Facebook Twitter

ას-600-566-2011 27 ივნისი, 2011 წელი

F თბილისი

FF

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ Fლ. დ-ია (წარმომადგენელი ჯ. მ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-ი F

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. დ-მ მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ქონების ნატურით გადაცემაზე უარის თქმის შესახებ 2009 წლის 2 ივნისის გარიგების (განცხადების) ბათილად ცნობა;

ბ. კრედიტორად აღდგენა (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა).

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის «...ის’’ 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-იას და მ. მ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. ს-ს დაეკისრა 18000 აშშ დოლარის გადახდა. იმის გამო, რომ მოვალემ თანხა ნებაყოფლობით არ გადაიხადა, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ბიუროში ვ. ა-ის მოთხოვნის საფუძველზე ასევე მიმდინარეობდა სააღსრულებო საქმის წარმოება იმავე მოვალის _ რ. ს-ის მიმართ. ვინაიდან ვერ მოხერხდა მოვალის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, უნდა მომხდარიყო მითითებული ქონების ნატურით კრედიტორების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ქმედების განხორციელებისათვის საჭირო იყო აღსრულების ხარჯების წინასწარ გაღება, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 3950 აშშ დოლარს. თითოეულ კრედიტორს დასახელებული თანხიდან უნდა გადაეხადა თავისი წილის პროპორციული თანხა. აღმასრულებლის გაანგარიშებით, ლ. დ-იას წილი განისაზღვრა 1369.09 აშშ დოლარითა და 30.03 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღმასრულებელმა მოითხოვა თანხის სასწრაფოდ ანაზღაურება, რისი საშუალებაც ლ. დ-იას არ აღმოაჩნდა. მან ითხოვა თანხის გადახდის გადავადება ორი დღით, თუმცა მოპასუხე ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ვ. ა-ის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე აღმასრულებელი იძულებული გახდა ლ. დ-იასათვის მოეთხოვა ხელწერილის დაწერა, რომ იგი უარს აცხადებდა რ. ს-ის ქონების ნატურით გადაცემაზე, რადგან არ ჰქონდა განსხვავებული საფასურის გადახდის საშუალება და აღსრულებაზე პრეტენზია არ გააჩნდა. ვ. ა-მა ფსიქიკური ზეწოლის, შანტაჟისა და მოტყუების გზით აიძულა ლ. დ-ია უარი ეთქვა თავის წილზე (ტომი I, ს.ფ. 3-12).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ლ. დ-იას მისამართით არასდროს ჰქონია ადგილი რაიმე სახის მუქარას, მოსარჩელემ საკუთარი ნებით დაწერა სადავო ხელწერილი. შესაბამისად, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 47-54).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 11 სექტემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოვალე რ. ს-ს ვ. ა-ის სასარგებლოდ 2007 წლის 14 ოქტომბრამდე დაეკისრა 16300 აშშ დოლარის და 700 ლარის გადახდა. მოვალეს ასევე დაეკისრა 15000 აშშ დოლარის გადახდა და 2007 წლის 12 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 45 აშშ დოლარი, რ. ს-ს ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელი 500 ლარი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკით დატვირთული ბინა, თბილისში, დიდი დიღმის ... კორპუსში მდებარე ბინა ...;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით 2007 წლის 16 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის «...-ის’’ 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-იას და მ. მ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია რ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ლ. დ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2006 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 19.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 429 ლარი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2008 წლის 20 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორების ლ. დ-იას და მ. მ-ას მიერ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების დაწყების მიზნით წარდგენილია თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2008 წლის 24 ივნისს;

2009 წლის 2 ივნისს ლ. დ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ. ქ.-ს და განმარტა, რომ ვინაიდან არ გააჩნია სახსრები უარს ამბობს მოვალე რ. ს-ის უძრავი ქონების ნატურით გადმოცემაზე;

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 9 ივნისის ¹... განკარგულების საფუძველზე, მოვალე რ. ს-ის სახელზე რიცხული ბინა მეორე უშედეგო აუქციონის შემდეგ, კრედიტორების განცხადების საფუძველზე გადაეცათ ვ. ა-ს და მ. მ-ას.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სადავო გარიგების შედგენის მომენტში ლ. დ-იას მიმართ მოპასუხის მიერ განხორციელებული ფსიქიკური ზეწოლის და იძულების შესახებ, არ დასტურდებოდა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა გასაჩივრებული გარიგების შედგენის მიზნით ლ. დ-იას მოტყუების ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ბათილად ცნობა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობისას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დეფინიციით გასაჩივრებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, რომელმაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივი საფუძვლები ვერ დაასახელა.

საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 85-ე, 86-ე მუხლებით, ასევე «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე, 34-ე მუხლებით.

