Facebook Twitter

ას-599-562-2010 1 დეკემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს პარლამენტი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ბ. ჩ-იანი, ი. ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “საქართველოს ფოსტა” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 6 ივნისს შპს “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პრალამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხისათვის 23 425 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, შპს “საქართველოს ფოსტა” საქართველოს პარლამენტს საფოსტო მომსახურებას უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მომსახურების საფასურს იხდიდა, მას დავალიანება მაინც დაუგროვდა, რომელმაც 2007 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 23 425 ლარი შეადგინა. დავალიანების არსებობა დადასტურებულია მხარეებს შორის შემდგარი 2007 წლის 28 თებერვლისა და იმავე წლის 5 სექტემბრის ურთერთანგარიშსწორების ბუღალტრული შედარების აქტებით. 2007 წლის 20 მარტს მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მიმართა, რასაც მოპასუხეც დაეთანხმა და მათ შორის ურთერთშედარების აქტები შედგა, რომელთა მეშვეობითაც აღიარებულია დავალიანების არსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს ფოსტის” სარჩელი დაკმყოფილდა, საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 23425 ლარისა და 60 თეთრის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. შპს “საქართველოს ფოსტასა” და საქართველოს პარლამენტს შორის არსებობს ზეპირი ხელშეკრულება საფოსტო მომსახურების შესახებ;

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის მიმართ 23 425,60 ლარის ოდენობის დავალინება გააჩნია, რომელიც 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით გადაუხდელ თანხებს მოიცავს. 1999 წლის დავალიანება შეადგენს 5867, 34 ლარს, 2000 წლის - 133,26 ლარს, 2001 წლის - 3577,68 ლარს, 2002 წლის-5570, 75 ლარს, 2003 წლის- 2004,74 ლარს, 2004 წლის- 4111,20 ლარს და 2005 წლის- 2160, 41 ლარს;

3. შპს “საქართველოს ფოსტას” შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები;

4. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გოჩა მარტინენკოს 2007 წლის 28 მარტის ¹4802/3-1/552 წერილი, რომლის მიხედვითაც აპარატის უფროსი “თბილისის ფოსტის” 2007 წლის 20 მარტის ¹07-110 წერილის პასუხად ადრესატს აცნობებს, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატმა, საქართველოს მთავრობის გასული წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტროს დროულად წარუდგინა რეგისტრირებული კრედიტორების სია (მათ შორის “თბილისის ფოსტის” დავალიანება _ 23425.60 ლარი). საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დღემდე შესაბამისი ასიგნებები გამოყოფილი არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად, “თბილისის ფოსტის” მიმართ რიცხული დავალიანების დაფარვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად;

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სადავო მხოლოდ სასარჩელო მოთხვნის ხანდაზმულობის საკითხი იყო. ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის საფუძველი მხარეთა შორის არსებული საფოსტო მომსახურების შესახებ ზეპირი ხელშეკრულება იყო, შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპარატის უფროსის ზემომითითებული წერილი ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენდა, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2007 წლის 28 მარტს თავიდან დაიწყო, სარჩელი კი 2008 წლის ივნისში აღიძრა. რაც შეეხება იმ გარემოებას, იყო თუ არა აპარატის უფროსი უფლებამოსილი პარლამენტის სახელით ვალდებულება ეღიარებინა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება პარლამენტის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით. პარლამენტის აპარატის ფუნქციაა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიები და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება. 256-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან პარლამენტის აპარატის ფუნქციას პარლამენტის ბიუროს საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პარლამენტის აპარატის უფროსს, როგორც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, კანონით დელეგირებული ჰქონდა პარლამენტის სახელით ვალდებულების აღიარების უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საქართველოს პარლამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყინა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “საქართველოს ფოსტის” სასარჩელო მოთხოვნა 1999 წელსაა წარმოშობილი სარჩელი კი 2008 წლის ივნისშია აღძრული. გარდა ამისა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა უშუალოდ ვალდებულების შესრულებას შეეხება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. სასამართლომ კი, აპარატის უფროსის წერილი ვალის აღიარებად არასწორად მიიჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. შპს “საქართველოს ფოსტასა” და საქართველოს პარლამენტს შორის არსებობს ზეპირი ხელშეკრულება საფოსტო მომსახურების შესახებ;

