ას-613-575-2010 3 აგვისტო, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ გ. პ-ული
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 16 ოქტომბერს ა. გ-ძემ სარჩელით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს გ. პ-ულის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 3 000 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 2-13).
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. პ-ულს მის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთრების ხელყოფით გამოწვეული ზიანის _ 3 000 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 133-135);
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-ულმა (ტომი I, ს.ფ. 140-151).
თბილისის სააპლეაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. პ-ულის სააპლეაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული მუხლის მიხედვით მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ ვ. გ-შვილთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს გ-შვილისათვის საქონლის გამოსაკვებად უნდა გადაეცა მისი კუთვნილი 150ჰა საძოვარი, ხოლო გ-შვილს მოსარჩელესათვის უნდა გადაეხადა 3 000 ლარი საძოვრით სარგებლობისათვის. მოპასუხისაგან ხელშეშლის გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი საძოვრით სარგებლობა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკანონო მფლობელობაში ჰქონდა მოპასუხეს. ხელშეშლა გამოიხატა იმაში, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად საძოვარი ვერ გადასცა გ-ძემ გ-შვილს, რის გამოც ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური 3 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. გ-ძის სარჩელი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი II, ს.ფ. 60-67).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-ულმა, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის უკან დაბრუნება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სარჩელი წარდგენილია არასათანადო მოსარჩელის მიერ არასათანადო მოპასუხის მიმართ და აღნიშნული უნდა გაერკვია სასამართლოს სსსკ-ის 84-85-ე მუხლების საფუძველზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რა სამართალურთიერთობაში იყო მოპასუხე მწყემსებთან, რომლებიც მის საქონელს მწყემსავდნენ. არასათანადო მოსარჩელეა ა. გ-ძეც, რადგან გ-შვილთან დადებული იჯარის ხელშეკრულების შემდეგ სადავო ტერიტორიაზე უფლება გააჩნდა გ-შვილს და არა გ-ძეს.
კასატორი განმარტავს, რომ მის საქონელს არ დაუკავებია სხვისი ტერიტორია. მან ვერ მოახერხა მანამდე წარედგინა 50 ჰექტარ მიწაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გამგეობასთან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება უკან დაუბრუნა. ეს მტკიცებულება მნიშვნელოვანია, რადგან ორივე სასამართლოში იმაზე იყო კამათი, რომ მას არავითარი საძოვარი არ ჰქონდა იჯარით აღებული (ტომი II, ს.ფ. 73-81).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, გ. პ-ულის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გ. პ-ულს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. პ-ულის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ. პ-ულს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.