ას-611-573-2010 8 დეკემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ თ. კ-ურის კანონიერი წარმომადგენელი ნ. მ-შვილი (წარმომადგენელი მ. ა-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ჯ-შვილი (წარმომადგენელი მ. ს-ძე)
მესამე პირები _ 1. ა. კ-ური (წარმომადგენელი მ. ს-ძე); 2. გ. კ-ური (წარმომადგენელი მ. ა-ძე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
დავის საგანი _ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა თ. კ-ურის კანონიერი წარმომადგენლის - ნ. მ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; ამხანაგობა “ძ. უ.-ს” აეკრძალა ქ. ჯ-შვილისათვის 2008 წლის 15 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა ან მის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება, ამავე განჩინებით ქ. ჯ-შვილს აეკრძალა 2008 წლის 15 ივლისის სამკვიდრო მოწმობისა და 2007 წლის 14 დეკემბრის ამხანაგობის ხელშეკრულების შესაბამისად ამხანაგობა “ძ. უ.-ში” თავისი წილის (1/4) გასხვისება ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ტომი I, ს.ფ. 18-22).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, ქ. ჯ-შვილის საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც ამხანაგობა “ძ. უ.-ს” აეკრძალა ქ. ჯ-შვილისათვის 2008 წლის 15 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა ან მის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება (ტომი I, ს.ფ. 160-164). დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით (ტომი I, ს.ფ. 167-170).
2008 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. კ-ურის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ-შვილმა მოპასუხე ქ. ჯ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გ. კ-ურის სამკვიდრო ქონებაზე ქ. ჯ-შვილისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა; ბ. ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ 2008 წლის 15 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის ¹2-584) ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ჯ-შვილმა მიიღო 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის სამკვიდრო ქონება.
ზემოთ დასახელებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ქ. ჯ-შვილსა და მამკვიდრებელ გი. კ-ურს შორის წლების განმავლობაში ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის გაზრდა (ტომი I, ს.ფ. 26-37, 334).
მოპასუხე ქ. ჯ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა იმით დაასაბუთა, რომ მასა და მამკვიდრებელ გი. კ-ურს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლო იყო (ტომი I, ს.ფ. 142-151).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით ა. კ-ური და გ. კ-ური მოცემულ საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (ტომი I, ს.ფ. 307-309).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ურის კანონიერი წარმომადგენლის ნ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. ჯ-შვილს ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობის უფლება 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის სამკვიდრო ქონებაზე; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ 2008 წლის 15 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ¹2-584) იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ჯ-შვილმა მიიღო 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის სამკვიდრო ქონება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
გი. კ-ური 1982 წლის 11 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ. ჯ-შვილთან;
გი. კ-ურსა და ქ. ჯ-შვილს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 1983 წლის 6 აგვისტოს დაბადებული ა. კ-ური. ამ პერიოდისათვის ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე ბინაში;
1988 წლის 17 იანვარს გი. კ-ურს ხ. ბ-შვილისაგან შეეძინა ერთი შვილი, გ. კ-ური;
1997 წლის 20 აგვისტოს გი. კ-ურს ნ. მ-შვილისაგან შეეძინა ერთი შვილი, თ. კ-ური;
გი. კ-ური მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე ბინაში;