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ლ. დ-იამ ვერ დაადასტურა, სადავო გარიგების დადებისას მის მიმართ რაიმე სახის იძულების განხორციელების ფაქტი. მოსარჩელემ მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მოტყუებად.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელს, გარდა ამ კანონის 31-ე, 34-ე, 35-ე, და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ” და «დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო მოქმედებების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია კრედიტორის მიერ გადახდევინებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ლ. დ-იამ მის მიერ რეალურად გამოვლენილი ნების საფუძველზე უარი თქვა მოვალის მიმართ შემდგომი სააღსრულებო მოქმედებების გაგრძელებაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ლ. დ-იას მოთხოვნა მისი კრედიტორად აღდგენის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 93-98).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 102-111).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით ლ. დ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე დადგენილად მიიჩნია, შემდეგი:

2007 წლის 11 სექტემბრის სარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოვალე რ. ს-ს ვ. ა-ის სასარგებლოდ 2007 წლის 14 სექტემბრამდე დაეკისრა 16300 აშშ დოლარის და 700 ლარის გადახდა. მოვალეს ასევე დაეკისრა 15000 აშშ დოლარის გადახდა და 2007 წლის 12 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 45 აშშ დოლარი, რ. ს-ს დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელი 500 ლარი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკით დატვირთული ბინა, თბილისში, დიდი დიღმის ... კორპუსში მდებარე ბინა ...;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2007 წლის 16 ოქტომბერს გაიცა საარსრულებო ფურცელი;

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის «...” 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-იას და მ. მ-ას პრეტენზია რ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ლ. დ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2006 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 19.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 429 ლარი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2008 წლის 20 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორების ლ. დ-იასა და მ. მ-ას მიერ წარდგენილია თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2008 წლის 24 ივნისს;

2009 წლის 2 ივნისს ლ. დ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ. ქ-ს და განმარტა, რომ ვინაიდან არ გააჩნია სახსრები (,,..განსხვავება ან საფასურის გადახდის საშუალება...”) უარს ამბობს მოვალე რ. ს-ის უძრავი ქონების ნატურით გადმოცემაზე;

2009 წლის 9 ივნისის განკარგულების საფუძველზე, მოვალე რ. ს-ის სახელზე რიცხული ბინა მეორე უშედეგო აუქციონის შემდეგ, კრედიტორების განცხადების საფუძველზე გადაეცათ ვ. ა-ს და მ. მ-ას.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სარჩელის გარემოებები სადავო განცხადების შედგენის მომენტში ლ. დ-იას მიმართ მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ფსიქიკური ზეწოლის და იძულების შესახებ, ასევე გასაჩივრებული გარიგების (განცხადების) შედგენის მიზნით ლ. დ-იას მოტყუების თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მითითებული, მოსარჩელის იძულებისა და მოტყუების სადავო გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული სააპელაციო სასამართლოში აპელანტის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, მ. მ-ას ჩვენებითაც.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება, რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას, მაშინაც როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება (სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლი).

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო გარიგების იძულებით დადებისა და გარიგების დადებისას მოსარჩელის მოტყუების გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ 2009 წლის 2 ივნისს ლ. დ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ. ქ-ს და განმარტა, რომ ვინაიდან არ გააჩნია სახსრები, უარს ამბობს მოვალე რ. ს-ის უძრავი ქონების ნატურით გადმოცემაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, როგორც კრედიტორის უარი შემდგომი სააღსრულებო მოქმედებების გაგრძელებაზე მოვალე რ. ს-ის მიმართ, რაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო მოქმედებათა შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

საპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება განსახილველი დავის გადაწყვეტისას უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის მუხლების გამოყენების შესახებ და აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართ ლ. დ-იას 2009 წლის 2 ივნისის განცხადების, როგორც იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა და კრედიტორად აღდგენა, როგორც ბათილობის თანმდევი შედეგი, რაც უნდა მოწესრიგებულიყო გარიგების ბათილობის შესახებ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ამდენად, საპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მითითებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული (ტომი II, ს.ფ. 32-39).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნა შემდეგ მოტივებს ემყარება:

სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენება გამოიყენა აპელანტის საწინააღმდეგოდ და მოპასუხის მხრიდან ლ. დ-იას მოტყუების ფაქტი არ გაიზიარა. კასატორისათვის გაუგებარია, როგორ მიიჩნია სასამართლომ ნორმალურ საქციელად მოსარჩელის მიერ კუთვნილ 18000 აშშ დოლარიან წილზე უარის თქმა ა-ს სასარგებლოდ, რატომ არ დაინტერესდა, რით იყო განპირობებული აღნიშნული უარი. წილზე უარის თქმის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო: ა. ლ. დ-იას შეურაცხადობა, ან მისი შეურაცხადობა უშუალოდ შეთანხმების დადების დროს; ბ. მასზე ფსიქიკური ზემოქმედება; გ. მოსარჩელის მოტყუება. თითოეული მათგანი გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დასახელებულ სამივე მიზეზს. შეურცხადობის ფაქტს შეიძლება ადგილი ჰქონოდა იმის გამო, რომ ლ. დ-ია დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, ხოლო სტრესის დროს შაქრის შემცველობა ორგანიზმში მატულობს და ამ დროს პირი ვერ აცნობიერებს თავის მოქმედებას. აღნიშნულზე მეტყველებს მოსარჩელის განცხადება, რომელშიც უამრავი შეცდომაა დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი მას ტექსტს კარნახობდა. ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ზემოქმედებასაც. ვ. ა-მა გამოიყენა ლ. დ-იას მერყევი და სუსტი ხასიათი, დაარწმუნა იგი, რომ თუ ქონების ნატურით გადაცემა არ მოხდებოდა იმ მიზეზით, რომ იგი არ გადაიხდიდა სავალდებულო სააღსრულებო მოსაკრებელს 7%-ის ოდენობით, პასუხისმგებლობა როგორც მატერიალური, ისე მორალური თვალსაზრისით, მთლიანად მას დაეკისრებოდა. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მოპასუხის გავლენის ქვეშ მოექცა, ა-მა სიტუაციის განმუხტვის მიზნით იგი დაარწმუნა, რომ ბინის რეალიზაციის შემდეგ თავის კუთვნილ წილს სრულად მისცემდა. ამდენად, სახეზე გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 81-84-ე და 85-89-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც სადავო გარიგების ბათილობის აბსოლუტური საფუძველია;

