Facebook Twitter

ას-64-55-2011 17 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ყ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ხ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ყ-ძის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2008 წლის 21 იანვარს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 22 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე არის მოსარჩელის ნათესავი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნულის სანაცვლოდ ვ.ხ-შვილი დათანხმდა, კუთვნილი უძრავი ნივთი ანდერძით დაეტოვებინა თ.ყ-ძისათვის. 2008 წლის 21 იანვარს მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ ხელს აწერდა ზემოხსენებულ ანდერძს, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ მოპასუხემ მოტყუებით ხელი მოაწერინა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაზე და გაასხვისა სადავო ნივთი.

მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო თ.ყ-ძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ხ-შვილს და სახლიდან გააგდო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგება დაიდო კანონიერად. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი შინაარსი, ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ხ-შვილის სარჩელი მოპასუხე თ. ყ-ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ხ-შვილსა და თ. ყ-ძეს შორის 2008 წლის 21 იანვარს დადებული მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) ჩუქების შესახებ ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ხ-შვილსა და თ. ყ-ძეს შორის 2008 წლის 21 იანვარს დადებული მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) ჩუქების შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხე თ. ყ-ძეს მოსარჩელე ვ. ხ-შვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელე ვ. ხ-შვილს უარი ეთქვა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 22 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მათი სამართლებრივი შეფასება.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ თანახმა იყო, მისი ქონება მოპასუხის საკუთრება გამხდარიყო ვ.ხ-შვილის სიკვდილის შემდეგ იმ პირობით, თუ მოპასუხე არჩენდა მას. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თ. ყ-ძემ ასევე დაადასტურა, რომ ჩუქების ხელშეკრულებები დაიდო იმ პირობით, რომ მას უნდა ეზრუნა მოსარჩელეზე. ამდენად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებების პირობა იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელის რჩენა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა რამდენიმე ფაქტობრივ საფუძველს, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან მოტყუებას და იმას, რომ მხარეთა ნება მდგომარეობდა უძრავი ქონების მოპასუხისთვის გადაცემაში იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი მას არჩენდა სიცოცხლის ბოლომდე, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხემ. სწორედ, სარჩელში მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდობით მართებულად იქნა მიჩნეული სადავო ხელშეკრულებები ბათილ გარიგებად.

მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი იყო დარღვეული უფლების აღდგენა ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილებით, შესაბამისად, სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი კვალიფიკაცია მისცა სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის შედეგადაც მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის ინტერესები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ყ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ის ფაქტი, რომ თ.ყ-ძეს მოსარჩელე არ მოუტყუებია, თუმცა სინამდვილეს არ შეეფერება პალატის მითითება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ფაქტობრივად მოპასუხემ უანგაროდ შეიფარა თავისი მამიდა და მისთვის სანაცვლოდ არაფერი უთხოვია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით თ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ყ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.