ას-645-606-10 26 ივლისი, 2010წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ს-ი”
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 15 აპრილს ჟ. მ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა ბინის სანაცვლოდ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის დაკისრება _ 34 875 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ ჟ. მ-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 34 875 აშშ დოლარი.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია „ა-ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „ა-ი“, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „თ-ა“, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს _ შპს „ს-ი“;
სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანიის „ა-ის“ ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ბინის შეძენისთვის გამოეყო ფულადი კომპენსაცია 1 კვ.მ. ფართზე 150 აშშ დოლარი;
მოსარჩელეს ბინების შეძენისათვის გამოყოფილი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია;
საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულა, მშენებარე ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად გასხვისდა;
სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანიის „ა-ის“, ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილების დანართის მიხედვით, ... ¹29/2 კორპუსის ბინათმფლობელთა სიაში მე-17 ნომრად მითითებულია მოსარჩელე ჟ. მ-ძე;
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებსა და სს ეროვნული კომპანია „ა-ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა, ვინაიდან აღნიშნა, რომ “ა-ის“ ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 22.10.2002 წ. ¹148/9-55 გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ ბუღალტერიას დაევალა გაეცა აღნიშნულ პირებზე საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად საკომპენსაციო თანხა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა შეეხებოდა 22.10.2002 წ. ¹148/9-55 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, ვინაიდან ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას და დავა სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. სასამართლომ მიუთითა, რომ 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვალდებულების აღიარება დამოუკიდებელი იყო ძირითადი ვალდებულებისაგან და წარმოადგენდა ახალ გარიგებას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სს “ა-ის” ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოხდა ვალის აღიარება და საკომპენსაციო თანხების გაცემა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენდა საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის _ გენერალური დირექტორის მიერ საწარმოს პროფკავშირთან ერთად საწარმოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საწარმომ გამოხატა ნება და იკისრა გარკვეული ვალდებულება მესამე პირების წინაშე. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ ჩაითვლებოდა საწარმოს შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობებში გამოსაყენებლ დოკუმენტად.
სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ს-ის“ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისში, ... გამზირზე მშენებარე მრავალბინიან კორპუსში 1 კვ.მ. თეთრი კარკასის ღირებულება შეადგენდა 450-500 აშშ დოლარს, ვინაიდან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2009 წლის 13 ოქტომბრის ¹4008/04/19 დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ... გამზირზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში თეთრ კარკასულ მდგომარეობაში მყოფი ბინის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 750 აშშ დოლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე, 341-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს-ს“ მოსარჩელე ჟ. მ-ძის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 34 875 აშშ დოლარი (750 აშშ დოლარი X 46,5 კვ.მ.).
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს “ს-ის” მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია „ა-ის“ ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, საკომპენსაციო თანხის გაცემა მოხდებოდა სს „ა-ის“ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სს „ა-ის“ განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე, ხოლო ვალდებულების შესრულების თარიღი კონკრეტულად არ იყო მითითებული. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო, ხოლო სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი, რაც შემდგომში გახდა ერთ-ერთი საფუძველი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უმართებულოდ არ გაიზიარა მათი პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან თუ, მოცმულ შემთხვევაში, 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გარიგებად ჩაითვლება და შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, მაშინ მასში ცალსახადაა აღნიშნული, რომ კომპენსაციის გადახდა ნაწილ-ნაწილ უნდა მომხდარიყო, შესაბამისად, სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის ამოქმედების წინაპირობები, ამდენად, სასამართლოს მიერ მითითებული მუხლის არასწორი განმარტება გახდა საფუძველი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენისა, რის გამოც უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე უმართებულოდ არ გაიზიარა მათი მოსაზრება ზიანის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადსტურდებოდა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მასში მითითებული თანხის ოდენობა მართლაც შეესაბამებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო, რაც მისი გაუქმების საფუძველია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს “ს-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1743.75 აშშ დოლარის 30% _ 523.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.