ბს-1177-1005-კ-04 13 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 14 იანვრის ¹2-17 ბრძანებით დამტკიცდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის, 1998 წლისათვის სუბსიდის სახით გამოყოფილი სამი მილიონი ლარის მაღალეფექტიანად გამომყენებელი ორგანიზაციების შესარჩევად გამოცხადებული ტენდერის შედეგები. ტენდერში სხვა საწარმოებთან ერთად გაიმარჯვა შპს “ტ.”. ტენდერის საფუძველზე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის 1998წ. 26 იანვარს დაიდო ხელშეკრულება მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1998 წლისათვის სახელმწიფო ინვესტიციის სახით გამოყოფილი 280000 ლარის მაღალეფექტიანად გამოყენების შესახებ, რაც ვერ შესრულდა დაუფინანსებლობის გამო.
1998წ. 24 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის იმავე მიზნით _ მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 186000 ლარზე კვლავ დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ტ.” დაეკისრა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოება. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში იყო შემსრულებელს _ შპს “ტ.” და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად.
ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის 1998წ. 5 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹140, რომლითაც “მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. ¹266 ბრძანებულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო 3წ. ვადით, წლიური 15%-ის დარიცხვით, სესხის სახით გამოუყოფდა 186000 ლარს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ მსესხებელს _ შპს “ტ.”. სესხის 30% მსესხებელს უნდა გადარიცხვოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაის პლანტაციების აღდგენითი სამუშაოების შესრულების მიხედვით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამოწმებულ სამუშაოთა შესრულებულ ფაქტობრივ მოცულობასა და ღირებულებაზე შესაბამისი ცნობის წარდგენიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 2.1 პუნქტი). სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა სესხის პირველი 30%-ის გაცემიდან 3 წელი (პუნქტი 2.2). სესხის ძირითადი თანხა უნდა დაფარულიყო სესხით სარგებლობის პერიოდის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით (პუნქტი 3.2), ხოლო სესხით სარგებლობის პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველკვარტალურად, დაწყებული 1999წ. მეორე კვარტლიდან (3.3 პუნქტი). შპს “ტ.” მიერ სესხისა და მისი სარგებლობის პროცენტის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება საურავი, გადასახდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პუნქტი 3.5). ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტორი _ ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო, გამოყოფილი სესხი შპს “ტ.” გადაერიცხა ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადებსა და პირობებში (პუნქტი 3.1). ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ საკრედიტო რესურსების გამოყენების შესახებ შპს “ტ.” დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი პირობების შეუსრულებლობა განიხილება საკრედიტო ხელშეკრულების შეუსრულებლობად.
გარკვეული სამუშაოების შესრულების მიუხედავად, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო თანხის _ 186000 ლარის 30%-ის (55800) დადგენილ ვადაში გაცემა და 1999წ. სექტემბრისათვის კვლავ ჩაურიცხავი იყო 34300 ლარი, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის 1999წ. 29 სექტემბერს დაიდო დამატებითი ხელშეკრულება ¹23, რომლითაც ცვლილება შევიდა 1998წ. 24 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში. შპს “ტ.” მიერ სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრა ამ თანხის 10%-ის ოდენობით (პუნქტი 3.1). დამატებითი ხელშეკრულების 1.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაშია შპს “ტ.” და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ერთად.
2002წ. 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს “ტ.” მიმართ და სკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე შემდეგი მოტივით მოითხოვა მოპასუხისათვის 442889 ლარის დაკისრება: 1998წ. 5 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹140 186000 ლარის 3 წლის ვადით გამოყოფის შესახებ, წლიური 15%-ის გათვალისწინებით და მხარეებს შორის წარმოიშვა ურთიერთვალდებულებები, თანახმად სკ-ის 317-ე მუხლისა, რომელიც მსესხებელმა არ შეასრულა, კერძოდ, მსესხებელი ვალდებული იყო, კრედიტის ძირითადი თანხა დაეფარა სესხით სარგებლობის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ხოლო სესხით სარგებლობის პროცენტი გადაეხადა ყოველკვარტალურად, დაწყებული 1999წ. მეორე კვარტლიდან, რაც შპს “ტ.” არ განახორციელა, რის გამოც მას ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, დაერიცხა საურავი საკრედიტო თანხის 0,2%-ის ოდენობით. შპს “ტ.” დავალიანება სულ შეადგენს 443889 ლარს, აქედან სესხის ძირითადი თანხა 186000 ლარი, სესხით სარგებლობის პროცენტი _ 61134 ლარი, საურავი _ 195755 ლარი. მოსარჩელემ სკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების სახით 442889 ლარის შპს “ტ.” დაკისრება, ხოლო სსკ-ის 198-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ასევე მოითხოვა მოპასუხის ქონების დაყადაღება.