2005 წელს გი. კ-ურმა გაიკეთა ოპერაცია და 2005 წლის 3 მარტიდან 2005 წლის 23 მარტამდე იწვა საავადმყოფოში;
გი. კ-ურსა და ამხანაგობა “ძ. უბანს” შორის 2007 წლის 14 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გი. კ-ურს წარმოეშვა უფლება ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ საკუთრებაში მიეღო თბილისში, ...... ქ. ¹4-ში ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ოროთახიანი, დაახლოებით 30 კვ.მ ფართის ბინა. ამხანაგობაში გი. კ-ურის შენატანს წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული, თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე უძრავი ქონება;
გი. კ-ურის დედა გ. ბ-ძე გარდაიცვალა 2003 წლის 27 ივლისს, ხოლო მამა ს. კ-ური _ 1990 წელს;
2007 წლის 31 დეკემბერს გი. კ-ური გარდაიცვალა თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე ბინაში. გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
2008 წლის 21 აპრილს თ. კ-ურის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ-შვილმა გი. კ-ურის სამკვიდროს მიღების მიზნით წერილობითი განცხადებით მიმართა სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს. 2008 წლის 30 მაისს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა ასევე გ. კ-ურმა;
2008 წლის 15 ივლისს ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ გი. კ-ურის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის ¹ 2-584) ქ. ჯ-შვილისა და ა. კ-ურის სახელზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გი. კ-ურსა და ქ. ჯ-შვილს შორის მამკვიდრებლის (გი. კ-ური) გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა მოწმეთა ჩვენებებს (ტომი I, ს.ფ. 325-329, 339-350), აგრეთვე, საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც განთავსებულია ს.ფ. 67-86, 159, 177-179, 181-222-ზე (ტომი I).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოებას, რომ ქ. ჯ-შვილი და გი. კ-ური სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა და უფრო მეტიც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ნაწილობრივ ადასტურებდა ასევე თავად მოპასუხე მხარე. შესაგებელში ქ. ჯ-შვილმა განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე ბინაში ძირითადად ცხოვრობდა 2002 წლამდე, ხოლო შემდგომ გადავიდა დედის ბინაში; საცხოვრებელი მისამართი გამოიცვალა 2001-2002 წლებში (ტომი I, ს.ფ. 145-146). ა. კ-ურმა მიუთითა, რომ მამასთან ცხოვრობდა 2002 წლამდე. მოპასუხე მხარის მოწმე ც. ე-შვილმა განმარტა, რომ ქ. 2002-2003 წლებში გადავიდა დედასთან. მოწმე ა. პ-შვილის განმარტებით, იგი 2007 წლის მაისში ქ.ის სანახავად დედის ბინაში მივიდა.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზეც, რომ თვად მოპასუხის მიერ წარდგენილი მოწმეები ნაწილობრივ ადასტურებდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ისინი განმარტავდნენ, რომ გია (საუბარია გი. კ-ურზე) ბოლო პერიოდში ძირითადად სახლში იყო (მოწმე ც. ე-შვილი), ნ. მ-შვილი 2004 წლიდან გი. კ-ურთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. ც. ე-შვილის განმარტებით, ნ. იქ ცხოვროვდა თავის ბავშვთან ერთად. გარდაცვალების დღეს ნ. დახვდა გი.-სთან. დასახელებულ გარემოებას ნაწილობრივ ადასტურებდა ა. კ-ური, რომლის განმარტებით, როდესაც ის მამასთან მიდიოდა, იქ ნ. ხვდებოდა ხოლმე, რომლის დანახვაც აღიზიანებდა. მოწმე ქ. ბ-ძის განმარტებით, ნ. გი.ს გარდაცვალების დროს მის ჭირისუფლად იჯდა; საავადმყოფოში გი. კ-ურს სამივე _ ქ., ნ., ხ., ედგა თავზე და უვლიდა. ასევე ყურადსაღები იყო მოპასუხის მოწმე ა. პ-შვილის განმარტება _ ნ. მ-შვილზე გასვენებაში უთხრეს, რომ ის იყო გი.-ს მესამე ცოლი, ხოლო ხ. ბ-შვილი მეორე ცოლი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე ყურადსაღები იყო ის გარემოება, რომ წინააღმდეგობრივი იყო თავად მოპასუხე მხარის, წარმომადგენლისა და მოწმეთა განმარტებები. ამის დასასაბუთებლად სასამართლომ მოიყვანა საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებები.
