¹ ას-598-564-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი/მ ე. ხ-შვილი, ი. ხ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ ე. ხ-შვილისა და ი. ხ-შვილის მიმართ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციისა და ვალდებულების შესრულების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 47635,49 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, ....¹19-ში მდებარე ი. ხ-შვილის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ბინა.
საქალაქო სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემული დავის განხილვა საქალაქო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო მოპასუხეთა შუამდგომლობების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ი. ხ-შვილი, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დროის, ადგილისა და სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ე. ხ-შვილი, რომელმაც უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ არ ჰყავდა დამცველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ ე. ხ-შვილს კანონით დადგენილი წესით განუმარტა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შინაარსი. ე. ხ-შვილს ასევე განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების შესახებ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მან დატოვა სხდომის დარბაზი.
მოსარჩელე სს «... ბანკის” წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ გაითვალისწინა, რომ წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით 2009 წლის 11 სექტემბერს შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო ერთხელ უკვე მიღებულ იქნა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს «... ბანკის” სარჩელი დააკმაყოფილა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 232-ე, 233-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ რაიმე პირობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის მოთხოვნათა დაცვით. პალატამ ასევე ჩათვალა, რომ მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაასაბუთა. ქ.თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ¹... ბარათით, 2010 წლის 25 მარტს ი. ხ-შვილის მიერ გამოძახებულ იქნა სამედიცინო დახმარება, თუმცა ამავე ცნობაში არაფერია ნათქვამი მოპასუხის 26 მარტს დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზიას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე 317-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 286-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე და 873-ე მუხლებზე და ამავე სამართლებრივი საფუძვლებით, მიიჩნია მოთხოვნა იურიდიულად დასაბუთებულად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი/მ ე. ხ-შვილმა და ი. ხ-შვილმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლო. საქმე განხილულ იქნა საპროცესო დარღვევებით, არ იქნა ჩაბმული სათანადო მესამე პირები _ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები.
სააპელაციო სასამართლომ საქმე ისე განიხილა, რომ კასატორები კანონით დადგენილი წესით სხდომაზე არ მიუწვევია. ამასთან, პალატამ ვერ უზრუნველყო სამი დღის ვადაში სასამართლო სხდომის ოქმის მომზადება და მხარისათვის გადაცემა.
გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ი/მ ე. ხ-შვილისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი/მ ე. ხ-შვილისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი/მ ე. ხ-შვილსა და ი. ხ-შვილს სოლიდარულად უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ხ-შვილის მიერ 2011 წლის 14 აპრილსა და 18 მაისს გადახდილი 2454 ლარის 70% _ 1717,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი/მ ე. ხ-შვილისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ი/მ ე. ხ-შვილსა (პირადი ¹...) და ი. ხ-შვილს (პირადი ¹...) სოლიდარულად დაუბრუნდეთ შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1717,8 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.