Facebook Twitter

¹ას-608-917-09 18 თებერვალი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირი “ც-ი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კოოპერატივი “ნ-ი” (მოპასუხე)

მესამე პირი _ დედოფლისწყაროს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 26 მარტს დედოფლისწყაროს რაიონულმა სამომხმარებლო კოოპერატივმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს ამავე რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონით დადგენილი წესით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მისი კუთვნილი ქონების, იმ მიწის რეგისტრაცია, რაზედაც დედოფლისწყაროს ბაზარი მდებარეობს. საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რეგისტრაციაში გაეტარებინა მასზე, როგორც მესაკუთრეზე, რიცხული უძრავი ქონების ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მანამდე უკანონოდ, მოსარჩელისთვის გვერდის ავლით, სასამართლო რეგისტრაციის საფუძველზე გაუფორმდა კოოპერატივ „ნ-ს“, მოპასუხემ დააბრკოლა და არ განახორციელა აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის დავალდებულება სადავო მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, რადგან ასეთ რეგისტრაციაზე უარი ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება კოოპერატივი „ნ-ი“.

დედოფლისწყაროს რაიონულმა სამომხმარებლო კოოპერატივმა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში წარადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც დამატებით მოითხოვა დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის შენობა-ნაგებობის მის საკუთრებად ცნობა სადავო მიწის ნაკვეთისა და მასაზე არსებული შენობის და აღნიშნული შენობა-ნაგებობის, საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციის მოპასუხისთვის დავალება.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატიული კავშირი „ც-ი“.

დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 8 ოქტომბერს გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გადაწყდა, რომ მოპასუხე დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ მოთხოვნა განხორციელებულიყო დედოფლისწყაროს რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივსა და კოოპერატივ „ნ-ს“ შორის მესაკუთრის დადგენისა და აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში ცალ-ცალკე შეიტანეს სააპელაციო საჩივრები დედოფლისწყაროს რაიონულმა სამომხმარებლო კოოპერატივმა და კოოპერატივმა „ნ-მა“. დედოფლისწყაროს რაიონულმა სამომხმარებლო კოოპერატივმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. კოოპერატივმა „ნ-მა“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება დედოფლისწყაროს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 მარტის განჩინებით დედოფლისწყაროს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივისა და კოოპერატივი „ნ-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა „ნ-მა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კოოპერატივ “ნ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 მარტის განჩინება.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კოოპერატივ “ნ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირი - “ც-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ.¹23-ში მდებარე 4260 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბაზრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრების უფლებით ირიცხება კოოპერატივი „ნ-ის“ სახელზე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია საქართველოს კანონი „ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, ასევე ქ.დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 6 ნოემბრის ¹43 გადაწყვეტილება (ტ.II ს.ფ. 254). „ც-ის“ სარჩელის განხილვა ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეჩერებულია, ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საკითხზე სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე არ იქნება განხილული ადმინისტრაციული სარჩელი 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხის სახელზე ჩანაწერის ბათილობის თაობაზე. პალატამ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და მიუთითა, რომ, ამ მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ც-ი“ არის სწორედ ის პირი, ვისაც პრეტენზია აქვს ჩანაწერის უზუსტობასთან დაკავშირებით და ვისაც აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, ჯერ უნდა დადგინდეს მოპასუხის სახელზე 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, ამის შემდეგ კი შესაბამისი საფუძვლით ახალი სარჩელის ფარგლებში უნდა გაირკვეს მითითებულ ნაკვეთზე საკუთრების ცნობის თაობაზე “ც-ის” მოთხოვნის კანონიერება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან დადგენილია, ბაზრის ქონების მესაკუთრე არ არის კოოპერატივი ნ-ი და აპელანტს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დედოფლისწყაროს ბაზრის შენობა-ნაგებობაზე და შესაბამის მიწის ნაკვეთზე კოოპერატივ „ნ-ის“ საკუთრების უფლების მოპოვებას (მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს), პალატამ მიიჩნია, რომ კოოპერატივ „ნ-ი“ არ წარმოადგენს იმ მოპასუხეს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს „ც-ის“ სარჩელზე დედოფლისწყაროს ბაზრის (შენობა-ნაგებობისა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის) მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის შენობა-ნაგებობა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით არავის სახელზეა რეგისტრირებული. ამ დოკუმენტის გამაბათილებელი მტკიცებულება კოოპერატივ „ნ-ს“ არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ც-ი“ სარჩელში მიუთითებს, რომ დედოფლისწყაროს აგრარული ბაზარი წარმოადგენს მის საკუთრებას, მაგრამ არ არის მის სახელზე აღრიცხული. ამასთან, სარჩელის პირველი მოთხოვნით ითხოვს მის მესაკუთრედ ცნობას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლის, რომ მას გააჩნია სადავო ქონების მის სახელზე აღრიცხვის საფუძველი და საჯარო რეესტრი უსაფუძვლოდ არ ახორციელებს აღნიშნულს, მას პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ, მაგრამ, თუ მოსარჩელის ნება მისთვის საკუთრების უფლების მინიჭება (მესაკუთრედ ცნობა) ან ასეთი უფლების აღიარებაა, აღნიშნული მოთხოვნა მიმართული უნდა იქნეს იმ პირის მიმართ, ვისაც გააჩნია ამ უფლების მინიჭების თუ მისი აღიარების უფლებამოსილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში კოოპერატივი ნ-ი“ არასათანადო მოპასუხეა.

სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს “ც-ის” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის გამოთხოვისა და მოპასუხის გამოსახლების შესახებ, რადგან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე და მოითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის გამოთხოვას არა როგორც არამესაკუთრე კეთილსინდისიერი მფლობელი, არამედ როგორც მესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ “ც-ს” არ გააჩნია მოთხოვნის უფლება, რადგან ის არ წარმოადგენს მესაკუთრეს, ხოლო მისი მოთხოვნა მესაკუთრის ცნობის შესახებ აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიმართ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირ “ც-ის” წარმომადგენელმა რ. ა-მ. მან მიუთითა, რომ სასამართლო ვალდებულია, ჯერ შესთვაზოს მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრას მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლას, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს შეხედულება, თითქოს არასათანადო მოპასუხის შეცვლა სასამართლოს შეზღუდული, მაგრამ მაინც დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, საააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო ისე, რომ მოსარჩელისათვის საერთოდ არ შეუთავაზებია არასათანადო მოპასუხის სათანადო შეცვლა და ამ საკითხზე არც უარი მიუღია მისგან. ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები, რაც არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹23-ში მდებარე 4260 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბაზრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრების უფლებით ირიცხება კოოპერატივი “ნ-ის” სახელზე (ტ.II, ს.ფ. 306, 254). უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია საქართველოს კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”, ასევე ქ. დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 6 ნოემბრის ¹43 გადაწყვეტილება (ტ.II. ს.ფ.254).

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 იანვრის დადგენილება კოოპერატივ “ნ-ის” რეგისტრაციის შესახებ გაუქმდა იმ ნაწილში, რითაც დადგინდა, რომ “კოოპერატივის ქონებას შეადგენს დედოფლისწყაროს ბაზარ “ნ-ის” ქონება, რომელიც სამართალმემკვიდრეობით აქვს მიღებული, ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის კოოპერატივი “ნ-ის” მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით განიმარტა 2001 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი იმდაგვარად, რომ კოოპერატივი “ნ-ი” არ არის აღნიშნული ქონების მესაკუთრე და ვერ განკარგავს მას, მაგრამ შეუძლია ფლობდეს აღნიშნულ ქონებას, ვიდრე მესამე პირები არ განაცხადებენ დასაბუთებულ პრეტენზიას.

აღნიშნულთან მიმართებაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ სააპელაციო სასამართლოს დასკვნებზე, რომლებზედაც უთითებს კასატორი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “ც-ი” სარჩელში უთითებს, რომ დედოფლისწყაროს აგრარული ბაზარი წარმოადგენს მის საკუთრებას, მაგრამ არ არის მის სახელზე აღრიცხული. ამასთან, სარჩელის პირველი მოთხოვნით ითხოვს მის მესაკუთრედ ცნობას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლის, რომ მას გააჩნია სადავო ქონების მის სახელზე აღრიცხვის საფუძველი და საჯარო რეესტრი უსაფუძვლოდ არ ახორციელებს აღნიშნულს, მას პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ, მაგრამ, თუ მოსარჩელის ნება მისთვის საკუთრების უფლების მინიჭება (მესაკუთრედ ცნობა) ან ასეთი უფლების აღიარებაა, აღნიშნული მოთხოვნა მიმართული უნდა იქნეს იმ პირის მიმართ, ვისაც გააჩნია ამ უფლების მინიჭების თუ აღიარების უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ კოოპერატივი “ნ-ი” არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მოპასუხეს არ წარმოადგენს.

ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს “ც-ის” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის გამოთხოვისა და მოპასუხის გამოსახლების შესახებ, რადგან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე და მოითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის გამოთხოვას არა როგორც არამესაკუთრე კეთისინდისიერი მფლობელი, არამედ როგორც მესაკუთრე.

შეიძლება დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით “ც-ს” არ გააჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება, რადგან ის არ წარმოადგენს მესაკუთრეს, ხოლო მისი მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის შესახებ აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საკითხზე სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე არ იქნება განხილული ადმინისტრაციული სარჩელი 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაობაზე მოპასუხის სახელზე ჩანაწერის ბათილობის თაობაზე. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის დროს სადავო საკითხი იმის შესახებ მდებარეობს სადავო შენობა-ნაგებობა კოოპერატივ “ნ-ის” სახელზე რეგისტრირებულ 4 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ექსპერტის დასკვნით პასუხგაუცემელია (ტ.3, ს.ფ.51-53).

საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირ ც-ის შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: დედოფლისწყაროს ბაზრის, როგორც შენობა-ნაგებობით, ასევე ქ. დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹23-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა და ზემოაღნიშნული ქონების გამოთხოვა კოოპერატივ “ნ-ის” მფლობელობიდან, ასევე კოოპერატივ “ნ-ის” წევრების გამოსახლება დედოფლისწყაროს საკოლმეურნეო ბაზრიდან.

რაც შეეხება ორ დანარჩენ მოთხოვნას, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 1998 წლის 23 დეკემბრის სარეგისტრაციო ¹52/6) კოოპერატივ ნ-ზე 4260 კვ.მ მიწის ფართობის რეგისტრაციის გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებისათვის დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის შენობა-ნაგებობის, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთისა და მასთან ერთად გამოყოფილი 4260 კვ.მ მიწის “ც-ის” სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრაციის დავალდებულებას, შეჩერებულია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, რაც შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული ოთხივე მოთხოვნა ურთიერთკავშირშია და გამომდინარეობენ ერთმანეთიდან. ამ მოთხოვნების განხილვისათვის აუცილებელია მისი საფუძვლების დიფერენციაცია და, შესაბამისად, მოსარჩელის უფლების განსაზღვრა, რაც წარმოადგენს სათანადო მოპასუხის დადგენის ერთ-ერთ აუცილებელ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მოთხოვნების ცალ-ცალკე განხილვა ართულებს დავის გადაწყვეტას, კერძოდ, სადავო ქონება წარმოადგენს დედოფლისწყაროს ბაზრის, როგორც შენობა-ნაგებობას (ასევე, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთს), ასევე მისთვის გამოყოფილ 4260 კვ.მ მიწას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით (რომლებსაც კასატორი სადავოდ არ ხდის), 4260 კვ.მ მიწა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კოოპერატივ ნ-ის სახელზე, ხოლო დედოფლისწყაროს ბაზრის შენობა-ნაგებობა (ასევე მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი) არავის სახელზეა რეგისტრირებული.

ამდენად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას, რომელსაც უკავშირდებიან და საიდანაც გამომდინარეობს დანარჩენი მოთხოვნები, წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა (აღიარება), რომელიც მიმართული იყო მოპასუხეების საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისა და კოოპერატივ “ნ-ის” მიმართ.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის შესახებ ეხება როგორც იმ ქონებას, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კოოპერატივ “ნ-ის” სახელზე (4260 კვ.მ მიწას), ასევე იმ ქონებას (შენობა-ნაგებობას, ასევე, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთს), რომელიც არავის სახელზეა რეგისტრირებული.

აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსარჩელის მოთხოვნის ზოგიერთ საფუძვლებზე, რომლებიც აღნიშნულია საკასაციო საჩივარში, კერძოდ, “ც-ი” მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმაზე, რომ მას მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. საჯარო რეესტრი უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ამასთან კოოპერატივ “ნ-ს” არ ჰქონდა 4260 კვ.მ მიწის თავის სახელზე რეგისტრაციის უფლება, რადგან ეს ქონება დედოფლისწყაროს გამგეობის ¹36 23.09.1997 წლის დადგენილებით გამოეყო არა კოოპერატივ “ნ-ს”, არამედ აგრარულ ბაზარ “ნ-ს”.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე, (რომლებიც მითითებულია მის სარჩელში), კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის ¹301 დადგენილებიდან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის ¹2/270-10 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს აგრარული ბაზარი, რომელიც დამაგრებულია 5,100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრებაში გადაეცა ც-ს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 15 აგვისტოს ¹1-3/515 ბრძანებით, დედოფლისწყაროს აგრარული ბაზარი ამოირიცხა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხიდან, იმ საფუძვლით, რომ იგი ირიცხებოდა ც-ის ბალანსზე და, შესაბამისად, არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო საქმეში არსებული კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებების თანახმად, კოოპერატივი “ნ-ი” არ წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის ოთხივე მოთხოვნას უდევს ერთი და იგივე საფუძვლები და მიმართული არიან მესაკუთრედ აღიარებაზე, ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე და, შესაბამისად, სადავო ქონების გამოთხოვაზე.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ამ მოთხოვნების ცალ-ცალკე განხილვა ართულებს დავის გადაწყვეტას. მით უმეტეს გასათვალისწინებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საკითხზე სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე არ იქნება განხილული ადმინისტრაციული სარჩელი 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხის სახელზე ჩანაწერის ბათილობის თაობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და დამატებით განმარტავს, რომ 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საკითხი უკავშირდება შენობა-ნაგებობის (ასევე, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის) მესაკუთრის ცნობის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ სადავო შენობა-ნაგებობა განლაგებულია 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ცნობის საკითხიც დამოკიდებული იქნება 4260 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საკითხის გარკვევაზე (რაც შეჩერებულია სასამართლოს განჩინებით). ამ შემთხვევაში შესაძლებელი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექის 171-ე მუხლის დანაწესს, კერძოდ, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის ოთხივე მოთხოვნის გაერთიანებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ოთხივე მოთხოვნა უნდა გაერთიანდეს და განხილულ იქნეს ერთი საქმისწარმოების წესით, მან უნდა გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და დააბრუნოს საქმე ამ მოთხოვნათა გაერთიანებისა და მათი ერთ წარმოებად განხილვისათვის.

საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ საქმის განხილველმა სასამართლომ სრულად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 51-53), კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტს დაესვა კითხვა, კოოპერატივ “ნ-ის” მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით) საზღვრები ემთხვევა თუ არა კოოპერატივ “ნ-ის” სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რაზედაც ვერ იქნა გაცემული პასუხი ექსპერტიზის დასკვნით.

აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა ექსპერტიზის დასკვნის შეფასების კრიტერიუმები, რა გახდა ექსპერტიზის მიერ პასუხის გაუცემლობის მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი გენგეგმის მიხედვით, აგრარული ბაზრის საზღვრები მოთავსებულია კოოპერატივ “ნ-ის” მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის შიგნით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შეუძლებელია კოოპერატივ “ნ-ის” მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრების შედარება გენგეგმაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთის საზღვრებთან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნა გამოკვლეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რისთვისაც სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ექსპერტის მიერ დასკვნაში მითითებულ საკითხზე, რომლის თანახმად, გენგეგმის მიხედვით, აგრარული ბაზრის საზღვრები მოთავსებულია კოოპერატივ “ნ-ის” მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის შიგნით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული (კვლევითი და დასკვნით ნაწილში) კოოპერატივ “ნ-ის” მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დაუდგენლობა რამდენად გამორიცხავს საკითხის გარვევას იმის შესახებ მდებარეობს თუ არა დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის შენობა-ნაგებობა კოოპერატივ “ნ-ის” სახელზე რეგისტრირებულ 4 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ს ა რ ე ზ უ ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატვის ცენტრალური კავშირ “ც-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.