¹ას-628-589-2011 27 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –Mბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. და ს. ა-ანების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. და ს. ა-ანების სარჩელის გამო, მოპასუხე ახალქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ პაის ნატურით დაბრუნების შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 3 898.3 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2011 წლის 24 მაისს კასატორებმა სასამართლოში შემოიტანეს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ პენსიის გარდა არ გააჩნიათ სხვა შემოსავალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ვ. და ს. ა-ანების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 3 898.3 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 17 ივნისს კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს და კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო, ამდენად ის მეორედ სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. და ს. ა-ანებს 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით დაევალათ სახელმწიფო ბაჟის – 3 898.3 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა 7 (შვიდი) დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სედა და ვ. ა-ანების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ვ. და ს. ა-ანების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.