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის მიმართ 23 425,60 ლარის ოდენობის დავალინება გააჩნია, რომელიც 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით გადაუხდელ თანხებს მოიცავს. 1999 წლის დავალიანება შეადგენს 5867, 34 ლარს, 2000 წლის - 133,26 ლარს, 2001 წლის - 3577,68 ლარს, 2002 წლის-5570, 75 ლარს, 2003 წლის- 2004,74 ლარს, 2004 წლის- 4111,20 ლარს და 2005 წლის- 2160, 41 ლარს;

3. შპს “საქართველოს ფოსტას” შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები;

4. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გოჩა მარტინენკოს 2007 წლის 28 მარტის ¹4802/3-1/552 წერილი, რომლის მიხედვითაც აპარატის უფროსი “თბილისის ფოსტის” 2007 წლის 20 მარტის ¹07-110 წერილის პასუხად ადრესატს აცნობებს, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატმა, საქართველოს მთავრობის გასული წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტროს დროულად წარუდგინა რეგისტრირებული კრედიტორების სია (მათ შორის “თბილისის ფოსტის” დავალიანება _ 23425.60 ლარი). საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დღემდე შესაბამისი ასიგნებები გამოყოფილი არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად, “თბილისის ფოსტის” მიმართ რიცხული დავალიანების დაფარვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ პარლამენტის აპარატის უფროსის 2007 წლის 28 მარტის წერილი ვალის აღიარების ხელშეკრულებაა.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთგზის აქვს განმარტებული, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დაგდენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პარლამეტის აპარატის უფროსის 2007 წლის 28 მარტის წერილი ვალის აღიარების ხელშეკრულება არაა, რადგანაც მისი შინაარსიდან არ ირკვევა, რომ მხარეები თუნდაც რომელიმე პირობაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული წერილი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის სხვა ფორმით აღიარების პირობებსაც არ აკმაყოფილებს.

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის “სხვაგვარ აღიარებად” მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებიმისერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული. განსახილველ შემთხვევაში, სადავო წერილში პირდაპირ არსადაა მითითებული, რომ პარლამენტი მოსარჩელის მოთხოვნას აღიარებს და აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას თავის ვალდებულებად მიიჩნევს. წერილის შინაარსი (იხ. ზემოთ, პუნქტი 4), სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გაგებული, მათ შორის იმგვარადაც, რომ პარლამენტი შპს “საქართველოს ფოსტის” პრეტენზიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უმისამართებს. იმის გათვალისწინებით, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება ბუნდოვანია, ზემომითითებული წერილი მოთხოვნის აღიარებად ვერ ჩაითვლება.

ვინაიდან აღნიშნული წერილი თავისი შინაარსით საერთოდ არ არის ვალის აღაირება, იმ საკითხის გარკვევას, იყო თუ არა პარლამენტის აპარატის უფროსი უფლებამოსილი პარლამენტის სახელით დავალიანების არსებობა ეღიარებინა, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდესის 137-ე და 341-ე მუხლები, აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორადაა დადგენილი და არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკლვლევის აუცილებლობა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 28 მარტის წერილი ვალის აღიარებას არ წარმოადგენს, შპს “საქართველოს ფოსტის” მოთხოვნის მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი არ ყოფილა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის დავალიანება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას განეკუთვნებოდა, კერძოდ, ყოველი წლისათვის გაწეული მომსახურებისათვის საფასური ცალკე უნდა ყოფილიყო გადახდილი. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “საქართველოს ფოსტას” მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანება შეიძლება აუნაზღაურდეს. ვინაიდან სარჩელი 2008 წელსაა აღძრული, საქართველოს პარლამენტს მხოლოდ 2005 წლის დავალიანების - 2160, 41 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

მოცემულ შემთხვევაში შპს “საქართველოს ფოსტას” პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 702,75 ლარი. ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70,25 ლარი უნდა აუნაზღაუროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. შპს “საქართველოს ფოსტის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს პარლამენტს დაეკისროს შპს “საქართველოს ფოსტის” სასარგებლოდ 2160, 41 ლარი;

5. საქართველოს პარლამენტს ასევე დაეკისროს შპს “საქართველოს ფოსტის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70,25 ლარის ანაზღაურება;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.