Facebook Twitter

ას-617-579—10 23 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. კ-ანი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი---მ. ს-ანი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება

დავის საგანი –უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ბ. კ-ანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ... ¹20 კორპუსში მდებარე ¹15 ბინა და ის გამონთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელე ნ. გ-შვილს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. კ-ანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე ბ. კ-ანი თბილისში, ... მე-20 კორპუსში მდებარე ¹15 ბინას ფლობს 2001 წლიდან.

2006 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ სარჩელი იქნა აღძრული 48 (ორმოცდარვა) მოპასუხის წინააღმდეგ, რომელთა შორისაც ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენდა ბ. კ-ანიც. აღნიშნული დავის საგანს,მსაგავსად განსახილველი საქმისა,წარმოადგენდა თბილისში, ... მე-20 კორპუსში მდებარე ¹15 ბინის ბ. კ-ანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ქალაქ თბილისის მერიის სარჩელის საფუძველზე წარმოებული დავის განხილვა დასრულდა სარჩელის გამოხმობის გამო,სარჩელის განუხილველად დატოვებით.

მოპასუხე ბ. კ-ანი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს (დევნილს) და მის საცხოვრებელ ადგილად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია სადავო ბინის მისამართი _ თბილისში, ... ¹20 კორპუსში.

მოსარჩელე ნ. გ-შვილი 2009 წლის 25 მაისს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2009 წლის 21 მაისს გაცემული ¹1971 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თბილისში, ... ¹20 კორპუსში მდებარე ¹15 ბინის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენს სადაო ფართის მართლზომიერ მფლობელს.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო მისამართზე მოპასუხის რეგისტრაცია თავისთავად არ წარმოშობს მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს. დევნილთა განსახლებას ახორციელებს სამინისტრო, შესაბამისად, უნდა დასტურდებოდეს მმართველობის ორგანოს მიერ მოპასუხის სადავო მისამართზე განსახლების ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის დევნილად რეგისტრაცია სადავო უძრავი ნივთის ადგილის მიხედვით მხოლოდ მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტობრივი გარემოების დაფიქსირება, რაც არ წარმოადგენს უძრავი ნივთის მიმართ მართლზომიერი მფლობელობის წარმოშობის საფუძველს. დადგენილია ის გარემოება, რომ ნ. გ-შვილი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2009 წლის 21 მაისს გაცემული ¹1971 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე წარმოადგენს თბილისში, ვარკეთილის მასივში, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში,¹20 კორპუსში მდებარე ¹15 ბინის მესაკუთრეს,შესაბამისად, არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. კ-ანმა და მისმა წარმომადგენელმა მ. ს-ანმა.

კასატორის წარმომადგენლის აზრით, სამინისტრომ დევნილების მონაცემთა ბაზაში, სადავო ფართზე მითითებით,2001 წლიდან დაარეგისტრირა ბ.კ-ანი, რითაც განსახლდა აღნიშნულ მისამართზე. ბ.კ-ანის სადავო ფართიდან გამოსახლების საკითხი 2006 წლამდე არ დაუყენებია ქალაქის მერიას, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა სახლი სადავო საცხოვრებელი ფართით, ხოლო 2006 წელს საქალაქო სასამართლოში 48 ოჯახის გამოსახლების თაობაზე წარდგენილი სარჩელი, სადაც ერთ-ერთ მოპასუხედ მოხსენიებული იყო ბ.კ-ანი, მერიამ 2007 წელს უკან გაიხმო.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ თავის საცხოვრებელ ადგილიდან იძულებით გადაადგილებული პირის მიერ, საკუთარი სახსრებით საცხოვრებლად უვარგისი ფართის საცხოვრებლად გამოსაყენებლად საჭიროა რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებაზე,რაზედაც პრეტენზია არ განუცხადებიათ არც შენობის მესაკუთრეს, არც თავდაპირველ მოსარჩელეს და არც სახელმწიფო მმართველების ორგანოებს. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას არ გააჩნდა საფუძველი ბ.კ-ანი მიეჩნია სადავო საცხოვრებელ ფართში თვითნებურად შეჭრილად და მის არამართლზომიერ მფლობელად. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ბ.კ-ანი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებულია შესაძლებლობას დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო სახელმწიფოს თავისი ვალდებულება მისი განსახლების შესახებ დღემდე არ შეუსრულებია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ.კ-ანი არის სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელი განსაზღვრული ვადით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების საფუძველზე და, თანახმად იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა, მისი სადავო ფართიდან გამოსახლება მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში განსაზღვრული ვადით დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ-ანის და მისი წარმომადგენლის მ. ს-ანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ბ. კ-ანის და მისი წარმომადგენლის მ. ს-ანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ბ. კ-ანს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. კ-ანის და მისი წარმომადგენლის მ. ს-ანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს ბ. კ-ანს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70%_210 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.