საქმე # 020141318700062981
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №32აგ-19 12 მარტი, 2020 წელი
ს. ა. 32აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აპრილის განაჩენით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორს, ბრალდებულ ა. ს-სა და ადვოკატს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში: ა. ს-მ შეიძინა რ-ს ფ-ს „B“, „C“ და „D“ კატეგორიის №…. ყალბი მართვის მოწმობა, რომელსაც გამოყენების მიზნით ინახავდა ჩ-ს რაიონში 2015 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჩ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ჩ-ს რ-ს ს. ქ. ჩ-ს ტერიტორიაზე მოძრაობისას შეამჩნიეს გზის სავალი ნაწილიდან გადასული „ვაზ-2106-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით …, რომლის უკანა მხარე ჩასული იყო წყლის საწრეტ არხში. სამართალდამცავებმა ა. ს-ს მოსთხოვეს სათანადო დოკუმენტის წარდგენა. ა. ს-მ მათ წარუდგინა ყალბი მართვის მოწმობა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ს-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და საქმის გამოძიებაში დაბრუნებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. 2018 წლის 4 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ა. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს-მ, რომლებმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვეს ა. ს-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება იმ საფუძვლით, რომ ა. ს-ს მართვის მოწმობა მინდობილობის საფუძველზე, რ-ს ფ-ში მიიღო მისმა დამ - თ. ს-მ და აღნიშნული მართვის მოწმობა არ არის ყალბი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ს-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. ს-ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არის მხოლოდ ისეთი ახალი გარემოება, რომელიც პირველ რიგში არ იყო ცნობილი და ობიექტურად არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი შუამდგომლობის ინიციატორი მხარისთვის განაჩენის გამოტანის დროს. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ს-სა და მისი ადვოკატის - კ. ს-ს მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მითითებული გარემოებები ა. ს-სთვის ცნობილი იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვის დროს, თუმცა დაცვის მხარეს ეს ინფორმაცია შესაბამისი სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
4. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის არათანმიმდევრულ პოზიციაზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა არ. ს-მ აღიარა დანაშაული, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი მან ადვოკატის დახმარებით განაჩენის გასაჩივრებისას აღნიშნა, რომ მინდობილობის საფუძველზე მართვის მოწმობა აიღო მისმა დამ, რომელმაც ნოტარიუსის მეშვეობით გამოაგზავნა მოწმობა, რაც ასევე აღნიშნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საქმის წარმოებისას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენი სპეციალურად არ გაასაჩივრეს კანონით დადგენილ ვადებში საკასაციო წესით, ვინაიდან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე 2018 წლის 15 ივნისს უკვე მიღებული ჰქონდათ უტყუარი მტკიცებულება - ა. ს-ს უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთები. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრით მიმართვისას მხარეს არ ეზღუდება საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი გარემოების წარდგენის შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის საფუძველზე. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა კი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრული გარემოება მხარისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამოწურულ იქნა გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა ან/და გასულია გასაჩივრების ვადა.
5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მსჯავრდებულ ა. სი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ უნდა დაეშვა განსახილველად მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და 2019 წლის 20 ივნისს გამოიტანა განაჩენი, საკასაციო სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
6. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ რ-ს ფ-ში ა. ს-ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, რომელიც მინდობილობის საფუძველზე მიიღო მისმა დამ - თ. ს-მ, არ არის ყალბი და ამის გამო ა. ს. უდანაშაულოა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აპრილის განაჩენი) მსჯავრდებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვასა და გამოყენებაში, კერძოდ, მან 2018 წლის 31 მარტს გამოიყენა რ-ს ფ-ში 2010 წლის 9 დეკემბერს მის სახელზე გაცემული „B“, „C“ და „D“ კატეგორიის №…. ყალბი მართვის მოწმობა.
7. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილი და გამოკვლეულია მრავალი მტკიცებულება, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში ა. ს-ს მსჯავრდების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2018 წლის 10 აპრილის №… დასკვნა (ტომი I, საქმის ფურცელი 55), რომლის მიხედვით, რ-ს ფ-ში 2010 წლის 9 დეკემბერს ა. ს-ს სახელზე გაცემული „B“, „C“ და „D“ კატეგორიის №… მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს, კერძოდ: მართვის მოწმობა წარმოადგენს თეთრი ფერის ბლანკს, რომელიც დაფარულია ლამინირებული ფირფიტებით. მოწმობის გვერდებზე აღინიშნება მოწითალო და მოცისფრო შეფერილობის ფონური ნაბეჭდი, შავი ფერის ნაბეჭდი ტექსტი, შავი ფერის ფიგურები, დოკუმენტის წინა გვერდზე დატანილია სურათი. დოკუმენტზე არსებული ფონური ნაბეჭდის, გრაფების დასახელების, ფიგურების შტრიხების აგებულება წერტილოვან-მარცვლოვანია, შტრიხების შეფერილობა მიღებულია სხვადასხვა ფერის საღებავის ნაწილაკების ურთიერთშერევით, რაც მოწმობს, რომ დოკუმენტის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. დოკუმენტს არ აქვს შემდეგი მახასიათებლები: ბრტყელი ბეჭდვით შესრულებული ნაბეჭდი, მიკრონაბეჭდი, ოპტიკურად ცვალებადი საღებავით შესრულებული გამოსახულება და სხვა. ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ მითითებული დოკუმენტის ბლანკი არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს.
8. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ა. ს-სთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებული მართვის მოწმობის ნამდვილობას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ-ს ფ-ს სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური განმარტების თანახმად, მართვის მოწმობის გაცემა მინდობილობის საფუძველზე არ არის გათვალისწინებული. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობას.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ნოტარიუს მ.ა. ტ-ს მიერ დაკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი მინდობილობა არ იყო მის მიერ დამოწმებული და სანოტარო აქტზე ნოტარიუსის ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. დაცვის მხარე სადავოდ ხდის ნოტარიუსის დაკითხვის ოქმს, მასში მითითებული ინფორმაციის სარწმუნოობას და აღნიშნავს, რომ როგორც დაკითხვის ოქმზე, ასევე სანოტარო აქტზეც ნოტარიუს მ.ა.ტ-ს ბეჭედია დასმული და მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული, თუმცა საქმეში არ მოიპოვება კასატორის აღნიშნული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ. ექსპერტიზის დასკვნები). affirmanti incumbit probatio რიგ შემთხვევებში ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას და კასატორის მიერ საკუთარი პოზიციის სისწორის მტკიცებას.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საქმეში არსებულ მართვის მოწმობაზე მითითებული ნომრის და სერიის მქონე მართვის მოწმობა (მართვის მოწმობა სერია .. ნომერი …) რ-ს ფ-ს სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულია მოქ. მა. რ-ს სახელზე 2011 წლის 20 აგვისტოს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს-ს საჩივარში მითითებული მოთხოვნა დაუსაბუთებელია (არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს) და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე