Facebook Twitter

ას-642-603-2011 30 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ. ჭ-ძე, ი. გ-შვილი, რ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ა-ავა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით მიხეილ ქარქუსაშვილის, მ. ჭ-ძის, ი. გ-შვილის და რ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. ჭ-ძემ, ი. გ-შვილმა და რ. კ-ძემ და მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 მაისის განჩინებით მ. ჭ-ძეს, ი. გ-შვილს და რ. კ-ძეს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ 7 დღის ვადაში როლანდ თვარაძის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე რწმუნებულების ან მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და თითოეული კასატორის მიერ დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2011 წლის 23 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა როლანდ თვარაძემ, წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ძის, ი. გ-შვილის და რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 06 მაისის განჩინება კასატორებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე და, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ 2011 წლის 13 მაისს (ტომი 2, ს.ფ. 138-141).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 14 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 20 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით საკასაციო სასამართლოს მომართა 2011 წლის 23 მაისს, ხარვეზის შევსების გადის გასვლის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განცხადებით კასატორების მიერ ხარვეზი შევსებული არ ყოფილა, კერძოდ, მათ არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით, ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ხარვეზის განჩინებით მოთხოვნილი მინდობილობა. ეს უკანასკნელი კასატორებმა წარმოადგინეს მხოლოდ 2011 წლის 30 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ-ძის, ი. გ-შვილის და რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. მ. ჭ-ძეს, ი. გ-შვილს და რ. კ-ძეს დაუბრუნდეთ როლანდ თვარაძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.