Facebook Twitter

ას-618-580-2010 1 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ნ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, სახელფასო და საშვებულებო დავალიანების ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 17 ივლისს მ. ქ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ სარჩელით მიმართა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე ორგანიზაციაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა. საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნის მიუხედავად, სეწმეკის თავმჯდომარემ შრომითი ხელშეკურლების მოქმედების ვადა არ გაუგრძელა და 2009 წლის 16 ივნისის ბრძანებით, მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დამოუკიდებელი ერთეულია და შესაბამისად, სეწმეკის თავმჯომარის თანხმობა თანაშემწეების დანიშვნასთან დაკავშირებით საჭირო არ იყო.

გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცებით, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასი დამოკიდებული იყო საზოგადოებრივი დამცველისა და კომისიის თავმჯდომარის ხელფასზე, შესაბამისად, თუ ამ პირებს ხელფასი გაეზარდათ, პარალელურად თანაშემწის ხელფასიც უნდა გაზრდილიყო, რაც არ განხორციელებულა, ამასთან, მან 2005 და 2008 წლებში კუთვნილი ფასიანი შვებულებით დამსაქმებლის მიზეზით ვერ ისარგებლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა:

1. სეწმეკის თავმჯდომარის 2009 წლის 16 ივნისის ¹209 ბრძანების ბათილად ცნობა და შრომის ხელშეკურლების 3 თვით გაგრძელება;

2. 2005 და 2008 წლების მიუღებელი შვებულების თანხის ანაზღაურება;

3. კუთვნილი ხელფასის მიუღებელი ნაწილის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდლდა, სეწმეკს მ. ქ-შვილის სასარგებლოდ 5775 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2003 წლის 11 ოქტომბერს შესარჩევმა კომისიამ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწედ, სხვა ორ პირთან ერთად, მ. ქ-შვილი შეარჩია;

2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასი განისაზღვრა საზოგადოებრივი დამცველის ხელფასისი ნახევრით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი – სემეკის თავმჯდომარის ხელფასის 3/5-ით;

3. მ. ქ-შვილი 2009 წლის 16 ივნისამდე მუშაობდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე;

4. 2004 წლის 7 აპრილსა და შემდგომში, 2008 წლის 12 ივნისს მ. ქ-შვილსა და სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. 2008 წლის 12 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2009 წლის 16 ივნისამდე განისაზღვრა;

5. 2009 წლის 12 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სეწმეკის თავმჯდომარეს მ. ქ-შვილისათვის შრომის ხელშეკრულების 3 თვით გაგრძელების თხოვნით მიმართა;

6. სეწმეკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანებით მ. ქ-შვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსარჩელეს საზოგადოებრივი დამცველის შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია;

7. შრომითი მოვალეობების შესრულების პერიოდში მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა: 2007 წლის იანვრამდე 900 ლარს, 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის იანვრამდე – 1200 ლარს, 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის მაისამდე - 1440 ლარს.

8. იმავე პერიოდში საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი შეადგენდა: 2006 წლის ჩათვლით 1800 ლარს, 2007 წელს – 2500 ლარს, 2008 წელს – 3000 ლარს, ხოლო 2009 წელს – 4500 ლარს;

9. მ. ქ-შვილს 2005 და 2008 წლებში შვებულებით არ უსარგებლია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწესთან შრომის ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა სეწმეკის თავმჯდომარის მოვალეობას არ წარმოადგენდა, რადგან მას ამგვარი უფლებამოსილება კანონით პირდაპირ მინიჭებული არ ჰქონდა, შესაბამისად, მ. ქ-შვილის დამქირავებელი უშუალოდ საზოგადოებრივი დამცველი იყო, რომელმაც გამოხატა ნება მასთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელების თაობაზე.

სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი ხელფასის ოდენობა უნდა გაზრდილიყო სეწმეკის თავმჯდომარის ხელფასის პარალელურად და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასი დამოკიდებული იყო საზოგადოებრივი დამცველის ხელფასის ოდენობაზე, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მ. ქ-შვილი ხელფასს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად არ იღებდა. დავალიანების გადაანგარიშების შედეგად, სასამართლომ მოპასუხეს მ. ქ-შვილის სასარგებლოდ 5775 ლარის გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სეწმეკის წარმომადგენელმა ნ. შ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების” შესახებ კანონი. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მ. ქ-შვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და მისი შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა არაა სეწმეკის თავმჯდომარის კომპეტენცია, თუმცა ვერ უთითებს აღნიშნული ვის უფლებამოსილებას მიეკუთვნება. “დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების” შესახებ კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, შესაბამისად საზოგადოებრივი დამცველი დამქირავებლად ვერ ჩაითვლება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არასწორია სახელფასო დავალიანების ანაზრაურების ნაწილში. სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც შრომის ანაზღაურება და ფორმა განისაზღვრება შრომითი ხელშეკურლებით, მ. ქ-შვილთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში კი არსად იყო მითითებული, რომ მისი ხელფასი საზოგადოებრივი დამცველის ხელფასის შესაბამისად გაიზრდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სსიპ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის” (სეწმეკი) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2003 წლის 11 ოქტომბერს შესარჩევმა კომისიამ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწედ, სხვა ორ პირთან ერთად, მ. ქ-შვილი შეარჩია;

2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასი განისაზღვრა საზოგადოებრივი დამცველის ხელფასისი ნახევრით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი – სემეკის თავმჯდომარის ხელფასის 3/5-ით;

3. მ. ქ-შვილი 2009 წლის 16 ივნისამდე მუშაობდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე;

4. 2004 წლის 7 აპრილსა და შემდგომში, 2008 წლის 12 ივნისს მ. ქ-შვილსა და სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. 2008 წლის 12 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2009 წლის 16 ივნისამდე განისაზღვრა;

5. 2009 წლის 12 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სეწმეკის თავმჯდომარეს მ. ქ-შვილისათვის შრომის ხელშეკრულების 3 თვით გაგრძელების თხოვნით მიმართა;

6. სეწმეკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანებით მ. ქ-შვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსარჩელეს საზოგადოებრივი დამცველის შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია;

7. შრომითი მოვალეობების შესრულების პერიოდში მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა: 2007 წლის იანვრამდე 900 ლარს, 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის იანვრამდე – 1200 ლარს, 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის მაისამდე - 1440 ლარს.

8. იმავე პერიოდში საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი შეადგენდა: 2006 წლის ჩათვლით 1800 ლარს, 2007 წელს – 2500 ლარს, 2008 წელს – 3000 ლარს, ხოლო 2009 წელს – 4500 ლარს;

9. მ. ქ-შვილს 2005 და 2008 წლებში შვებულებით არ უსარგებლია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დამქირავებელი თავად საზოგადოებრივი დამცველია და სეწმეკის თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი მასთან შრომის ხელშეკრულება გაეფორმებინა ან შეეწყვიტა.

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

იმავე კანონის მე-151 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური არ წარმოადგენს ცალკე ორგანიზაციას, იგი ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შემადგენელი ერთეულია. მართალია, თავისი საქმიანობის პროცესში საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დამოუკიდებელია მარეგულირებელი ორგანოს აპარატისაგან, რაც გულისხმობს მათგან რაიმე სახის დავალების ან მითითების მიღების დაუშვებლობას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ამ სამსახურზე მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილება არ ვრცელდება. პირიქით, კანონის მე-154 მუხლის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველი შესაბამის მარეგულირებელ კომისიას არა უგვიანეს ყოველი წლის მარტისა წარუდგენს წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის მათ საზოგადოებრიობას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯების ცალკე მუხლად უნდა აისახოს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. შესაბამისად, ცხადია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს არ გააჩნია ფინანსური დამოუკიდებლობა, საზოგადოებრივი დამცველი კი ანგარიშვალდებულია მარეგულირებელი კომისიის წინაშე.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ სეწმეკის თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლება მ. ქ-შვილთან შრომის ხელშეკრულება გაეფორმებინა ან შეეწყვიტა:

