Facebook Twitter

ას-62-53-2011 28 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ე. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ბ-ში (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. ა-ძემ მოპასუხეების: დ., ლ., ი., პ-ვია და დ. ბ-შების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასაზღვრო ზოლის (მთელ სიგრძეზე და 50-60 სმ-ის სიგანეზე) გათავისუფლება არსებული ნაგვისა და მიწაყრილისაგან.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობდა თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სახლში, რომელიც წარმოადგენდა მის საკუთრებას. მეზობლად, ... ქ.¹33-ში, ცხოვრობდა ბ-შების ოჯახი. მათ შორის გამყოფი მიჯნის სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრს შეადგენდა, რის ზემოთაც გაბმული იყო რკინის მავთულბადე. წლების განმავლობაში ბ-შების ოჯახი გამყოფ მიჯნას აყრიდა ნაგავს და მიწის სხვადასხვა ნარჩენებს, რომლებიც მაღლიდან ვარდებოდა ბელტების სახით. ამით საშიშროება ექმნებოდა ენგული ა-ძეს და მისი ოჯახის წევრებს თავიანთ ეზოში მოძრაობისას. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები ზემოაღნიშნულ ფართს არ ათავისუფლებდნენ და არ ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ მოსალოდნელი საფრთხე. ამდენად, მოსარჩელე ვერ იყენებდა საკუთარი შეხედულებისამებრ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართს ეზოს სახით.

სარჩელში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 174-ე, 177-ე მუხლებზე (ტომი I, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენელ დ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემული საქმის წარმოება შეწყდა ე. ა-ძის სარჩელზე ლალი ბ-შის, ია ბ-შის, დ. ბ-შის და პ-ვია ბ-შის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. სასამართლოს ამავე სხდომაზე დაზუსტდა სარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა: უკანონო ხელშეშლის აღკვეთის უზრუნველსაყოფად მოპასუხე დ. ბ-შს დავალებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹31-33) მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹16) გასწვრივ არსებული გამყოფი კედლის მთელ სიგრძეზე 60სმ სიგანით, აგრეთვე, ამ კედლის ზედაპირიდან 10სმ-ის სიღრმეზე მიწის ამოღება (მოჭრა, დადაბლება) (ტომი I, ს.ფ. 64-67).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ენგული ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: დ. ბ-შს დაევალა ე. ა-ძისათვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა; აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დ. ბ-შს დაევალა თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹31-33) მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹16) გაწვრივ არსებული გამყოფი კედლის მთელ სიგრძეზე 60სმ-ის სიგანით და აღნიშნული კედლის ზედაპირიდან 10სმ-ის სიღრმეზე მიწის ამოღება (მოჭრა, დადაბლება); მოპასუხეს განემარტა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში ე. ა-ძე უფლებამოსილი იყო ეს მოქმედება განეხორციელებინა მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ე. ა-ძე წარმოადგენს თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე 356კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე დ. ბ-შის საკუთრებაშია თბილისში, ... ქ.¹31-33-ში მდებარე უძრავი ნივთის ... «ბ»-დან 2/8 ნაწილი;

მხარეთა შორის დავას არ იწვევდა და საქმეზე წარდგენილი ფოტოებითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ე. ა-ძისა და დ. ბ-შის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები განლაგებულია ერთმანეთის მომიჯნავედ, ე. ა-ძის მიწის ნაკვეთი დ. ბ-შის მაღლობზე მდებარე მიწის ნაკვეთისაგან გამიჯნულია 10 მეტრის სიმაღლის მქონე ბეტონის კედლით;

წვიმის დროს დ. ბ-შის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ე. ა-ძის მიწის ნაკვეთში (ეზოში) ცვივა ქვიშა და მიწა.

