Facebook Twitter

ას-607-572-2011 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. მ-შვილი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ნ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით (მატერიალური 5000 ლარი, მორალური ზიანი 5000 ლარი) შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, მხარეები ცხოვრობენ დედოფლისწყაროში ერთმანეთის მეზობლად. მათ შორის წლების განმავლობაში კონფლიქტური სიტუაციაა. 2008 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელემ თავის მამასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, როდესაც გაიარა მოპასუხის საცხოვრებელ სახლთან, ვ. ნ-შვილმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შეწყდა წინასწარი გამოძიება ამინისტიის აქტის გამო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება ამინისტიის აქტის საფუძველზე ისე შეწყდა, რომ მან არაფერი იცოდა ამის შესახებ, მითუმეტეს, რომ იგი არც ეჭვმიტანილად და არც ბრალდებულად ცნობილი არ ყოფილა, ვინაიდან პროკურორის მიერ დაიკითხა როგორც მოწმე, შესაბამისად, პროკურორმა დაუშვა უხეში შეცდომა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებაში აღნიშნა, რომ მოწმედ დაკითხულ პირს ჩადენილი ჰქონია სსკ-ის 118-ე მუხლით განსაზღვრუილი დანაშაული. მოპასუხის განმარტებით, მას შეგებებული სარჩელით არ მოუმართავს სასამართლოსთვის, თუმცა შეტანილი აქვს ახალი სარჩელი მოსარჩელისა და მისი მამის მიმართ მასზე მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. ნ-შვილს დაეკისრა მატერიალური ზიანის _ -845.58 ლარისა და მორალური ზიანის _ 200 ლარის, სულ 1045.58 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემცირებული მოთხოვნით და ასევე უნდა ანაზღაურებულიყო მორალური ზიანიც, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა სხეულის დაზიანებას და აღნიშნულით განცდილ ფსიქოლოგიურ სტრესს, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 ლარის ოდენობით. სასამართლომ ჩათვალა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო გონივრულ ფარგლებში სამართლიანი ანაზღაურების სახით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მორალური ზიანის სახით 200 ლარი.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკამაყოფილება.

ვ. ნ-შვილმა თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. მ-შვილისა და ვ.ნ-შვილის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 11.06.2010წ. გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ნ-შვილს ქ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1451 ლარისა და 16 თეთრის ოდენობით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 200 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცველელად, ვ. ნ-შვილს ქ. მ-შვილის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება 275 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის ¹- საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სიღნაღის რაიონული პროკურატურის 29.01.2009წ. დადგენილების თანახმად, რომლის მიხედვით, 2008 წლის 24 აგვისტოს შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ქ. მ-შვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეები ჯერ სიტყვიერად შეკამათდნენ, ხოლო შემდეგ კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ვ. ნ-შვილმა ქ. მ-შვილს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. დადგენილება ეყრდნობა ქ. მ-შვილის, ვ. ნ-შვილის, მოწმე ზ. თ-შვილის ჩვენებებს.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 15 სექტემბერს გაცემული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹- დასკვნაზე, რომლის თანახმად ქ. მ-შვილს აღენიშნებოდა: ექსკორიაციები ბეჭის და მარჯვენა სარძევე ჯირკვლის არეში, მარჯვენა თვალბუდისა და თხემის არეში ჰემატომა, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო მარჯვენა სარძევე ჯირკვლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2008 წლის 24 აგვისტოს თარიღს. ქ. მ-შვილი ამ ეტაპზე სარძევე ჯირკვლის დაზიანებასთან დაკავშირებით საჭიროებს შესაბამის კონსერვატიულ მკრნალობას. შემდგომი მკურნალობისათვის ტაქტიკა გადაწყდება ჩატარებული კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით (ტ.I, ს.ფ.80-84).

28.01.2009წ. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ქ. მ-შვილს ჩაუტარდა ექომამოგრაფია ძუძუს და რეგიონული ლიმფური კვნძების ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით, რომლის შესაბამისადაც ქ. მ-შვილს აღენიშნებოდა ორგანიზებული ჰემატომა მარჯვენა ძუძუში (ტ.I, ს.ფ. 22). იგივეს აღნიშნავს ექსპერტი-სენოლოგი (მამოლოგი) ზაზა ზაუტაშვილი (ტ.I, ს.ფ.21).

“მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის “ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, ქ. მ-შვილს ასევე დაუდგინდა მარჯვენა სარძევე ჯირკლის პათოლოგიურად ორაგინზებული ჰემატომა. პაციენტს მიეცა სამკურნალო რეკომენდაცია მარჯვენა სარძევე ჯირყვლის რეზექციის შესახებ (ტ.I, ს.ფ. 23).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ზიანის მიმყენებლის მართლწასინააღმდეო ქმედება, დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის 24.08.2008წ. ქმედებასა და დამდგარ ზიანს _ ქ. მ-შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს _ შორის.

მატერიალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ნ-შვილს ქ- მ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1451.16 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. მ-შვილს მიეცა სამკურნალო რეკომენდაცია მარჯვენა სარძევე ჯირკვლის რეზექციის შესახებ (ტ.I, ს.ფ.23). “მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის თანახმად პაციენტ ქ. მ-შვილის მიერ მარჯვენა სარძევე ჯირკვლის რეზექციის და შესაბამისი გამოკვლევებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 1179 ლარს (ტ.I, ს.ფ. 24,25). მოპასუხის პოზიციას მასზე, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ უნდა გაზიარებულიყო, ვინაიდან მასში გადამხდელად აღნიშნულია სასამართლო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ გადამხდელის ნაცვლად იმ ორგანოს მითითება, სადაც მტკიცებულების სახით უნდა ყოფილიყო წარდგენილი აღნიშნული ანგარიშფაქტურა, არ ცვლიდა მტკიცებულებაში მოცემულ ინფორმაციას რეზექციის ხარჯების კალკულაციის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქეთევან მჭედლიშვილს დანიშნული ჰქონდა ასევე მედიკამენტოზური მკურნალობა (ტ.I, ს.ფ.135-137; ტ.II, ს.ფ.114; ტ.I, ს.ფ.156). მედიკამენტების შეძენის შესახებ ქვითრებით კი დასტურდებოდა, რომ ქ. მ-შვილის მიერ მედიკემენტების შესაძენად გადახდილი იქნა ჯამში 195 ლარი და 16 თეთრი (87.14+11.35+11.07+85.60) ლარი ტ.I, ს.ფ. 26, 28).