ყველა ზემოთ დასახელებული გარემოების ერთობლიობაში შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, სუბიექტურად, რეალური ფაქტების დამალვით ცდილობდა შესაგებლის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნიდა შინაგან რწმენას მის მიერ მითითებული გარემოებების არასარწმუნოობაზე. მოპასუხემ ვერ წარადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ქ. ჯ-შვილი გი. კ-ურთან ერთად ეწეოდა საოჯახო საქმიანობას გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, მისი დედასთან საცხოვრებლად გადასვლის აუცილებლობა გამოიწვია დედის მძიმე ავადმყოფობამ, უვლიდა მეუღლეს ავადმყოფობის დროს გარდაცვალებამდე, მკურნალობის ხარჯები გასწია მან და სხვა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დამახასიათებელია რეალურად არსებული ოჯახისათვის.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში გი. კ-ურის გარდაცვალებით 2007 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო მასას შეადგენდა თბილისში, ...... ქ. ¹4-ში ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ოროთახიანი ბინის (დაახლოებით 330კვ.მ) საკუთრებაში მიღების უფლება. ამ ეტაპზე სხვა სამკვიდრო ქონება არ დგინდებოდა. მამკვიდრებელს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ქ. ჯ-შვილი, შვილები _ ა. კ-ური, გ. კ-ური, თ. კ-ური. საქმეზე დგინდებოდა, რომ 2008 წლის 15 ივლისს ნ. გ-ძის მიერ გი. კ-ურის სამკვიდრო ქონების 1/2½ ნაწილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის ¹ 2-584) ქ. ჯ-შვილისა და ა. კ-ურის სახელზე. 2008 წლის 21 აპრილს თ. კ-ურის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ-შვილმა გი. კ-ურის სამკვიდროს მიღების მიზნით წერილობითი განცხადებით მიმართა სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს (ტომი I, ს.ფ. 310). ამავე შინაარსის განცხადებით 2007 წლის 30 მაისს მიმართული აქვს გ. კ-ურსაც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიმართა სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ამ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის მქონე პირს წარმოადგენდა, რომელსაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემოდა უფლება, მიეღო სამკვიდრო მოწმობა გაზრდილი სამკვიდრო წილის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფდა მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას _ მიეღო მამის სამკვიდროდან მეტი წილი.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ნორმის თანახმად არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ გი. კ-ურსა და ქ. ჯ-შვილს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (ტომი I, ს.ფ. 430-441).
პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 462-473).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: თ. კ-ურის კანონიერი წარმომადგენლის ნ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ქ. ჯ-შვილისათვის 2008 წლის 15 ივლისის სამკვიდრო მოწმობისა და 2007 წლის 14 დეკემბრის ამხანაგობის ხელშეკრულების შესაბამისად ამხანაგობა “ძ. უბანში” თავისი წილის (1/4) გასხვისების ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის შესახებ ქმედების აკრძალვის თაობაზე;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გი. კ-ურსა და ქ. ჯ-შვილს შორის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი ამავე ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით შეიცავს პრეზუმფციას მოპასუხის სასარგებლოდ და სანამ მოსარჩელე არ დაადასტურებს ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მანამდე ითვლება, რომ მეუღლე (ამ შემთხვევაში ქ. ჯ-შვილი) წარმოადგენს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეს. შესაბამისად, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი დანაწესისა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, მოცემული კატეგორიის დავების შემთხვევაში მატერიალური სამართლის ნორმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზემოთ დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთის ადრესატს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში თ. კ-ურის კანონიერ წარმომადგენელ ნ. მ-შვილს, როგორც მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმ გარემოებათა დასადასტურებლად, რომ: ქ. ჯ-შვილსა და გი. კ-ურს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო; ქ. ჯ-შვილი და გი. კ-ური ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე; ქ. ჯ-შვილსა და გი. კ-ურს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტას ადგილი ჰქონდა გი. კ-ურის გარდაცვალებამდე 3 წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ინფორმაცია და მონაცემები, რაც დაფიქსირებულია მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში, ასევე