ას-635-596-11 10 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ს. კ. ვ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს “ა. შ. მ-ის” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ს. კ. ვ-ის” მიმართ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ანაზღაურების შესახებ
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ს. კ. ვ-ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი მათ მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფოსტით იქნა გამოგზავნილი, მაგრამ ადრესატამდე არ მისულა, რის გამოც იძულებული იყო ხელახლა შეეტანა საკასაციო საჩივარი. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ს. კ. ვ-ის” მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მათ მიერ ზემოაღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “ს. კ. ვ-ის” წარმომადგენელს თ. მ-იას ჩაბარდა 2011 წლის 25 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 76), ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა იმავე წლის 11 მარტს (ტ. II, ს.ფ. 104), ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სახეზეა შპს “ს. კ. ვ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ს. კ. ვ-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.