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია დანიშნულების ზუსტი ჩამონათვალი საქმეში არ მოიპოვებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა და წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდებოდა პრეპარატების შეძენა ზიანის მიყენების შემდგომ პერიოდში (195 ლარისა და 16 თეთრი), მედიკამენტების ღირებულის ანაზღაურების დაკისრება გონივრული იყო, რაც ცხადყოფდა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მედიკემენტების შესაძენად გაწეული ხარჯი ჯამში მხოლოდ 195 ლარისა და 16 თეთრის ოდენობით.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ქეთევან მჭედლიშვილს ჩაუტარდა ექომამოგრაფიის გამოკვლევა, რომლის საფასურადაც გადახდილია 35 ლარი (ტ.I, ს.ფ.27; ტ.I, ს.ფ.104).

დედოფლისწყაროს შპს “საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების” 22.05.2009წ. წერილით სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ დედოფლისწყაროს შპს “საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში” ნევროპათოლოგთან, ოკულისტთან და ქირურგთან ვიზიტებისას ქ. მ-შვილს 2008 წელს სულ გადახდილი ჰქონდა 10-10-10 ლარი. ქ. მ-შვილს ჩაუტარდა ასევე ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის საფასურად გადახდილ იქნა 12 ლარი (იხ.: ტ.I, ს.ფ.161; ტ.I, ს.ფ.29).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანობაში საქმის მასალებით დადასტურებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენდა 1451.16 ლარს (1179+195.16+35+10+10+10+12).

რაც შეეხება მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ 24.08.2008წ. ინციდენტის დროს სხეულის დაზიანება მიიღო თავადაც და ასევე მისმა დედამ, რომელიც აშველებდა მათ, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა ქ. მ-შვილისათვის ზიანის ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში იხილებოდა მხოლოდ ქ. მ-შვილის სარჩელი და შესაბამისად, ვერ იმსჯელებდა სხვა პირთათვის ზიანის მიყენების საკითხზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასრგებლოდ ქეთევან მჭედლიშვილის მიერ გადახდილი იყო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 275 ლარი (ტ.I, ს.ფ.27).

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დადგინდა მოპასუხე ვ. ნ-შვილის მართლსაწინააღმდეგო ქცევა, ამით მიყენებული ზიანი, ბრალი, ასევე მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგეს შორის, აღნიშნული ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა, რომლის ოდენობაც საქმის მასალების თანახმად, შეადგენდა 1451.16 ლარს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო დადგენილად, რომ მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. საქმის მასალების და ზიანის მიყენების გარემოებების გათვალსიწნებით პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობად 200 ლარი.

აპელანტ ქ. მ-შვილის მოთხოვნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 11.06.2010წ. გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ დაუსაბუთებელად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ნ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მან ქ. მ-შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება და ამის შესახებ მითითებულია მხოლოდ საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში, რომლის არსებობაც მისთვის გვიან გახდა ცნობილი. ამასთან, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ქ. მ-შვილის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებასა და ჩვენებებს, თითქოსდა მას ჩადენილი აქვს რაიმე სახის დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ მის უდანაშაულობას ადასტურებდნენ სასამართლო პროცესზე დაკითხული ექიმები.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ექსპერტ ზ-შვილისა და დედოფლისწყაროს ქირურგების გაცემული სამედიცინო ცნობები და დასკვნები, რაზეც პირველი ინსტანციის სასამრთლოს განმარტებები მისცეს ექსპერტებმა: ზ-შვილმა, ქირურგმა ბ-შვილმა, ბ-შვილმა, ნ-შვილმა და კ-იანმა, რომლებმაც განმარტეს, რომ არ ადასტურებდნენ მოსარჩელე ქ. მ-შვილზე ფიზიკური ხელყოფის ფაქტს და ის დაავადება, რაც ქ. მ-შვილს ეწერა ვიზუალური დათვალიერებით ვერ დადგინდებოდა, ვინაიდან მხოლოდ სპეციალური კვლევა სჭირდება და არ დაეთანხმნენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რასაც სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ არ დაუდგენია მის მიერ რა ქვითრები იქნა წარმოდგენილი თითქოსდა მედიკამენტების შეძენაზე და იყო თუ არა ეს ქვითრები წამლის შეძენის ქვითრები, ან როდის და სად შეიძინა მჭედლიშვილმა წამლები, მით უფრო, რომ წარმოდგენილი ექსპერტების დასკვნით, სამედიცინო შემოწმების ცნობებითა და პოლიკლინიკის ანკეტში არსებული ჩანაწერებით, მას არანაირი მედიკამენტოზური დანიშნულება არ მისცემია.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ვ. ნ-შვილი თავს იცავდა, ვინაიდან სახეზე იყო სსკ-ის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, ქ. მ-შვილის მხრიდან მასზე თავდასხმის სახით და თუ აღნიშნული თავდაცვისას მოსარჩელემ მიიღო დაზიანება, აღნიშნული ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რასაც არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ვ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ვ. ნ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.