე საკუთრების უფლების დადასტურებას საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ სჭირდება. შესაბამისად, კასატორის აზრით, მიღება-ჩაბარების აქტით “ს-ის” მოძრავი ქონების გადაცემის შემდეგ შპს “ა-ა” უდავოდ წარმოადგენს მის მესაკუთრეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ქუთაისის .......... პროფკავშირის საქალაქო საბჭოს სარჩელი. დაკმაყოფილდეს და მის სასარგებლოდ შპს “ა-ას” შემდეგი მოტივით დაეკისროს პროფკავშირული საწევრო ანარიცხების დავლიანების _ 1345,41 ლარის გადახდა.
ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის ......... პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭოს მიმართ არსებული დავალიანების ყოფილი სახაზინო საწარმო “ს-ის” სამართალმემკვიდრე შპს “ა-ისათვის” დაკისრებას, რაც, საკასაციო პალატის აზრით, გაზიარებული უნდა იქნეს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ პროფკავშირების საქალაქო კომიტეტის მიმართ არსებული სახაზინო საწარმო “ს-ის” კრედიტორული დავალიანება შეადგენს 1345,41 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით და რასაც მხარეები არც უარყოფენ.
საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 1989წ. 24 დეკემბერს სახაზინო საწარმო “ს-ის” უძრავ-მოძრავი ქონება პრივატიზებულ იქნა შპს “ა-ის” მიერ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით, რაზეც ამავე წლის 31 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის მე-5.5 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში მოიჯარე შპს “ა-ა” გახდებოდა საიჯარო ქონების მესაკუთრე. 1999წ. 4 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, შპს “ა-ამ” ჩაიბარა სახაზინო საწარმო “ს-ის” უძრავ-მოძრავი ქონება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ შპს “ა-ამ” სრულად გადაიხადა იჯარა-გამოსყიდვის თანხა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ შპს “ა-ა” არ მიიჩნია “ს-ის” სამართალმემკვიდრედ იმ მოტივით, რომ შპს “ა-ას” სახელზე არ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ეს უკანასკნელი “ს-ის” ქონების მესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს საკასაციო საჩივარს. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას ხდება მისი განსახელმწიფოებრიობა, რომლის დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი გაერთიანებები იძენენ სახელმწიფო საკუთრების უფლებას, რაც გულისხმობს არა მარტო ქონებრივი უფლებების (აქტივების), არამედ მოვალეობების (პასივების) შეძენას.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში შპს “ა-ა”, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით სახაზინო საწარმო “ს-ის” ქონების იჯარა-გამოსყიდვის თანხის გადახდის შემდეგ, “ს-ის” უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე გახდა. “სახელმწიფო პრივატიზების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად კი “სახელმწიფო ქონების მყიდველი ხდება შეძენილი ქონების სამართალმემკვიდრე” და მასზე გადადის წინამორბედი იურიდიული პირის როგორც უფლებები, ასევე _ მოვალეობებიც. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, საკუთრების მოწმობის გაუცემლობის გამო, შპს “ა-ას” მესაკუთრედ არცნობის შესახებ, რადგან საკუთრების მოწმობის გაცემა არ წარმოადგენს იურიდიული პირის სამართალმემკვიდრეზე საკუთრების უფლების გადასვლის აუცილებელ პირობას.
ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ა-ა” წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმო “ს-ის” სამართალმემკვიდრეს, რის გამოც მას ეკისრება “ს-ის” დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, მათ შორის, ქუთაისის ......... პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭოს მიმართ არსებული პროფკავშირული საწევრო ანარიცხების დავალიანების _ 1345,41 ლარის გადახდის ვალდებულება, რომლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ საკონკურსო განცხადებაში იყო მითითებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება სადავო თანხის ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის დაკისრების შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქუთაისის .......... პროფკავშირის თავმჯდომარეთა საქალაქო საბჭოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს “ა-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1345,41 ლარის გადახდა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.