Facebook Twitter

¹ას-643-604-2011 6 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ა-ანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ მ. ა-ანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე – შპს «დ. ც-ის» მიმართ საზოგადოების პარტნიორთა კრების 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ლ. ლ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის მიერ მ. ს-ძისათვის მათი უფლების სასამართლო წესით დაცვის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უშუალოდ კასატორთა მიერ შედგენილი ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და მ. ს-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორთა წარმომადგენელ მ. ს-ძეს და ჩაბარდა 2011 წლის 20 მაისს (ტ.III, ს.ფ. 129).

საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 21 მაისს და დამთავრდა 2011 წლის 27 მაისს. აღნიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება