¹ას-61-52-2011 27 იანვარი, 2011 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – კ. ძ-ძე, პ. ძ-ძე, ო. ჯ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. შპს «ჯ.», 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ი. პ-ძის და სხვათა სარჩელი მოპასუხეების - შპს «ჯ.-ს», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით კ. ძ-ძის, პ. ძ-ძის, ო. ჯ-იანის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ძ-ძემ, პ. ძ-ძემ და ო. ჯ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ძ-ძის, პ. ძ-ძის და ო. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა მხარესაც და მის წარმომადგენელსაც.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაეგზავნა და 2010 წლის 3 ივლისს პირადად ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელს თ. ფ-ძეს (ტომი 2, ს.ფ. 80; 86). საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით ირკვევა, რომ პ. ძ-ძე, კ. ძ-ძე და ო. ჯ-შვილი (მარწმუნებლები) უფლებამოსილებას ანიჭებენ თ. ფ-ძეს (რწმუნებულს) წარმოადგინოს მარწმუნებლები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს.ფ. 52-53; 66-67; 86-88). პ. და კ. ძ-ძეების მიერ მინდობილობები გაცემულია განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ო. ჯ-შვილის მიერ – 2010 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, თ. ფ-ძე, მისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მომენტისათვის, უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კასატორებისთვისაც ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 3 ივლისს და ამ მომენტიდან ისინიც უფლებამოსილნი იყნვნენ გაესაჩივრებინათ სადავო გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დინება მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 4 ივლისს და დასრულდა 2010 წლის 4 აგვისტოს. კასატორების მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 28 დეკემბერს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მათ გააუქმეს თ. ფ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობები, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მათთვის ამ გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, წარმომადგენლის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე მარწმუნებელი წერილობით მიმართავს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო. ჯ-შვილს მინდობილობა არ გაუუქმებია, ხოლო პ. და კ. ძ-ძეებმა მათ მიერ გაცემული მინდობილობები გააუქმეს 2010 წლის 14 და 16 დეკემბერს, რის შესახებაც სასამართლოს აცნობეს საკასაციო საჩივრით 2011 წლის 3 იანვარს. შესაბამისად, თ. ფ-ძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება ამ მომენტიდან, ხოლო ამ დრომდე მის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ძ-ძის, პ. ძ-ძის და ო. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ძ-ძის, პ. ძ-ძის და ო. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.