Facebook Twitter

ას-636-597-10 23 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს. რ.’’ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ა. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,პ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი –პირგასამტეხლოს დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება,ზიანის ანაზღაურება(შპს ,,პ.-ს” სარჩელში) ზიანის ანაზღაურება (შპს ,,ს. რ.-ს” სარჩელში)

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,პ.-ს” შპს ,,ს. რ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 767124 (შვიდას სამოცდაშვიდი ათას ას ოცდაოთხი) ლარისა და 34 თეთრის გადახდა; შპს ,,პ.-ს” დაეკისრა 5000 (ხუთიათასი) ლარის გადახდა შპს ,,ს. რ.-ს” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკომპენსაციოდ; შპს ,,პ.-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,შპს ,,ს. რ.-ს” შპს ,,პ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 201874 (ორას ერთი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი) ლარისა და 83 თეთრის გადახდა, ასევე 929 (ცხრაას ოცდაცხრა) ლარისა და 54 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში შპს ,,პ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დკმაყოფილებაზე. შპს ,,ს. რ.-ს” დაეკისრა 1179,32 ლარის გადახდა შპს ,,პ.-ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკომპენსაციოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,პ.-მ’’ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “პ.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების 1-ლი და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში მიიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ს. რ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს “პ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს “ს. რ.-ს” დაეკისრა შპს “პ.-ს” სასარგებლოდ 201874 (ორას ერთი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი) ლარისა და 83 თეთრის, ასევე 929 (ცხაასოცდაცხრა) ლარისა და 54 თეთრის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.შპს “პ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 23 იანვარს შპს “ს. რ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის დაიდო ¹შს/07-015 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, შპს “პ.-მ” (მიმწოდებელმა) აიღო ვალდებულება, მიაწოდოს შპს “ს. რ.-ს” (შემსყიდველს) I ტიპის 30000 ცალი ხის განძელი და II ტიპის 65771 ცალი ხის განძელი, კერძოდ ლოტი ¹1 – 1308000 ლარად დღგ-ს გარეშე და ლოტი ¹2 – 2729496,5 ლარად დღგ-ს გარეშე, სულ 4037496,5 ლარი დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების N¹3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 20 მაისი. ამავე ხელშეკრულების ¹ 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო შპს “პ.-ს” დაერიცხა პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 96562,81 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27). მითითებული თანხა შპს “ს. რ.-მ” გაქვითა შპს “პ.-ს” მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებაში.

2007 წლის 29 ივლისს შპს “ს. რ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის დაიდო შეთანხმება ¹1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 23 იანვრის ¹შს/07-015 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ “მიმწოდებელმა” (შპს “პ.-მ”) ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რითაც შეიქმნა წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფრთხე. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების შესრულების გრაფიკში შეტანილ იქნა ცვლილებები, “მიმწოდებლის” ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმების ხარჯზე, კერძოდ, ¹1 შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადამ გადაიწია 2007 წლის 30 ნოემბერს, რის სანაცვლოდაც, შპს “პ.” დაჯარიმდა ხელშეკრულების ღირებულების (4037496,5) 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 201874,83 ლარს. მითითებული თანხა შპს “ს. რ.-მ” დააკავა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის სახით (ხელშეკრულების ღირებულების - 4037496,5-ის ლარის 5%, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 პუნქტი) შპს “პ.-ს” მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხიდან.

2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმებით, გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, შპს “პ.-ს” დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (4037496,5 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 1025524,111 ლარი. ამ თანხიდან 258399,771 ლარი შპს “ს. რ.-მ” გაქვითა შპს “პ.-ს” მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებაში.

2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს “ს. რ.-მ” შპს “პ.-ს” დაუკავა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5% - 202000 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, გაიზიარა აპელანტ შპს “პ.-ს” მოსაზრება იმის შესახებ, რომ, 2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, შპს “პ.-სათვის” დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (4037496,5 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 1025524,111 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი და არსებობს მისი შემცირების კანონიერი საფუძველი.

პალატამ მიიჩნია,რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან შეუსაბამოდ მაღალია,ვინაიდან შპს “პ.-მ” შპს “ს. რ.-ს” მიაწოდა 1665169 ლარის ღირებულების საქონელი, ასევე, პალატის აზრით, შპს “პ.-სათვის” დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (4037496,5 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 1025524,111 ლარს, უნდა შემცირდეს 460399,771-ით ვინაიდან შპს “ს. რ.-ს” არ წარმოუდგენია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია, რომ, 2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს ანგარიშში შპს “ს. რ.-ს” შპს “პ.-სათვის” ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გაქვითული აქვს 258399,771 ლარი. ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 460399,771 ლარამდე მიჩნეულ იქნა სამართლიანად, ამიტომ შპს “ს. რ.-ს” პირგასამტეხლოს ანგარიშში დარჩა მოთხოვნის უფლება 202000 (460399,771-258399,771) ლარზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია,რომ 2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მითითებული თანხა უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანგარიშში, ვინაიდან, 2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, შპს “ს. რ.-მ” შპს “პ.-ს” დაუკავა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 202000 ლარი. შპს “ს. რ.-ს” შპს “პ.-ს” მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აღარ რჩება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “პ.-ს” მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს ,,ს. რ.-მ” მას არასწორად დაუკავა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 201874,83 ლარი,პალატამ ჩათვლა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობდა, ვინაიდან 2007 წლის 29 ივლისის ¹1 შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მითითებული თანხა ჩაითვალა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანგარიშში, ამიტომ, მოთხოვნათა გაქვითვის გამო, შპს “პ.-ს” სარჩელი ამ ნაწილშიც არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია შპს “პ.-ს” მოთხოვნები მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს – 929,54 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის – კუთვნილი თანხების დროულად გადაუხდელობის გამო, ყოველთვიურად ამ თანხების 3%-ის, სულ სარჩელის შეტანის დროისათვის 165175,02 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები შპს “პ.-ს” არ წარმოუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.-ს” წარმომადგენელმა ა. ს-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მხარეთა მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა. სასამართლომ საფუძვლიანად და სამართლიანად მიიჩნია შპს „პ.-ს“ დაჯარიმება 460,399,771 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 202000 ლარი წარმოადგენდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკავებულ პირგასამტეხლოს, ხოლო 258399,771 ლარი – მოწინააღმდეგე მხარისთვის დარიცხულ 0,1%-იანი პირგასამტეხლოს ნაწილს. კასატორის წარმომადგენლის აზრით, გაურკვეველია, თუ რა პრინციპით შეამცირა სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ დადგენილი პირგასამტეხლო და რა ოდენობის პირგასამტეხლო მიიჩნია სამართლიანად, ვინაიდან სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული დავის ძირითად საგანს.