საქალაქო სასამართლომ, რამდენადაც საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელისათვის მისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლას, სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლოს განმარტებით, როგორც მოსარჩელის უფლება _ თავისუფლად სარგებლობდეს საკუთარი ნივთით, ასევე მოპასუხის ვალდებულება _ ისე ისარგებლოს ნივთით, რომ სხვას არ მიადგეს ზიანი, გამომდინარეობენ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესიდან. ამასთან, მესაკუთრის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ხელმყოფელი მხარის იძულების მექანიზმს თავისი ქმედებები მოაქციოს კანონის ფარგლებში.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დ. ბ-შის მიწის ნაკვეთიდან ქვიშისა და მიწის ცვენა განხილული უნდა ყოფილიყო მოსარჩელისადმი განხორციელებულ უკანონო ხელშეშლად, დ. ბ-შს გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები (ტომი I, ს.ფ. 72-76).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-შმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მისი მიწის ნაკვეთიდან ე. ა-ძის მიწის ნაკვეთში იყრება ქვიშა და მიწა. აპელანტის განმატებით, ასეთ ფაქტს ადგილი არა აქვს, მის მიწის ნაკვეთში საერთოდ არ ყრია ქვიშა და, ბუნებრივია, ვერც მოსარჩელის ნაკვეთში ჩაცვივდება (ტომი I, ს.ფ. 81-89).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ბ-შის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საქმეთა განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო ინსტანციით წარმოებისათვის დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წესს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კანონმდებელი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესრულებისათვის) აწესებს მის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ზეპირი მოწმენის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამავე მუხლის შესაბამისად, ასეთ დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსიდან გამომდინარე, სააპელაციო პასუხის შეუტანლობა გათანაბრებულ უნდა იქნეს პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობასთან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.7 და 2321 მუხლებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი, იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; ბ. აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ე. ა-ძე გზავნილზე თანდართული მიმართვით გაფრთხილებულ იქნა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ე. ა-ძეს დ. ბ-შის სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2010 წლის 10 აგვისტოს, გზავნილის ჩაბარება დასტურდებოდა მისი მეუღლის იამზე ა-ძის ხელმოწერით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ე. ა-ძეს სააპელაციო პასუხის წარდგენის 10-დღიანი ვადა ამოეწურა 2010 წლის 20 აგვისტოს. მას სააპელაციო პასუხი სასამართლოში საერთოდ არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც მოწინააღმდეგე მხარეს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პასუხის წარდგენის ვადის ამოწურვით დგება ამ ვადაში შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული შედეგი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე მსჯელობის წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო დადგენილად უნდა მიჩნეულიყო აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთში მისი ნაკვეთიდან არ იყრებოდა ქვიშა და მიწა, ანუ ადგილი არ ჰქონდა უკანონო ხელშეშლას. ასეთ პირობებში, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 170-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები დ. ბ-შის სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმები და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტ დ. ბ-შის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321 მუხლებიდან გამომდინარე, უნდა გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო, გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო (ტომი II, ს.ფ. 19-24).

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ენგული ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი II, ს.ფ. 28).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ე. ა-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მარწმუნებელს სასამართლო გზავნილი არ ჩაჰბარებია. სასამართლომ დასახელებული არგუმენტი არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ე. ა-ძეს ჩაჰბარდა დ. ბ-შის სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 10 აგვისტოს, გზავნილის ჩაბარება დასტურდებოდა მისი მეუღლის ი. ა-ძის ხელმოწერით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გზავნილი ე. ა-ძის მიერ ჩაბარებულად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს მეუღლემ არ გადასცა გზავნილი, რადგან მასზე განაწყენებული იყო, ვერ ჩაითვლებოდა კანონით განსაზღვრულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაამტკიცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოებების არსებობა, რაც შეიძლეოდა საფუძვლად დადებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განხილვის განახლებას. ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ეკისრებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 47-50).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ენგული ა-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს 2010 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ე. ა-ძეს არ ჩაჰბარებია, იგი ჩაჰბარდა მის მეუღლეს. ამ უკანასკნელმა სასამართლოს გზავნილი აპელანტს არ გადასცა, რადგან მასზე განაწყენებული იყო. აქედან გამომდინარე, ე. ა-ძის მიერ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და იგი სასამართლოს უნდა ჩაეთვალა საპატიოდ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისას არ შეამოწმა, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები აპელანტის მოთხოვნას (ტომი II, ს.ფ. 55-62).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ ადგენს საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით კანონმდებელი ადგენს დანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი; ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით; ბ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას; გ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა მის მეუღლეს, რომელმაც გზავნილი მას არ გადასცა, ვინაიდან მასზე განაწყენებული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარებია, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დადგენილია და სადავო არაა, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის – ე. ა-ძის მეუღლეს ი. ა-ძეს, რაც თავად ადრესატისათვის (ე. ა-ძისათვის) ჩაბარებად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის უწყების ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის უწყების ჩაბარებად, მიუხედავად იმისა, უწყების მიმღები გადასცემს თუ არა მას ადრესატს. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრის ასლი არ ჩაბარებია, დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

კასატორი დაუსწრებელი გადწყევეტილების გაუქმების საფუძლვლად უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ გამოუკვლევია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო მოთხოვნას, მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე თავის შესაგებელში აღიარებდა სარჩელში მითითებულ ფაქტებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის ზემოთ მითითებული მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. კერძოდ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად და თუ ისინი ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, დ. ბ-შის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა ე. ა-ძის სარჩელში მითითებული და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ აპელანტის მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთში ცვივა ქვიშა და მიწა, აპელანტმა აღნიშნული გარემოება უარყო (ტომი 1, ს.ფ. 81-89). სააპელაციო საჩივარში მითითებული ამ გარემოების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხე ე. ა-ძეს, მაგრამ, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთში მოპასუხის ნაკვეთიდან არ იყრება ქვიშა და მიწა. დასახელებული გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში მოსარჩელის (ე. ა-ძის) მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა სწორედ იმ გარემოებას, რომ მის ნაკვეთში მოპასუხის ნაკვეთიდან ცვიოდა ქვიშა და მიწა, რითაც მას ხელი ეშლებოდა კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, ე. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.