მოპასუხე შპს “ტ.” არ ცნო ფინანსთა სამინისტროს სარჩელი და თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც შემდეგი მოტივით მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის 442 140 ლარის დაკისრება: შპს “ტ.” მოსაზრებით გარდა სარჩელში მითითებული ¹140 საკრედიტო ხელშეკრულებისა, ფინანსთა სამინისტროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოეშვა აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან 1998წ. 26 იანვარსა და 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის პირობები არაერთგზის დაარღვია თვით ფინანსთა სამინისტრომ, კერძოდ, ხელშეკრულებების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს “ტ.”, როგორც ტენდერში გამარჯვებული პირისათვის, მეჩაიეობის მეურნეობის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების საწარმოებლად უნდა ჩაერიცხა ჯერ 280000 ლარი, რაც არ შესრულდა ფინანსთა სამინისტროს მიერ, ხოლო შემდეგ 186000 ლარი. პირველი გადარიცხვა _ საკრედიტო თანხის 30% ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადებიდან 15 დღის ვადაში, რაც დაირღვა ფინანსთა სამინისტროს მიერ და თანხა მსესხებელზე გაიცა 79 დღის დაგვიანებით. 25 და 46-დღიანი დაგვიანებით განხორციელდა კრედიტის დანარჩენი თანხების გაცემაც, ხოლო 52700 ლარი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან 1998წ. 26 იანვარს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, “ტ.” დღემდე მიუღებელი აქვს, რაც ასევე დასტურდება კონტროლის პალატის 1999წ. 12 მაისის აქტით. კრედიტის თანხების გაცემის ვადების ამგვარი დარღვევებიდან გამომდინარე მოსალოდნელი უარყოფით შედეგებისა და უკვე მიღებული ზიანის შესახებ შპს “ტ.” სისტემატურად აცნობებდა როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე “დამკვეთს” _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს. შპს “ტ.” ფინანსთა სამინისტროს მიერ საკრედიტო თანხების დაგვიანებით გადარიცხვის გამო მიყენებულმა ზრალმა შეადგინა 495976 ლარი, ხოლო საკრედიტო თანხის ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულებების 4.1 და 2.1 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმა შეადგენს 52164 ლარს. კასატორის მითითებით, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო საწარმომ იზარალა დამატებით 80000 ლარი, რადგან უნდა ეწარმოებინა 1350 ტ. ჩაი და დაამზადა მხოლოდ 102 ტ. ამასთან, მეჩაიეებისა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების დავალიანების დაფარვის მიზნით, კასატორი იძულებული იყო, აეღო სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან კრედიტი. ამ გზით წარმოშობილი საწარმოს დავალიანება შეადგენს 228000 ლარს. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მათ განიცადეს მნიშვნელოვანი ზარალი, მიმართეს სამინისტროებს კონსტრუქციული წინადადებით დავალიანებათა გაქვითვის თაობაზე და პასუხი არც მისვლიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტ.” შეგებებული სარჩელით აღიარა ფინანსთა სამინისტროსთან 1998წ. ¹140 ხელშეკრულების საფუძველზე 186000 ლარის საკრედიტო დავალიანება, მაგრამ სკ-ის 316-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 412-ე მუხლებისა და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსათვის 442140 ლარის დაკისრება და სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს “ტ.” დაეკისრა 442889 ლარის გადახდა, ხოლო შპს “ტ.” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 493708 ლარი, რაც გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ტ.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და სამინისტროსათვის 493708 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო შპს “ტ.” სააპელაციო საჩივარი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს “ტ.” ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ¹140 ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 186000 ლარის კრედიტი, რის შედეგადაც ფინანსთა სამინისტრომ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შპს “ტ.”, თავის მხრივ, წარმოეშვა ვალდებულება კრედიტის და მასზე გათვალისწინებული სარგებლის ხელშეკრულებითა და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში დაფარვისა. ვინაიდან შპს “ტ.” ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულებისა და სკ-ის 316-ე მუხლის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს წარმოეშვა უფლება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ¹140 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის _ 0,2%-ის, მოთხოვნაზე და ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ტ.” ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 422889 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს. აქედან სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 186000 ლარს, სესხით სარგებლობის პროცენტი _ 61134 ლარს და საურავი _ 195755 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ტ.” სარჩელის დაკმაყოფილებისა და სამინისტროსთვის 494708 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან დაუშვებლად მიიჩნია შპს “ტ.” შეგებებული სარჩელი, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, განსახილველი დავის საგანი იყო შპს “ტ.” და ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ¹140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. ხელშეკრულებაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო მხარეს არ წარმოადგენდა. შპს “ტ.” შეგებებული სარჩელი გამომდინარეობდა “ტ.” და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, სადაც ფინანსთა სამინისტრო მხარეს არ წარმოადგენდა, ამიტომ ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა და შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას.
