Facebook Twitter

ას-615-577-10 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს ,,ე. ჯ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და ელექტრო - ტრანსფორმატორის გადატანა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან და მიწის ნაკვეთით სარგებლობის საფასაურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ე. ჯ.-ს” დაევალა მოსარჩელე თ. გ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა თ. გ-იას კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან მდებარე ქ.მარტვილში, ... ქ. ¹15-ში ელ. ტრანსფორმატორისა და სადენების გადატანა. თ. გ-იას მეორე მოთხოვნა მოპასუხე სს „ე. ჯ.-ზე“ მიწათსარგებლობისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ე. ჯ.-მ” და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ე. ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მარტვილში, ... ქ.¹15-ში ცხოვრობს მოსარჩელე თ. გ-ია, რომელსაც აღნიშნულ მისამართზე გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1287 კვ.მ ოდენობით; 2007 წლის 5 ივნისს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მარტვილის რაიონულ სამსახურს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2007 წლის 18 ივნისს კი ზემოთ მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა, რეგისტრაციის ნომერი – 410904186.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმის ელექტრონული ვერსიისა და ორთოფოტოს მიხედვით, თ.გ-იას სახელზე რეგისტრირებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებობს ტრანსფორმატორი; თ. გ-იამ განცხადებით მიმართა სს „ე. ჯ.-ს“ დასავლეთ რეგიონული ფილიალს და მოითხოვა თავის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ტრანსფორმატორის გადატანა. 2009 წლის 27 ოქტომბერს კი, ფილიალის დირექტორის ხელმოწერით თ.გ-იამ მიიღო პასუხი, რითაც მას უარი ეთქვა ტრანსფორმატორის გადატანაზე.

2007 წლის 29 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სამსახურის მიერ სს „ე. ჯ.ს“ სახელზე რეგისტრირებულ იქნა 40,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ.მარტვილში ... ქუჩაზე. სარეგისტრაციო ბარათზე არ არის მითითებული ... ქუჩის ნომერი. აღნიშნული რეკვიზიტები – კვარტალის ნომერი – 03 და ნაკვეთის ნომერი – 075 განსხვავდება მოსარჩელე თ. გ-იას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო რეკვიზიტებისაგან. კვარტლის ნომერი – 04 და ნაკვეთის ნომერი – 186.

პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ იქნა საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ს. რ-ია, რომლის ჩვენებითაც დადასტურებულია, რომ სადავო ტრანსფორმატორი მდებარეობს თ. გ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთზე, ხოლო გ-იას მიწის ნაკვეთზე სხვა მიწის ნაკვეთი არ არის შეჭრილი.

ტრანსფორმატორის თ. გ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთში არსებობის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმეთა ჩვენებებითაც, მათ შორის, მოწმე ვ. ო-ძის ჩვენებით დასტურდება, რომ 25 წლის წინ დროებით ჩაიდგა თ. გ-იას მიწის ნაკვეთში ტრანსფორმატორი, რომლის გატანაც თ. გ-იამ არაერთხელ მოითხოვა.

პალატამ მიიჩნია, რომ სს „ე. ჯ.-მ“ ვერ დაადასტურა, რომ ტრანსფორმატორი და ელექტრო სადენები მდებარეობს იმ 40,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მას დაურეგისტრირდა ... ქუჩაზე.

პალატამ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მესაკუთრე თ.გ-იას მიერ თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა არ არის შეზღუდული, მოპასუხესთან ან სხვა პირთან სახელშეკრულებო ბოჭვით. ხოლო მოსარჩელის მოქმედება, თავისუფლად ფლობდეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგანაც გამოკვეთილია მოსარჩელის ინტერესის უპირატესობა, ვინაიდან მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მოპასუხე საზოგადოების კუთვნილი ელ. ტრანსფორმატორი და მაღალი ძაბვის სადენები წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რომლისგანაც გამომდინარეობს ყოველწლიური საშიშროება მით უმეტეს ელ.ტრანსფორმატორი არ არის სათანადოდ დაცული.

პალატამ მიიჩნია, რომ გ-იას, როგორც მესაკუთრეს, აქვს უფლება, მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ასევე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე სს „ე. ჯ.“ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფლობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მხარეთა შორის არ ყოფილა მიწით სარგებლობის საიჯარო ხელშეკრულება.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიწით სარგებლობის ქირის გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ.გ-იას არ შეუთავაზებია მოპასუხე სს „ე. ჯ.-სათვის“ მიწის სარგებლობის საიჯარო ხელშეკრულების დადება და მხარეთა შორის შეთანხმება არ შემდგარა ხელშეკრულების არსებით პირობებზე და საიჯარო ქირაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით საიჯარო ქირის – ყოველთვიურად 50 ლარის მოთხოვნა უნდა მოქცეულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ხოლო თუკი მოპასუხე უარს განაცხადებდა საიჯარო ქირის გადახდასა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაშინ მოსარჩელე თ.გ-იას, შეეძლო მოეთხოვა მოპასუხისაგან კომპენსაცია, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით უკანონო სარგებლობისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ე. ჯ.-მ,” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა რა საქმეზე ზუსტად ფაქტობრივი გარემოებანი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორადაც განმარტა იგი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო განჩინების გამოტანა.

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილი, სადაც იგი დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ტრანსფორმატორი განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო კასატორის მიერ წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკიდან არ დასტურდება, რომ მათში დაფიქსირებულია სადავო დახურული ტიპის სატრანსფორმატორო პუნქტი და მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი.

კასატორი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხულმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა, სს „ე. ჯ.-ს“ მიერ წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკის მიხედვით, ზუსტად ვერ დაადასტურა, რომ სადავო ტრანსფორმატორი და მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი არ არის სს „ე. ჯ.-ს საკუთრებაში და აღიარა, რომ დაზუსტებული ნახაზისა და ელექტრონული ვერსიის გარეშე ზუსტად ვერ შეაფასებს, რომ სს ,,ე. ჯ.-ს” მიერ წარდგენილ ამონაწერში საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკაზე მითითებული სატრანსფორმატორო პუნქტი არის თუ არა სადავო სატრანსფორმატორო პუნქტი და მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი. კასატორს, უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ ტრანსფორმატორი და ელექტრო გადამცემი ხაზი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დგას. კასატორის აზრით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უნდა დაადგინოს არა მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში კი არ არის დაფიქსირებული ტრანსფორმატორი და ელექტრო გადამცემი ხაზი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული საკითხის დაუდგენლად მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება კი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ „ელ.ტრანსფორმატორი არ არის სათანადოდ დაცული“, კასატორს მიაჩნია, რომ გარემოებების დასადასტურებლად, კერძოდ, ელექტრო გადამცემი ხაზი და სატრანსფორმატორო ქვესადგური წარმოადგენს თუ არა საშიშროებას მოსარჩელისათვის და ტრანსფორმატორი არის თუ არა სათანადოდ დაცული, ამისათვის აუცილებელია სპეციალისტის დასკვნა, რაც საქმეში არ არის, რაც სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევად მიაჩნია.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ „ელ.ტრანსფორმატორი მოსარჩელისათვის საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მას „აწერია საშიშია“. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სასამართლომ არ იმსჯელა სპეციალისტის დასკვნის აუცილებლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე. ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს ,,ე. ჯ.-ს”საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სს ,,ე. ჯ.-ს” უნდა დაუბრუნდეს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ,,ე. ჯ.-ს”საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.