ას-648-609-2010 30 ნოემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა
კასატორი _ ზ. ბ-ული (წარმომადგენელი ხ. ზ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ია (წარმომადგენელი გ. ტ-ძე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. მ-იამ მოპასუხე ზ. ბ-ულის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის _ 4 872.48 ლარის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 2-13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. ბ-ულს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 4 ოქტომბერს, 19 საათსა და 45 წუთზე, ... გამზირზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა;
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა “აუდი-ს” სახელმწიფო ნომრით ... მართავდა ზ. ბ-ული, ხოლო ავტომანქანა “მიცუბიში ეკლიფსის” სახელმწიფო ნომრით ... მართავდა ა. მ-ია;
თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ (სისხლის სამართლის საქმეზე ნომრით ...) შესულია კანონიერ ძალაში;
ა. მ-იას კუთვნილი ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ არ იყო განთავსებული ავტომანქანებისათვის სპეციალურად განკუთვნილ დაცულ ავტოსადგომზე;
2008 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზ. ბ-ულის, თ. ბ-შვილის, ა. მ-იას და ქ. ზ-შვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, 2008 წლის 4 ოქტომბერს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზ. ბ-ულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ა. მ-იას დაზიანება არ მიუღია;
2008 წლის 25 დეკემბერს თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის ¹... საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ზ. ბ-ულის მიერ სატრანსპორტო საშუალების არასწორი მართვით, კერძოდ, მის მიერ დარღვეულია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის მე-14 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა. მ-იას ავტომანქანის (“მიცუბიში ეკლიფსი” სახელმწიფო ნომრით ...) დაზიანებით მიყენებული ზიანი შეადგენს 2 700 ლარს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე 2008 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჩატარებული ექსპერტის დასკვნით;
მოსარჩელემ ასევე წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 2 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომობილ “მიცუბიში ეკლიფსი” სახელმწიფო ნომრით ...-ზე დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დაახლოებით შეადგენს 4 872.48 ლარს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ზ. ბ-ულის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის 4 872.48 ლარით განსაზღვრის თაობაზე, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
ავტოსაგზაო შემთხვევიდან, 2008 წლის 4 ოქტომბრიდან 2009 წლის 2 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე გასული იყო 5 თვე. საქმეზე უდავოდ დგინდებოდა, რომ ა. მ-იას კუთვნილი ავტომანქანა არ იდგა ავტომანქანებისათვის განკუთვნილ დაცულ ტერიტორიაზე. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანებები დროით შეესაბამებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზიანების სახე და ხარისხი კი შესაბამებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოშობილ დაზიანებებს და იგი არ იყო მიყენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ რაიმე მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ზ. ბ-ულის არგუმენტაცია ა. მ-იას შერეული ბრალის არსებობის შესახებ და ამ მიზნით მის მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ავტოტექნიკური ექსპერტის დასკვნა და აღნიშნა, რომ 2008 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ა. მ-იას ბრალი არ დგინდებოდა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე, 408-ე მუხლებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მოპასუხისათვის 2 700 ლარის დაკისრების ფარგლებში (ტომი I, ს.ფ. 85-87).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ულმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი I, ს.ფ. 94-99, ტომი II, ს.ფ. 16-23).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ზიანის დადგომაში ბრალი მიუძღვოდა ზ. ბ-ულს. ეს გარემოება დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, სადაც მითითებულია, რომ მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია მძღოლ ზ. ბ-ულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების არასწორად მართვის გამო. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა. რაც შეეხებოდა აპელანტის მიერ მითითებულ ექსპერტის დასკვნას, საქმეზე წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 19 მარტის დასკვნის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი “აუდი A6-ის” მძღოლს ზ. ბ-ულს უგულებელყოფილი აქვს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 27.10 მუხლის მოთხოვნები. ავომობილ “მიცუბიშ ეკლიფსის” მძღოლს ა. მ-იას ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. აღნიშნული მტკიცებულების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-იას მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ წარმოადგენდა მისი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ სახეზე იყო შერეული ბრალი, ა. მ-ია მთვრალ მდგომარეობაში მართავდა ავტოტრანსპორტს და მას ჰქონდა შესაძლებლობა ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან აეცილებინა, რამდენადაც მხარემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 49-55).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ბ-ულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნის სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლო დაადგენდა, რომ ა. მ-იას ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ამდენად, სახეზეა შერეული ბრალი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მხოლოდ ზ. ბ-ულს დააკისრა ზიანის ანაზღაურება, ხოლო ა. მ-ია მთლიანად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან, რაც არასწორია (ტომი II, ს.ფ. 60-66).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. კასატორი ზ. ბ-ული კისრულობს ვალდებულებას არაუგვიანეს 2011 წლის 30 იანვრისა გადაუხადოს მოწინააღმდეგე მხარეს ა. მ-იას (ორი ათას შვიდასი) ლარი. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით ა. მ-იას შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “... ბანკი”, ბანკის კოდი _ ...; ანგარიშის ნომერი _ ...; თანხის მიმღები _ ა. მ-ია.
2. იმ შემთხვევაში თუ კასატორ ზ. ბ-ულის მიერ არაჯეროვნად/არასრულად შესრულდება ან საერთოდ არ შესრულდება ამ მორიგების აქტის 1-ლი მუხლით დადგენილი ვალდებულება, იგი დაუყოვნებლივ გადაუხდის პირგასამტეხლოს სახით ა. მ-იას 3 000 (სამი ათასი) ლარს. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ზ. ბ-ულს ძირითადი ვალდებულების, 2 700 (ორი ათას შვიდასი) ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოწინააღმდეგე მხარე ა. მ-ია კისრულობს ვალდებულებას ამ შეთანხმებით დადგენილ ვადაში მიიღოს კასატორის მიერ ჯეროვნად და სრულად განხორციელებული შესრულება.
4. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი ძალაში შედის მისი მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
5. ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება იძულებითი აღსრულების მექანიზმები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გთვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსამზადებელ სხდომაზე, ამიტომ კასატორ ზ. ბ-ულს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. კასატორი ზ. ბ-ული კისრულობს ვალდებულებას არაუგვიანეს 2011 წლის 30 იანვრისა გადაუხადოს მოწინააღმდეგე მხარეს ა. მ-იას 2 700 (ორი ათას შვიდასი) ლარი. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით ა. მ-იას შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “... ბანკი”, ბანკის კოდი _ ...; ანგარიშის ნომერი _ ...; თანხის მიმღები _ ა. მ-ია.
2. იმ შემთხვევაში თუ კასატორ ზ. ბ-ულის მიერ არაჯეროვნად/არასრულად შესრულდება ან საერთოდ არ შესრულდება ამ მორიგების აქტის 1-ლი მუხლით დადგენილი ვალდებულება, იგი დაუყოვნებლივ გადაუხდის პირგასამტეხლოს სახით ა. მ-იას 3 000 (სამი ათასი) ლარს. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ზ. ბ-ულს ძირითადი ვალდებულების, 2 700 (ორი ათას შვიდასი) ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოწინააღმდეგე მხარე ა. მ-ია კისრულობს ვალდებულებას ამ შეთანხმებით დადგენილ ვადაში მიიღოს კასატორის მიერ ჯეროვნად და სრულად განხორციელებული შესრულება.
4. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი ძალაში შედის მისი მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
5. ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება იძულებითი აღსრულების მექანიზმები.
II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
III. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
IV. ზ. ბ-ულს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.