Facebook Twitter

ას-614-576-2010 13 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ტ. შ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ს-იდი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ს-იდმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ძის, ტ. შ-იანისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მ.გ-ძესა და ტ.შ-იანს შორის 2008 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 20 მაისს მოსარჩელემ 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტ 142 000 ლარად მ. გ-ძისაგან შეიძინა ხელვაჩაურში მდებარე 968 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრში, თუმცა აღნიშნული ნივთი თავის სახელზე მხოლოდ 2008 წლის 10 ივნისს, თავისი პირადი მონაცემების საჯარო რეესტრში წარდგენის შემდეგ აღრიცხა. მოგვიანებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ მ.გ-ძემ სადავო ბინა უკანონოდ ხელმეორედ მიჰყიდა ტ. შ-იანს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ.ს-იდის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ძესა და ტ. შ-იანს შორის 2008 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში და გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტ.შ-იანის სახელზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მის მესაკუთრედ აღირიცხა ხ. ს-იდი.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ტ. შ-იანმა, რაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ს-იდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ს-იდმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ს-იდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე საოქმო განჩინება ტ. შ-იანის წარმომადგენელ კ.ს-ძისა და მ.გ-ევას საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო აპელანტის მოთხოვნა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის მთავარი სხდომის თაობაზე მოპასუხეები _ ტ. შ-იანი, მ. გ-ძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და 2009 წლის 3 სექტემბერს მოპასუხეთა, მათ შორის, ტ. შ-იანის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. მ. გ-ძესა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს მათ წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, არამედ იგი გასაჩივრდა მხოლოდ ტ. შ-იანის მიერ.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება, ენდოკრინოლოგისა და მკურნალი ექიმის _ ნ. ლ-ძის დასკვნა ეხება ტ. შ-იანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2009 წლის 2 სექტემბრისათვის. მასში ასახულია, რომ „ტ. შ-იანი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, არის ინსულინ მომხმარებელი, მისი მგზავრობა დიდ მანძილზე არ შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ სამედიცინო ცნობაში მითითებული გარემოებები არ ადასტურებს, რომ, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 3 სექტემბერს ტ. შ-იანმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან აღნიშნული ცნობა არ არის სათანადო ფორმით შედგენილი და მას ხელს არ აწერს და თავისი ბეჭდით არ ამოწმებს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. მეტიც, აღნიშნული ცნობა საერთოდ არ არის გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ.

სასამართლომ ჩათვალა, რომ საჩივრის ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამედიცინო ცნობა, რომ 2009 წლის 3 სექტემბერს ტ. შ-იანი იყო ავად და მისი გადაადგილება არ შეიძლებოდა. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნები და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა გადაწყვეტილება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვით მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2008 წლის 20 მაისს მ. გ-ძესა და ხ. ს-იდს შორის შესდგა ნასყიდობის ხელშეკრულება¸სოფელ გონიოში მდებარე 968 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ზემოხსენებული ხელშეკრულება იმავე დღეს წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს. პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 27 მაისს მ. გ-ძესა და ტ. შ-იანს შორის შემდგარი ნასყიდობა იმავე ქონებაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული ბათილი გარიგებაა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლით და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ამონარიდზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნიდან, რომლის საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ მ. გ-ძემ და ხ. ს-იდმა გამოხატეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნება, მოახდინეს მისი ლეგალიზება და 2008 წლის 20 მაისს განცხადება წარადგინეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ გამყიდველმა მ. გ-ძემ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ნება მყიდველ ხ. ს-იდთან 2008 წლის 20 მაისს უკვე გამოხატა, შესაბამისად, ამავე წლის 27 მაისს მას სადავო ნივთის გასხვისების უფლებამოსილება აღარ გააჩნდა.

ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ ტ. შ-იანი ვერ იქნება სადავო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უკვე რეგისტრირებული იყო ხ. ს-იდის განცხადება სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად და ეს ასახული იყო საჯარო რეესტრის მონაცემებში, რაც აუცილებლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია იყო მყიდველ ტ. შ-იანისათვის. სამოქალაქო ურთიერთობებში კი მყიდველის კეთილსინდისიერება უპირატესად გონივრული წინდახედულობის სწორედ იმ ფარგლებს გულისხმობს, რომლის გათვალისწინებითაც მყიდველმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ნივთის ნაკლის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ტ. შ-იანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ადმინისტრაციული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ტ.შ-იანს სასამართლოსადმი უპატივცემულობა არ გამოუხატავს. სადავო შემთხვევაში დაუსწრელებელი გადაწყვეტილების გამოტანა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს.

ამასთან, მოსარჩელე მოცემულ საქმეში მოპასუხედ მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურს, რომელსაც, მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარკვეული ქმედების განხორციელება უნდა დაკისრებოდა. ამდენად, საჯარო რეესტრის უკანონო მოქმედებით კასატორს მიადგა ზიანი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღნიშნული საქმე ადმინისტრაციულ სასამართლოს უნდა განეხილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა.

სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა ტ. შ-იანის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი განცხადება, რომლითაც იგი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო ითხოვდა პროცესის სხვა დროისათვის გადადებას და არასწორად შეაფასა მკურნალი ექიმის სამედიცინო ცნობა.

ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხის ავადმყოფობის გამო მისი სასამართლოში გამოცხადება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, მხარეს სასამართლოსადმი უპატივცემულობა არ გამოუხატავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით ტ. შ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ტ. შ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოს ხდის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ტ. შ-იანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 6 ივლისს გადახდილი 6000 ლარის 70% _ 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. შ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ტ. შ-იანს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 4200 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.