მის მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებში, იძლეოდა საფუძველს იმ გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ ნ. მ-შვილსა და გი. კ-ურს შორის არსებობდა ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, დასახელებული ფაქტობრივი გარემოების არსებობა არ გამორიცხავდა გი. კ-ურის მიერ საქორწინო ურთიერთობების შენარჩუნებას ქ. ჯ-შვილთან. ამ გარემოების არსებობა მით უფრო არ ნიშნავდა, რომ 3 წლის განმავლობაში ქ. ჯ-შვილსა და გი. კ-ურს შორის ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე შეწყვეტილი იყო ქორწინება. მოსარჩელის მიერ შეთავაზებული მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, არ შეიცავდა ცნობებსა და მონაცემებს გი. კ-ურის მიერ ქ. ჯ-შვილთან ქორწინების შეწყვეტის ნების გამოვლენის შესახებ გარემოებაზე. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არ დგინდებოდა გი. კ-ურის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელი გახდებოდა ცალსახა დასკვნის გაკეთება მის მიერ ქ. ჯ-შვილთან ქორწინების შეწყვეტისა და ამგვარი მდგომარეობის სამი წლის განმავლობაში შენარჩუნების შესახებ. მოწმეთა მიერ ჩვენებაში იმ გარემოების დაფიქსირება, რომ გი. კ-ური მეუღლედ მოიხსენიებდა ნ. მ-შვილს, ხოლო ქ. ჯ-შვილის სახელის გაგონება არ უნდოდა, ხაზს უსვამდა ნ. მ-შვილთან ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობების, ხოლო ქ. ჯ-შვილთან კონფლიქტური მდგომარეობის არსებობას. აღნიშნული ცალსახად არ იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ გი. კ-ურის მიერ განხორციელდა ქორწინების შეწყვეტა ქ. ჯ-შვილთან და ამგვარი მდგომარეობა შენარჩუნდა მის გარდაცვალებამდე. ის გარემოება, რომ გი. კ-ურმა, მიუხედავად ქ. ჯ-შვილთან კონფლიქტური ურთიერთობებისა, წლების მანძილზე (მით უფრო 2005 წელს გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ) არ განაცხადა მასთან განქორწინების შესახებ ნება, აღძრავდა დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მას არ სურდა ქ. ჯ-შვილთან ქორწინების შეწყვეტა. ამასთან, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ა. პ-შვილის ჩვენება შეიცავდა ცნობებს იმის თაობაზე, რომ მეგობრებთან ერთად 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ჩასულები იყვნენ ნათესავის (მოწმე ა. პ-შვილის) მოსანახულებლად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად აუცილებელი იყო იმის დადგენა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით იძლეოდა თუ არა 1341-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობების დადგენის შესაძლებლობას და ნორმის კვალიფიკაციის საფუძველს. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მეუღლისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუკი ერთდროულად სახეზეა შემდეგი მაკვალიფიცირებელი გარემოებები: სამკვიდროს გახსნამდე სამი წლის განმავლობაში მეუღლეებს შორის შეწყვეტილია ქორწინება და ამასთან მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა მხოლოდ ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი არ არის საკმარისი ქორწინების შეწყვეტილად მიჩნევისათვის. უნდა დასტურდებოდეს ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან ნების გამოვლენა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ეს უკანასკნელი უნდა ვლინდებოდეს კონკრეტულ ქმედებაში, რაც თავის მხრივ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იძლეოდეს ცალსახა დასკვნის გაკეთების საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შეთავაზებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმის _ კანონიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, ამოქმედებისათვის. ამდენად, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 123-143).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ურის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ-შვილმა (წარმომადგენელი მ. ა-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ჯ-შვილსა და მამკვიდრებელ გი. კ-ურს შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე 3 წლის განმავლობაში, საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად არ ყოფილა შეწყვეტილი. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ვერ მიუთითებს ვერც ერთ კონკრეტულ გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე, რომელსაც ემყარება ზემოაღნიშნული დასკვნა. იგი მიუთითებს მხოლოდ ერთი მოწმის, ა. პ-შვილის ჩვენებაზე, რაც არასწორად არის გადმოცემული. დასახელებული მოწმე, რომელიც ქ. ჯ-შვილის ინიციატივით დაიკითხა, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გი. კ-ურს (მამკვიდრებელი) ქ. ჯ-შვილთან დაშორების შემდეგ ჰყავდა მეორე მეუღლე ხ. ბ-შვილი, ხოლო შემდეგ მესამე მეუღლე ნ. მ-შვილი.
