ას-621-583-10 26 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ.ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 1 მაისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. თ-ძემ მოპასუხე მ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის სახით გადასახდელი თანხის _ 26600 აშშ დოლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის _ 5000 ლარის დაკისრება და დაყადაღებული ქონების იძულებითი რეალიზაცია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით რ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯებთან მიმართებაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ბ-ძეს რ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 26 000 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1317 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 5000 ლარიდან მხოლოდ 2000 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის დაფარვის მიზნით დადგინდა მ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ძემ დაარღვია მხარეთა შორის 2008 წლის 21 მარტს ნოტარიული წესით გაფორმებული ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისა და მოწმის ახსნა-განმარტებიდან არ დასტურდებოდა თანხის ნაწილის დაფარვის ფაქტი, ხოლო სხვა მტკიცებულება ვალის ნაწილის დაფარვის შესახებ მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რ. თ-ძეს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ჰქონდა 5000 ლარი.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 623-ე მუხლი.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 5000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე წინადადების შესაბამისად, ასევე საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ გონივრული იქნებოდა მოპასუხისათვის 2000 ლარის დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მითითებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იურიდიული მომსახურებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება 5000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით რ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია არაგონივრულად მიიჩნიიოს მოგებული მხარის მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი საზღაური და შეამციროს იგი. ამასთან, მიუთითა, რომ სასამართლოს გონივრულადაც რომ მიაჩნდეს მოგებული მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი, მას არა აქვს უფლება წაგებულ მხარეს დააკისროს დავის საგნის ღირებულების 4%-ზე მეტი ოდენობის თანხა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 26600 აშშ დოლარს, რომლის 4% იყო 1064 აშშ დოლარი, რაც ნაკლებია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. ბ-ძისათვის, რ. თ-ძის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის დაკისრებულ 2000 ლარზე, სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯების სრულად დაკისრება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 47-ე მუხლები, არამედ უნდა გამოეყენებინა 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 54-ე მუხლები, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი არის სასამართლოსგარეშეE ხარჯი და იმ მხარის ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯი, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის ივნისის განჩინებით რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
რ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ. თ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.