651-612-10 30 სექტემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. გ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. და გ. ს-ეები(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმქთა კოლეგიის 2009 წლის 22 სეწტემბრის განჩინება
დავის საგანი –უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
არნისნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმქთა კოლეგიის 2009 წლის 22 სეწტემბრის განჩინებით სააპელაციო საცივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე თ. და გ. ს-ეებს დაევალათ: საკუთარი სახსრებით მოსარჩელის კუთვნილ სახლზე მიშენებული საუნის და მიყრილი მიწის მოშორება 50 სმ სიგანით მოსარჩელის სახლის საძირკვლის პირამდე; დაზიანებული საძირკვლის კედლისა და ოთახების კაპიტალური შეკეთება; ცენტრალური გზიდან სახლამდე ეზოების გამყოფ ღობეზე მიყრილი მიწის აღება 50 სმ სიგანით; ეზოების გამყოფი ღობის დადაბლება 2.20 მეტრამდე და მიყრილი მიწის მოცილება; მოსარჩელის ეზოში ჩამაგრებული ბოძის გადატანა საკუთარ ეზოში, მოსარჩელის სახლის მხარეზე გაჭრილი სარკმლების ამოქოლვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის წერილით ლ. გ-იას ეცნობა, რომ 2009 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით 2004 წლის 21 ივნისს მოპასუხეთა – თ. და გ. ს-ეების მიმართ 2004 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა შესრულებულ იქნა ნაწილობრივ. კერძოდ კი, შემდეგ ნაწილში: მოსარჩელის კუთვნილ სახლზე მიშენებული საუნისა და მიყრილი მიწის მოშორება 50 სმ სიგანით მოსარჩელის სახლის საძირკვლის პირამდე; დაზიანებული საძირკვლის კედლის შეკეთება და ცენტრალური გზიდან სახლამდე ეზოების გამყოფ ღობეზე მიყრილი მიწის აღება 50 სმ სიგანით, ხოლო სხვა მოთხოვნები (ეზოების გამყოფი ღობის დადაბლება 2.20 მეტრამდე, მოსარჩელის სახლის მხარეზე გაჭრილი სარკმლების ამოქოლვა) არ იყო შესრულებული.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2004 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეუსრულებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ ქ.თბილისის პროკურატურის 2009 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე, რომლის მიხედვით თ. და გ. ს-ეების მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე შეწყვეტილ იქნა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა – თ. და გ. ს-ეების მიერ საკუთარ ეზოში აშენებული ნაგებობის შედეგად აპელანტის ეზომ დაკარგა ესთეტიკური იერსახე და მატერიალური ღირებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ შპს „ა-ის“ მიერ გაცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, თბილისში, ..... ქ.¹42-ში არსებულ ეზოში აშენებული სადავო ნაგებობის გაბარიტები შეესაბამება ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებების ნორმების მოთხოვნებს, ხოლო ლ. გ-იას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ თ. და გ. ს-ეების მიერ აშენებული ნაგებობის შედეგად მოხდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებების დაუშვებელი ხელყოფა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის – ლ. გ-იას მითითება იმ სამართლებრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო 2001 წლის 18 სექტემბრის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების შესახებ“ დებულებები უგულებელყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების დამტკიცების შესახებ“ გაუქმდა 2008 წლის 8 ივლისის ¹1-1\1254 ბრძანებით „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ შესახებ, შესაბამისად, აპელანტის მიერ აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს მისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული აქტი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარეთა – გ. და თ. ს-ეების მიერ აშენებული ნაგებობით აპელანტის კანონით მინიჭებული უფლებების დაუშვებელი ხელყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-იამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები, რითაც შეიზღუდა მისი უფლებები, აგრეთვე, მის საკუთარ ეზოში მოწყობილი მიწაყრილის შედეგად დაირღვა რელიეფი და თვითნებურად აშენებულმა ნაგებობამ დაიკავა კასატორის ეზოს დანიშნულება, გამოყენების ხარისხი, ესტეტიკური სახე და მატერიალური ღირებულება. კასატორის განმარტებით, მის ძირითად პრეტენზიას და მოთხოვნას წარმოადგენს გამყოფ ღობეზე მიწის მოცილება. კასატორის თქმით, მოპასუხეს არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულება და გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა ააშენა, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს კასატორის ეზოს და ეს გარემოება უხერხულობას უქმნის მას. კასატორის აზრით, სრულიად უსაფუძვლოა, სასამართლოს მსჯელობა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკუთრებაში აშენებული ნაგებობა არც ესთეტიკურ იერზე მოქმედებს და არც მატერიალურ ღირებულებაზე. აგრეთვე, მოსამართლე არ დაინტერესებულა იმ ფაქტით რომ შენობის აშენებას სჭირდება მერიისა და არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შემდგომ კიდევ სხვა რეკვიზიტებიც, რაც, კასატორის განმარტებით, ს-ეების ოჯახს არ გააჩნდათ. კასატორი მიუთითებს, რომ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახური კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი მშენებლობისთვის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საჭიროებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. გ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. გ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.