Facebook Twitter

ას-635-596-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. სს “თ.”

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ზედმეტად გადახდილი თანხის, პირგასამტეხლოსა და ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ.-ს” მიმართ, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოსა და ზედმეტად მიღებული თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 20 ივნისს სს „თ.-სა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება თბილისის პროფესიულ სასწავლებელ „ე-ის“ შენობის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე. ხელშეკრულების თანხა საბოლოოდ განისაზღვრა 1138862 ლარით, ხოლო მისი შესრულების ვადა _ 2007 წლის 25 თებერვლამდე.

2007 წლის 12 მარტს გაფორმებული სამუშაოს შესრულების აქტით, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 1096649 ლარით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დავალების საფუძველზე მოწვეული ექსპერტების მიერ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების თანდასწრებით შედგა თბილისის პროფესიულ სასწავლებელ „ე-ში“ შესრულებული სარემონტო სამუშაოების საკონტროლო აზომვები, რის თაობაზეც მომზადდა შესაბამისი აქტი და დასკვნა. აღნიშნულ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოების მოცულობისა და მისი ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებასთან შედარებით მიღება-ჩაბარების აქტით ნაჩვენებ სამუშაოთა ღირებულება გაზრდილია 102357 ლარით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სს „თ.-ს“ ანგარიშზე გადარიცხა 1096649 ლარი, საიდანაც მოპასუხე ვალდებულია, დააბრუნოს ზედმეტად მიღებული 102357 ლარი.

ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით, რაც შეადგენს 113886 ლარს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კი კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატება სარემონტო სამუშაოების არასრულად და დაგვიანებით განხორციელებაში.

მოპასუხემ სს “თ.-მ” სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი მოტივებით: მხარეებს შორის 2006 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ჩატარდა დამატებითი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ხარჯთაღრიცხვით არ გათვალისწინებულა. 2008 წლის 8 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მათმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 79053 ლარი. სადავო ხარჯებთან დაკავშირებით დამკვეთი გაფრთხილებული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “თ.-ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 15910 ლარის, მოპასუხე სს “თ.-ს” კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ 6494 ლარის გადახდა, სს “თ.-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილბეაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი სს “თ.-სათვის” პირგასამტეხლოს სახით 113886 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “თ-ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 73040 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება,¸რომ მოპასუხის მიერ ფაქტობრივად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებასთან შედარებით მიღება-ჩაბარების აქტით ნაჩვენებ სამუშაოთა ღირებულება გაზრდილია 102357 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹10-ში განთავსებულ პროფესიულ სასწავლებელ „ე-ის“ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ნაცვლად შესრულებულ სამუშაოთა აქტში დაფიქსირებული 1096649 ლარისა, განისაზღვრა 1048917 ლარით, შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 47732 ლარი, რაც მითვისებულ იქნა სს „თ-ს“ გენერალური დირექტორის მიერ.

სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს განსახილველი საქმის მიმართ. პალატამ მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავო გარემოება უდავოდ დადასტურებულად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ასევე სხვა ექსპერტთა განსხვავებული დასკვნებიც, კერძოდ, შპს აუდიტორული ფირმა “ბ.-ს“ 2007 წლის 13 აგვისტოს საექსპექტო დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ სარემონტო სამუშაოთა და მიღება-ჩაბარების აქტით დაფიქსირებულ სამუშაოთა მოცულობებს შორის სხვაობამ შეადგინა 42573,8 ლარი.

სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის დასკვნითა და შპს „დ-ის“ 2008 წლის 8 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რიგი სამუშაოები შესრულებული არ არის, ხოლო ფაქტობრივად შესრულებულ სარემონტო სამუშაოთა და მიღება-ჩაბარების აქტით დაფიქსირებულ სამუშაოთა მოცულობებს შორის სხვაობა არ აღემატება 29000 ლარს. სწორედ აღნიშნულ დასკვნებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა გამო დაინიშნა კომისიური სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომლის 2008 წლის 8 ივლისის ¹1483-15 დასკვნით, ქ.თბილისში, ... ქ.¹10-ში განთავსებულ პროფესიულ სასწავლებელ „ე-ის“ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ნაცვლად შესრულებულ სამუშაოთა აქტში შეტანილი 1096649 ლარისა შეადგენს 1048917 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდით, ღირებულება გაზრდილია 47732 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 8 ივლისის დასკვნაზე დაყრდნობით სწორად დაადგინა, რომ სს „თ-ს“ მიერ ქ.თბილისში, ... ქ.¹10-ში განთავსებულ პროფესიულ სასწავლებელ „ე-ში“ ჩატარდა 1048917 ლარის ღირებულების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ე.ი. 2007 წლის 12 მარტის სამუშაოს დასრულების აქტში დაფიქსირებული 1096649 ლარი გაზრდილია, შესაბამისად, რეალურად შესრულებულ სამუშაოსა და აქტში დაფიქსირებულ სამუშაოთა ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 47732 ლარი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე და 427-ე მუხლები და მოსარჩელეს მართებულად უთხრა უარი მოპასუხისაგან 102357 ლარის დაბრუნებაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹10-ში მდებარე პროფესიულ სასწავლებელში შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდით, მოპასუხის მიერ ღირებულება გაზრდილია არა 102357 ლარით, არამედ 47732 ლარით. შესაბამისად, სწორედ 47732 ლარის, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოსარჩელეს, მაგრამ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და აპელანტი სადავოდ არ ხდის მოპასუხის მიერ 47732 ლარის დაბრუნების ფაქტს, ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია ვალდებულება შეწყვეტილად. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის 15910 ლარამდე შემცირების ნაწილში. პალატამ დაადგინა, რომ 2006 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით. ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენს 1138862 ლარს, რომლის 10% არის 113886,2 ლარი. მოპასუხემ კი ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “თ.-ს” წარმომადგენელმა რ. კ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და პირგასამტეხლოს ოდენობის 30000 ლარამდე შემცირება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა 2007 წლის 2 ოქტომბრის დასკვნის ერთი პუნქტი მაშინ, როდესაც აღნიშნული დასკვნა მთლიანად უკანონო იყო და სასამართლოს იგი მხედველობაში არ უნდა მიეღო. მითითებული ექსპერტიზა შეიცავდა საეჭვო და არასწორ მონაცემებს, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის ხელმეორედ დანიშვნის ფაქტი. გასაჩივრებული განჩინებით კასატორს უკანონოდ დაეკისრა 73040 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა ამ ტიპის დავებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, კრედიტორი კი სადავო ურთიერთობის შედეგად უსაფუძლოდ გამდიდრდა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდა, შესაბამისად, კასატორს პირგამტეხლო აღარ უნდა დაკისრებოდა. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო ის გარემოებაც, რომ კასატორმა შეასრულა დამატებითი სამუშაოები და სასამართლო მხედველობაში უნდა მიეღო ფაქტობრივად შესრულებული, მაგრამ დაუფიქსირებელი სამუშაოების მოცულობაც. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო დამკვეთისთვის, რადგანაც მხარეებს შორის იყო სისტემატიური კონტაქტი და მუდმივად ხორციელდებოდა მათი კონტროლი მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე, რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამს. მითითებულ სამუშაოებზე დაიხარჯა 78943 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია ზედმეტად გადახდილი თანხის ნაწილის _ 54625 ლარის დაბრუნების თაობაზე და, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.1 პუნქტის თანახმად, ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ვალდებულების შესრულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში უსაფუძვლოა. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით და მითითებული ნორმის საფუძველზე გადაეწყვიტა 54 625 ლარის გადახდის საკითხი.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ 47 732 ლარის გადახდით მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა. აღნიშნულით ვალდებულება 47 732 ლარის ნაწილში მართლაც შესრულდა, თუმცა დარჩენილი თანხის დაბრუნების ვალდებულებისაგან სამშენებლო კომპანია არ გათავისუფლებულა.

სააპელაციო პალატამ გაზარდა რა პირველი ინსტანციის მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სასამართლოს შესაძლებლობა და არა ვალდებულება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სადავო შემთხვევაში პირგასამტეხლოს 40 846 ლარით შემცირების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება სს „თ-სათვის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სამშენებლო კომპანიის მხრიდან შეასრულა სამუშაოსათვის ზედმეტად მიღებული თანხის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნია, რომ სს „თ.-მ“ შესრულებულია სამუშაოს შესრულების აქტებში მითითებულ ღირებულებაზე 47732 ლარით ნაკლები სამუშაო, რაც დაბრუნებულია სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 5 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალ.ლომაიას დავალების საფუძველზე მოწვეული ექსპერტების მიერ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების თანდასწრებით თბილისის პროფესიულ სასწავლებელ „ე-ში“ 2007 წლის 24 სექტემბერს შედგენილი აქტი შესრულებული სარემონტო სამუშაოების საკონტროლო აზომვების თაობაზე და 2007 წლის 2 ოქტომბრის დასკვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისისა და 12 ივლისის განჩინებებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს “თ.-ს” საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს “თ-ს” საკასაციო საჩივრები დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრების საგანია პირგასამტეხლოს დაკისრებისა დ ამისი ოდენობის განსაზღვრის, ასევე ვალდებულების შესრულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 427-ე და 976-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “თ-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. კ-შვილის მიერ 2010 წლის 7 ივლისს გადახდილი 2152 ლარის 70% _ 1506,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს “თ-ს” საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს “თ.-ს” დაუბრუნდეს რ. კ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1506,4 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.