ას-629-590-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი., ირ. და ო. ა-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. და ლ. ა-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ო. ა-ძე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ. ¹19, ¹21 და ... ქ.¹20-ში მდებარე ბინის მესაკუთრედ, ხოლო ლ. ა-ძე – ამავე მისამართზე მდებარე პირველ სართულზე სამხრეთით მდებარე თავისუფალი ბინის მესაკუთრედ. მ. კ-იასა და ა. კ-ძეს დაევალათ მოსარჩელეების ლ. და ო. ა-ძეების მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და აღნიშნული ავტოფარეხების მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ ლ. და ო. ა-ძეები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა აღნიშნული ბინებისა და ორი ავტოფარეხის ლ. და ო. ა-ძეების სახელზე აღირიცხვის შესახებ. ლ. და ო. ა-ძეებს უარი ეთქვათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, მათ სასარგებლოდ, ამხანაგობა „... 23”-სათვის 9000 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობამ “...-23”, ა. კ-ძემ, მ. კ-იამ და ნ. ვ-იამ, მოითხოვეს მისი გაუქმება აღნიშნულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით, ლ. ა-ძის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ ო., ირ. და ი. ა-ძეები. ამავე საოქმო განჩინებით, ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობა “... 23”-ის გაუქმების გამო, მის უფლებამონაცვლედ დადგინდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “... 23”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “...-23”-ის, ა. კ-ძის, მ. კ-იასა და ნ. ვ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ა-ძეს, ლ. ა-ძის უფლებამონაცვლეებს _ ო., ი. და ირ. ა-ძეებს უარი ეთქვათ მ. კ-იასა და ა. კ-ძისათვის მოსარჩელეების მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე და აღნიშნული ავტოფარეხების მესაკუთრეებად ცნობაზე; ლ. ა-ძის უფლებამონაცვლეებს – ო., ი. და ირ. ა-ძეებს უარი ეთქვათ 1997 წლის 23 სექტემბერს სამშენებლო კომპანია “...” და ლ. ა-ძეს შორის დადებული ¹1/14 ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისში, ... ქ.¹19,21 და ... ქ.¹20-ში მდებარე ბინის მესაკუთრეებად ცნობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი., ირ. და ო. ა-ძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით ი., ირ. და ო. ა-ძეებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ხოლო ი. ა-ძეს დაევალა წარმოადგინოს ირ. და ო. ა-ძეების მიერ გაცემული რწმუნებულება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2010 წლის 20 ივლისს ი., ირ. და ო. ა-ძეებმა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით ი., ირ. და ო. ა-ძეების განცხადება დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.3 და 73.2 მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორ ი. ა-ძეს (ო. ა-ძის შვილი, ირ. ა-ძის და) 2010 წლის 3 აგვისტოს (იხ. აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ, ს.ფ. 284), მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი., ირ. და ო. ა-ძეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.