რაც შეეხება მამკვიდრებელ გი. კ-ურის ნებას ქ. ჯ-შვილთან ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, კასატორის მტკიცებით, ამ უკანასკნელმა ვერ მოასწრო მოპასუხესთან ოფიციალურად განქორწინება. ეს დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, საქმეზე წარდგენილია ქ. ჯ-შვილის განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს ისნის რაიონულ სასამართლოს გი. კ-ურთან განქორწინების მოთხოვნით 1996 წელს. აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობა ქ. ჯ-შვილს საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია (ტომი II, ს.ფ. 154-162).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები: 1. კასატორი - თ. კ-ური, წარმოდგენილი კანონიერი წარმომადგენლის ნ. მ-შვილის და მისი წარმომადგენლის მ. ა-ძის სახით; 2. მესამე პირი გ. კ-ური წარმოდგენილი მ. ა-ძის სახით; 3. მოწინააღმდეგე მხარე ქ. ჯ-შვილი წარმოდგენილი მ. ს-ძის სახით; 4. მესამე პირი ა. კ-ური წარმოდგენილი მ. ს-ძის სახით - მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. წინამდებარე შეთანხმების ძალით აწ გარდაცვლილი გ. ბ-ძის (2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის დედის) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ ..., სარეგისტრაციო ზონა _ გარდაბანი, კოდი _ 81, სექტორი _ გარდაბნის რაიონი, კოდი _ 11, კვარტალი _ 08, ნაკვეთის ნომერი _ 193, ფართობი _ დაზუსტებული 0.42ჰა, ასევე სხვა სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით) საკუთრებაში გადაეცემა ქ. ჯ-შვილს და აღიარებულ იქნეს მისსავე საკუთრებად. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს საფუძველს გ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ქ. ჯ-შვილის რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში. ამავე მიზნით მხარეები აცხადებენ და წინამდებარე შეთანხმების თანახმად ადასტურებენ, რომ ქ. ჯ-შვილი წარმოადგენს გ. ბ-ძის ქონების ერთადერთ მესაკუთრეს მემკვიდრეობის საფუძველზე და, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით (რაც არ გამორიცხავს ამ შეთანხმების მომდევნო პუნქტების დებულებების მოქმედებას);
2. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული პირობის სანაცვლოდ ქ. ჯ-შვილი, წინამდებარე შეთანხმებით, ვალდებულებას იღებს, რომ 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის სამკვიდრო ქონებიდან მიღებული თავისი კუთვნილი 1/4 წილი (25%) (რომელიც ქ. ჯ-შვილს მიღებული აქვს 2008 წლის 15 ივლისს ნოტარიუს ნ.გ-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და 2007 წლის 14 დეკემბრის “ძველი უ.-ს” ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე), გადასცეს გი. კ-ურის დანარჩენ მემკვიდრეებს, თ. კ-ურს 9%, გ. კ-ურს 9% და ა. კ-ურს 7%, საჯარო რეესტრში აღრიცხვით;
3. გი. კ-ურის სამკვიდროში შემავალ აქტივზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია საკუთრების უფლებასთან, თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან, ან ამავე უძრავი ნივთის შენატანის საფუძველზე “ძ. უ.-ს” ამხანაგობაში წევრობასთან, წინამდებარე შეთანხმების ძალით თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ თ. კ-ური, გ. კ-ური და ა. კ-ური. ამასთან, სამკვიდროში შემავალ ამ აქტივზე ა. კ-ურს ეკუთვნის თანასაკუთრებაში 32%-იანი წილი, თ. კ-ურს ეკუთვნის 34%-იანი წილი, ხოლო გ. კ-ურს ეკუთვნის 34%-იანი წილი;
4. ამ შეთანხმების მხარეებთან მიმართებაში ამ შეთანხმებით დადგენილი წესები არ ვრცელდება გი. კ-ურის ისეთ ქონებაზე, რომელიც არ უკავშირდება თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას ან წილზე საკუთრების უფლებას “ძ. უ.-ს” ამხანაგობაში, ან ამ შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გი. კ-ურის სამკვიდროში შემავალ აქტივს;
5. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტამდე არსებობას განაგრძობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით (¹37578-08).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გთვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი _ თ. კ-ური (კანონიერი წარმომადგენელი ნ. მ-შვილი) საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე (ტომი II, ს.ფ. 261-262). რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარე ქ. ჯ-შვილს, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსამზადებელ სხდომაზე, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეც უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს მხარეთა (1. კასატორი - თ. კ-ური წარმოდგენილი კანონიერი წარმომადგენლის ნ. მ-შვილის და მისი წარმომადგენლის მ. ა-ძის სახით; 2. მესამე პირი გ. კ-ური წარმოდგენილი მ. ა-ძის სახით; 3. მოწინააღმდეგე მხარე ქ. ჯ-შვილი წარმოდგენილი მ. ს-ძის სახით; 4. მესამე პირი ანა კ-ური წარმოდგენილი მ. ს-ძის შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. წინამდებარე შეთანხმების ძალით აწ გარდაცვლილი გ. ბ-ძის (2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის დედის) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ ..., სარეგისტრაციო ზონა _ გარდაბანი, კოდი _ 81, სექტორი _ გარდაბნის რაიონი, კოდი _ 11, კვარტალი _ 08, ნაკვეთის ნომერი _ 193, ფართობი _ დაზუსტებული 0.42ჰა, ასევე სხვა სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით) საკუთრებაში გადაეცემა ქ. ჯ-შვილს და აღიარებულ იქნეს მისსავე საკუთრებად. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს საფუძველს გ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ქ. ჯ-შვილის რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში. ამავე მიზნით მხარეები აცხადებენ და წინამდებარე შეთანხმების თანახმად ადასტურებენ, რომ ქ. ჯ-შვილი წარმოადგენს გ. ბ-ძის ქონების ერთადერთ მესაკუთრეს მემკვიდრეობის საფუძველზე და, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით (რაც არ გამორიცხავს ამ შეთანხმების მომდევნო პუნქტების დებულებების მოქმედებას);
2. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული პირობის სანაცვლოდ ქ. ჯ-შვილი, წინამდებარე შეთანხმებით, ვალდებულებას იღებს, რომ 2007 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი გი. კ-ურის სამკვიდრო ქონებიდან მიღებული თავისი კუთვნილი 1/4 წილი (25%) (რომელიც ქ. ჯ-შვილს მიღებული აქვს 2008 წლის 15 ივლისს ნოტარიუს ნ.გ-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და 2007 წლის 14 დეკემბრის “ძ.ი უ.-ს” ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე), გადასცეს გი. კ-ურის დანარჩენ მემკვიდრეებს, თ. კ-ურს 9%, გ. კ-ურს 9% და ანა კ-ურს 7%, საჯარო რეესტრში აღრიცხვით;
3. გი. კ-ურის სამკვიდროში შემავალ აქტივზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია საკუთრების უფლებასთან, თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან, ან ამავე უძრავი ნივთის შენატანის საფუძველზე “ძ.ი უ.-ს” ამხანაგობაში წევრობასთან, წინამდებარე შეთანხმების ძალით თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ თ. კ-ური, გ. კ-ური და ა. კ-ური. ამასთან, სამკვიდროში შემავალ ამ აქტივზე ა. კ-ურს ეკუთვნის თანასაკუთრებაში 32%-იანი წილი, თ. კ-ურს ეკუთვნის 34%-იანი წილი, ხოლო გ. კ-ურს ეკუთვნის 34%-იანი წილი;
4. ამ შეთანხმების მხარეებთან მიმართებაში ამ შეთანხმებით დადგენილი წესები არ ვრცელდება გი. კ-ურის ისეთ ქონებაზე, რომელიც არ უკავშირდება თბილისში, 300 ... მე-3 შესახვევის ¹5-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას ან წილზე საკუთრების უფლებას “ძ. უ.-ს” ამხანაგობაში, ან ამ შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გი. კ-ურის სამკვიდროში შემავალ აქტივს;
5. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტამდე არსებობას განაგრძობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით (¹37578-08).
II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
III. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
IV. მოწინააღმდეგე მხარე ქ. ჯ-შვილი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.