საქმის არსიდან გამომდინარე, მოცემულ ვითარებაში ადგილი აქვს მოტყუებას მესამე პირის მხრიდან. სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სარგებლის მიმღებ პირს წარმოადგენს აღმასრულებელი, მესამე პირად კი ითვლება ის პირი, რომელსაც მხარეთა შორის დადებული გარიგების მიმართ დამოუკიდებელი ინტერესი გააჩნია. ასეთი პირია ვ. ა-ი, სწორედ იგი იღებს სარგებელს სადავო გარიგებით. მოსარჩელის პრეტენზია მიმართულია არა უშუალოდ გარიგების შინაარსისა და ფორმის მიმართ, არამედ ვ. ა-ის მიმართ, რომელმაც ამ გარიგებით სრულიად უკანონოდ მიითვისა ლ. დ-იას კუთვნილი წილი და რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. გარიგება არ დაიდებოდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა მოტყუების ფაქტს. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა;

კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება, ძალადობა ან მუქარა, რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს მას გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას. კასატორის განმარტებით, მუქარა გამოიხატა იმაში, რომ ვ. ა-მა ლ. დ-ია დაადანაშაულა ქონების ნატურით გადაცემაზე ხელის შეშლაში და ამით ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა მოსარჩელეზე. გარდა ამისა, მოპასუხემ ლ. დ-იას წინაშე მოახდინა თავისი ძალის დემონსტრირება. კასატორისათვის გაუგებარია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ მათ ვერ დაასაბუთეს ფსიქიკური ზემოქმედების, მუქარის ფაქტი. მოსარჩელე ვერ დააყენებდა აუდიო და ვიდეო კამერებს, ვერ მოიწვევდა ჟურნალისტებს. იგი ამბობს, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა, რაც დასტურდება შედეგით და რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;

კასატორის მოსაზრებით, გარიგება სხვა მხრივაც ექვემდებარება ბათილად ცნობას. საქმე იმაშია, რომ ლ. დ-ია უარს აცხადებს ქონების ნატურით გადაცემაზე იმის გამო, რომ მას არ აქვს სააღსრულებო საფასურის გადახდის საშუალება და არა იმის გამო, რომ ამელინს უთმობს თავის წილს. განცხადებაში არსად არ არის ნათქვამი, რომ ლ. დ-ია ვ. ა-ის სასარგებლოდ აცხადებს უარს ქონების ნატურით გადაცემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ვ. ა-მა ფაქტობრივად მიიტაცა ლ. დ-იას წილი. მოქმედი სააღსრულებო კანონმდებლობით («სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლი), თუ კრედიტორი უარს განაცხადებს ქონების ნატურით მიღებაზე, ამ შემთხვევაში უქმდება იპოთეკა და ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს. ვ. ა-ის მიერ სააღსრულებო საფასურის გადახდა არ გულისხმობს იმას, რომ მას უნდა გადასცემოდა ლ. დ-იას წილიც. სააღსრულებო წარმოებისათვის დადგენილი საფასურის გადახდა ნიშნავდა იმას, რომ ის წინააღმდეგობა, რაც ახლდა ამ თანხის გადაუხდელობას, აღმოიფხვრა და ამის შემდეგ ქონების ნატურით გადაცემას არანაირი დაბრკოლება არ უნდა შექმნოდა, იგი განკურგულებით სამივე იპოთეკარზე უნდა გაფორმებულიყო. აქედან გამომდინარე, ლ. დ-იას წილის ვ. ა-ისათვის გადაცემა აშკარა უკანონობა იყო, რაც გარიგების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია (ტომი II, ს.ფ. 41-52).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ლ. დ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1131 ლარი, მათ შორის, 18.05.2011წ. ჯ. მ-შვილის მიერ გადახდილი 300 ლარი და 7.06.2011წ თავად ლ. დ-იას მიერ გადახდილი 831 ლარი) 70% _ 791.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ლ. დ-იას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1131 ლარი, მათ შორის, 18.05.2011წ. ჯ. მ-შვილის მიერ გადახდილი 300 ლარი და 7.06.2011წ. ლ. დ-იას მიერ გადახდილი 831 ლარი) 70% _ 791.7 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.