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მე-151 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები, რომელთა შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით. ამ ნორმით დადგენილია მხოლოდ ის მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის კანდიდატურა შეირჩეს ღია კონკურსის წესით, რაც არ გამორცხავს შერჩეულ კანდიდატთან სეწმეკის თავმჯდომარის მიერ შრომის ხელშეკრულების გაფორმებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმავე კანონის მე-152 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნის წესს. აღნშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამდენად, თვით საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახური არ შედის კომისიის სტრუქტურაში და საზოგადობრივი დამცველის თანაშემწის დამქირავებელი თავად საზოგადოებრივი დამცველია, საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მთელი რიგი ნორმები, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილების მიღება ფაქტობრივი გარემოებების მცდარი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული და არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკლვლევის აუცილებლობა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სეწმეკის თავმჯდომარეს სრული უფლება ჰქონდა მ. ქ-შვილისათვის შრომის ხელშეკრულება არ გაეგრძელებინა და მასთან შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა. იმდენად რამდენადაც მ. ქ-შვილთან შრომითი ურთიერთობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეწყდა, იძულებით განაცდურის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება ხელფასის მიუღებელი ნაწილის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საზოგადოებრივი დამცველისა და მის თანაშემწეთა ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის და მის თანაშემწეთა საკონკურსო პირობებით. 2003 წლის 11 ოქტომბერს შესარჩევმა კომისიამ შეარჩია რა მ. ქ-შვილის კანდიდატურა, მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურების ოდენობა საზოგადოებრივი დამცველის ხელფასისი ნახევრით განსაზღვრა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკონკუროს კომისიის მიერ დადგენილი წესი წარმოადგენდა ერთჯერად დათქმას, რომელიც ძალაში იყო მ. ქ-შვილის თანამდებობაზე დანიშვნის დროს და არა მთლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შრომის ხელშეკრულებაში ეს დათქმა არ ასახულა, არამედ განისაზღვრა კონკრეტულად შრომის ანაზღაურების ოდენობა.

საკონკურსო კომისიის მიერ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის შერჩევის შემდეგ, მ. ქ-შვილთან 2004 წლის 7 აპრილს შრომის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, ხოლო 2008 წლის 12 ივნისს მასთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა 1440 ლარით განისაზღვრა. ვინაიდან დამსაქმებელმა მ. ქ-შვილთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, მას სრული უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ, ახლებურად განესაზღვრა შრომის ანაზღაურების პირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონკუროს კომისიის მიერ დადგენილი წესი ძალაში იყო 2004 წლის 7 აპრილის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ანუ 2008 წლის 12 ივნისამდე. 2004-2006 წლებში ეს მოთხოვნა დაცული იყო, რადგანაც საზოგადოებრივი დამცველის ხელფასის ოდენობა 1800 ლარს შეადგენდა, მ. ქ-შვილის კი – 900 ლარს. 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის იანვრამდე მ. ქ-შვილის ხელფასი 1200 ლარი იყო, საზოგადოებრივი დამცველის კი -2500 ლარი. ამდენად, ამ პერიოდისათვის მოსარჩელის მიუღებელი ხელფასი წარმოადგენს 50X12=600 ლარს. 2008 წლის იანვრიდან იმავე წლის ივნისამდე მ. ქ-შვილის ხელფასი 1440 ლარს შეადგენდა, ხოლო საზოგადოებრივი დამცველის – 3000 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის მიუღებელი ხელფასის ოდენობა 60X6=360 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სეწმეკს მოსარჩელის სასრგებლოდ ერთჯერადად 960 ლარის გადახდა უნდა დაევალოს.

2005 და 2008 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას. პალატა განმარტავს, რომ შვებულებით სარგებლობა დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს და ამ უფლების რეალიზება თავად დასაქმებულის სურვილზეა დამოკიდებული. მ. ქ-შვილს კი მითითებულ წლებში შვებულებით სარგებლობა არ მოუთხოვია, ამდენად მისი პრეტენზია დამსაქმებლისადმი უსაფუძვლოა. გარდა ამისა, შვებულების გამოუყენებლობის შემთხვევაში შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 55-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. მ. ქ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს მ. ქ-შვილის სასარგებლოდ 960 ლარი;

5. დანარჩენი ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა;

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.