Facebook Twitter

ას-617-580-2011 1 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ძის წინააღმდეგ გარიგების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მ. კ-ძის წარმომადგენელი რ. გ-შვილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მხარეებს მიეთითათ, რომ გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, თუ იგი ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2011 წლის 16 მარტს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

ვინაიდან, მ. კ-ძის წარმომადგენელი ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგ, ანუ 3 მარტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 3 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 3 აპრილს, მ. კ-ძემ კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 15 აპრილს, ანუ 12 დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.