კასატორის აზრით, სასამართლოს განმარტება, შესრულების ღირებულების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ს. რ.-ს“ არ წარმოუდგენია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები შპს „პ.-სთვის“ დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 1025524,111 ლარს, უნდა შემცირდეს 460399,771 ლარამდე, არასწორია.

კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის 2007 წლის 23 იანვარს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შს/07-015, რომლის მიხედვით შპს „პ.-ს“ შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 4 037496,5 ლარის ღირებულების I და II ტიპის ხის განძელები. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს „პ.-მ“ ვერ შესძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების გრაფიკის დაცვა, რის გამოც, ხელშეკრულების შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მომწოდებლის 5%-იანი პირგასამტეხლოთ დაჯარიმების ხარჯზე 2007 წლის 29 ივლისს დაიდო შეთანხმება ¹1, რომლითაც საქონლის მიწოდების ახალი გრაფიკი განისაზღვრა. დადგენილია ისიც, რომ შპს „პ.-მ“ ვერც ახალი შეთანხმების შესრულება შეძლო, კერძოდ, მნიშვნელოვნად გადააცილა ვადებს და საბოლოოდ, ვინაიდან მიმწოდებელზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, შპს „ს. რ.მ“ 2007 წლის 4 დეკემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. ამ უკანასკნელი გარემოებების გამო შპს „პ.“ ექვემდებარებოდა დაჯარიმებას პირგასამტეხლოს იმ ოდენობებით, რაც მხარეთა მიერ შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, შპს „ს. რ.-მ“ სრულიად საფუძვლიანად მოწინააღმდეგე მხარეს დაუკავა 5%-იანი პირგასამტეხლო საბანკო გარანტიიდან. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის დარიცხულ 0,1%-იან პირგასამტეხლოს 1025524,111 ლარის ოდენობით, შემსყიდველმა მხოლოდ ნაწილი, 258399,771 ლარი გაქვითა შპს „პ.-ს“ მიერ მოწოდებული საქონლის ღირებულებიდან. სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია მხარის დაჯარიმება ზემოაღნიშნული ოდენობით და ასევე იქვე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან შეუსაბამოდ მაღალია. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ გაკეთებული ამგვარი დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. კერძოდ, აბსოლუტურად გაუგებარია, იმ შემთხვევაში, თუკი პირგასამტეხლოს განსაზღვრა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან მიჩნეულ იქნა უსამართლოდ, მაშინ, რატომ ჩათვალა საფუძვლიანად მხარის დაჯარიმება 258399,771 ლარის ოდენობით, რაც ასევე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან იყო ნაანგარიშები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებას კიდევ მეტ ბუნდოვანებას ჰმატებს ის ფაქტი, რომ სადავო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელიათ იმაზე, პროცენტულად რა პირგასამტეხლო მიიჩნია სასამართლომ სამართლიანად, კერძოდ 0,1%-იანი პირგასამტეხლო რა ოდენობამდე შემცირდა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს ამგვარი დასკვნა, რომ, ვინაიდან შპს „ს. რ.-ს“ არ წარმოუდგენია ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 1025524,111 ლარიდან 460339,771 ლარამდე, აშკარად წინააღმდეგობრივია სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რომლის თანახმადაც, „კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“. ამრიგად, როგორც დასახელებული მუხლიდან ირკვევა, კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს ზიანსა და პირგასამტეხლოს. განსხვავებულია ამ ორი ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობებიც, კერძოდ, თუ პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია მხოლოდ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით შეთანხმება, ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა იმის მტკიცება, რომ კრედიტორმა ნამდვილად განიცადა ზიანი. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით, ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა არ უკავშირდება პირგასამტეხლოს გამოყენებას, შესაბამისად, მცდარია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ერთ-ერთ საფუძვლად ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის დასახელება.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, დაუსაბუთებელი და საფუძველსაა მოკლებულია, ხელშეკრულების ღირებულების, შპს „პ.-ს“ მიერ შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით შპს „ს. რ.-ს“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. სწორედ ზემოდასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო 1025524,111 ლარის ოდენობით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც ემსახურება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და კრედიტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანს, რაც მოცემულია კიდეც სკ-ის 418-ე მუხლის 1-ელ ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა განძელი, რაც რ.-სთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ასევე, ვინაიდან ოთხ- მილიონიანი ღირებულების ხელშეკრულებიდან მხოლოდ 1665169 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება შეძლო კონტრაპენტმა, პირგასამტეხლოს დაკისრება 1025524,111 ლარის ოდენობით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წამრმომადგენელმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. რ.-ს’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ს. რ.-ს’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს შპს ,,ს. რ.-ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,ს. რ.-ს’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს შპს ,,ს. რ.-ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% - 5600 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.