ას-643-604-2010 4 აგვისტო, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. შ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინება მ. შ-ძეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 20 ივლისს (იხ. ს.ფ. 166), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2010 წლის 26 ივლისი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.