სააპელაციო პალატამ შპს “ტ.” შეგებებულ სარჩელს უარი უთხრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმართ მოთხოვნაზე, რადგან ჩათვალა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეს და განუმარტა მხარეს, რომ უფლება აქვს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმართ ცალკე შეიტანოს სარჩელი განსჯად სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ტ.” მიერ, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას:
სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 189-ე მუხლი მათი შეგებებული სარჩელის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, რადგან თავად ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ¹140 ხელშეკრულების 4.1 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ შპს “ტ.” და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი პირობების შეუსრულებლობა განიხილება საკრედიტო ხელშეკრულების შეუსრულებლობად. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან 1998წ. 24 სექტემბრის ხელშეკრულების მე-3 მუხლიც ნათლად მიუთითებს, რომ ხელშეკრულება ძალაშია შპს “ტ.” და ფინანსთა სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებასთან ერთად. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხეობაზე მითითება და, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაუშვებლად ცნობა უმართებულოა. ამასთან, თუ სასამართლო ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ მიიჩნევდა შეგებებულ სარჩელში, სსკ-ის 85-ე მულის თანახმად, უნდა ემსჯელა სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 აპრილის ¹266 ბრძანებულების მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 1 მაისამდე უნდა უზრუნველეყო ტენდერში გამარჯვებული საწარმოებისათვის სუბსიდიის თანხების გაცემა, რაც ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ შეასრულა, ოღონდ დაგვიანებით და 52700 ლარი “ტ.” დღემდე არ მიუღია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის 1998წ. 26 იანვრის ხელშეკრულების დადებას წინ უძღოდა ფინანსთა სამინისტროს შეთანახმება, რაც სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა.
მოწინააღმდეგე მხარეთა _ ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ტ.” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შპს “ტ.” სახელშეკრულებო დავალიანების _ 422889 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო შპს “ტამანის” შეგებებული სარჩელი 493708 ლარის ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა სსკ-ის 189-ე მუხლის საფუძველზე, რადგან სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოპასუხე შპს “ტ.” შეგებებული სარჩელი მოსარჩელე ფინანსთა სამინისტროს მიმართ. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 189-ე მუხლი და შპს “ტამანის” შეგებებული სარჩელი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “მოპასუხეს უფლება აქვს, მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად”. ამდენად, შეგებებულ სარჩელს აღძრავს მოპასუხე მოსარჩელის მიმართ და განსხვავებით შესაგებლისა (შეპასუხებისა), იგი მიმართულია არა მხოლოდ სარჩელის ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობის გაქარწყლებისაკენ, არამედ შეგებებული სარჩელის სამართლებრივი მიზანია ძირითადი სარჩელისაგან მოპასუხის დაცვა მისი (მოპასუხის) მოთხოვნის (უფლების) აღიარებით, რასაც შედეგად მოჰყვება პირვანდელი სარჩელის ჩათვლა (ვალდებულებათა გაქვითვა) ან შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილებას (სსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები). უმთავრესი მახასიათებელი შეგებებული სარჩელისა არის ის გარემოება, რომ შეგებებულ სარჩელს აღძრავს პირვანდელი სარჩელის მოპასუხე, რომელიც შეგებებულ სარჩელში წარმოადგენს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხედ გვევლინება თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე, ანუ თავდაპირველ და შეგებებულ სარჩელში პროცესუალური სუბიექტები ერთმანეთს სტატუსს უცვლიან.
განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელის სუბიექტები არიან ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე) და შპს “ტ.” (მოპასუხე), ხოლო სარჩელის იურიდიული საფუძველია ფინანსთა სამინისტროს (კრედიტორი) და შპს “ტამანს” (მსესხებელი) შორის 1998წ. 5 ოქტომბერს დადებული ¹140 საკრედიტო ხელშეკრულება 186000 ლარის კრედიტის გამოყოფის შესახებ. ¹140 საკრედიტო ხელშეკრულებაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, როგორც კონტრაჰენტი, მითითებული არ არის და ამიტომ ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს “ტამანის” წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში მხარეს არ წარმოადგენს.
შპს “ტ.” შეგებებული სარჩელის მიხედვით, შპს “ტ.” არის მოსარჩელე, მოპასუხეები არიან ფინანსთა სამინისტრო (თავდაპირველი მოსარჩელე) და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ხოლო სარჩელის იურიდიული საფუძველია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის 1998წ. 26 იანვარს დადებული ხელშეკრულება მეჩაიეობის აღდგენისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით გამოყოფილი 280000 ლარის შესახებ. ხელშეკრულების კონტრაჰენტები არიან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, როგორც “დამკვეთი” და შპს “ტ.” _ როგორც “შემსრულებელი”. ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს. მართალია, ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებულია, რომ 280000 ლარის გრაფიკის მიხედვით “ტ.” გაუცემლობის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა ჯარიმა, გადასარიცხი თანხის 0,01%, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ფინანსთა სამინისტროს კონტრაჰენტად ცნობისათვის. რადგან ხელშეკრულება დადებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე, ამიტომ 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა მესამე პირის (ფინანსთა სამინისტროს) წერილობითი თანხმობის აუცილებლობის შესახებ, როცა ადმინისტრაციული გარიგება ზღუდავს მის უფლებას ან აკისრებს რაიმე ვალდებულებას, ამ შემთხვევაში დაცული ვერ იქნებოდა, მაგრამ თავად ხელშეკრულებაშია მითითებული, რომ იგი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ფინანსთა სამინისტროსთან და ასეთი შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება “ტ.” წარმოდგენილი არა აქვს. ამიტომ 1998წ. 26 იანვრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ერთი მხრივ და შპს “ტ.” _ მეორე მხრივ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ გარიგების მონაწილე სუბიექტი არ არის, ამიტომ 1998წ. 26 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა პროცესუალურად წარმოადგენს მოსარჩელე შპს “ტ.” და მოპასუხე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის დამოუკიდებელ დავას, რომელშიც ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შპს “ტ.” შეგებებული სარჩელი თავდაპირველ მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არ შეესაბამება სსკ-ის 188-189-ე მუხლების მოთხოვნებს და სასამართლომ ამ მოტივით სწორად უთხრა უარი შპს “ტ.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დარღვევაზე, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 აპრილის ¹266 ბრძანებულების მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, 1998წ. 1 მაისამდე უნდა განაღდებულიყო საქართველოს ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადელ, რაც “ტ.” შემთხვევაში ნაწილობრივ შესრულდა და დღემდე მიუღებელი აქვს 52700 ლარი. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს ვერ დაეთანხმება, რადგან, როგორც თავად კასატორი შპს “ტ.” განმარტავს, ფინანსთა სამინისტროსთან 1998წ. 5 ოქტომბერს დადებული ¹140 ხელშეკრულების შესაბამისად, მას დაგვიანებით, მაგრამ სრულად აქვს მიღებული კრედიტის თანხა _ 186000 ლარი, ხოლო კასაციაში მითითებული მიუღებელი თანხა _ 52700 ლარი არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან 1998წ. 26 იანვარს დადებული სახელშეკრულებო თანხის, 280000 ლარის ნაწილი და, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გადაწყვეტილებას, რადგან კასატორი თავად განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ¹140 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 186000 ლარი მას მიღებული აქვს, ხოლო მისი დაფარვის (გადახდის) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ ¹140 საკრედიტო ხელშეკრულების 2.3 და 3.2 პუნქტისა და სკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე, შპს “ტ.” საკრედიტო თანხის, 186000 ლარის, დაკისრება კანონიერია და საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა შპს “ტ.” კრედიტით სარგებლობის პროცენტის დაკისრების ნაწილში და ვინაიდან სამართლებრივი ბუნებით კრედიტი წარმოადგენს სასყიდლიან გარიგებას, სკ-ის 868-ე მუხლის და ¹140 საკრედიტო ხელშეკრულების 1.1 პუნქტის საფუძველზე, ასევე კანონიერია შპს “ტ.” კრედიტით სარგებლობის პროცენტის დარიცხვა. სკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას და კრედიტორს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს ვალდებულების შესრულებაც და ვადის ვაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდაც. ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ¹140 ხელშეკრულების 3.5 პუნქტი ნათლად ითვალისწინებს კრედიტისა და პროცენტის დადგენილ ვადაში, შპს “ტამანის” მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ საურავის სახით გადასახდელი თანხის 0,2%-ის “ტამანისათვის” დაკისრებას, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ასევე კანონიერია სასამართლო გადაწყვეტილება შპს “ტ.” ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს შპს “ტ.” საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს არ მომხდარა და სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებითა და მტკიცებულებების სწორი გამოკვლევა-შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს “ტ.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ტ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება;
3. შპს “ტ.” საკასაციო საჩივარზე დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 4000 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.