ას-6-5-10 29 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. ვ. დ-შვილი
2. ვ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნომებრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. დ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ ვ. ბ-ძესა და დ. გ-ძეს დაევალათ ვ. დ-შვილის მიმართ 2009 წლის 4 მარტს გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა ვ. ბ-ძესთან ქორწინებისას ვ. დ-შვილის არაქალწულობის შესახებ, იმავე წრეში.
სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეში არსებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამსიად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და ჩათვალა, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. დ-შვილის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების მოპასუხეების მხრიდან გავრცელების ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ცნობების გავრცელება მოხდა მოპასუხეთა მხრიდან რაიმე წინასწარი განზრახვის გარეშე, ე.ი. მათი ბრალის გარეშე, ვინაიდან ვ. ბ-ძეს ცოლად ჰყავდა შერთული ვ. დ-შვილი.
სასამართლომ მოთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურების შEსახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნა, რომ იგი არ გამომდინარეობდა უშუალოდ კანონით განსაზღვრული შემთხვევიდან და ასევე არ არსებობდა მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ბრალი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და ასევე მოწინააღმდეგე მხარისათვის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ბ-ძესა და დ. გ-ძეს ვ. დ-შვილის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარი.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის მიერ ვ. დ-შვილის ქალწულობასთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევის ფაქტის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით შეილახა მოსარცელის პატივი და ღირსება. აღნიშნული ცნობები მოპასუხეებმა გაავრცელეს პოლიციის, ვ. დ-შვილისა და ვ. ბ-ძის ნათესავების წრეში, რაც აღიარა დ. გ-ძემ.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. დ-შვილის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. დ-შვილის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეებს გადასახდელად უნდა დაკისებოდათ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 1000 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ვ. დ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სოლიდარულად 4000 ლარის დაკისრება.
კასატორის განმარტებით სასამარტლომ არასწორად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ძეს არ გააჩნია რაიმე უძრავი ქონება და ცხოვრობს მშობლებთან ერთად და რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს არ წარმოუდგენია, რაც საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.
რაც შეეხებათ ვ. ბ-ძესა და დ. გ-ძეს, მათ თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მიიჩნია, რომ ვ. დ-შვილს მიადგა მორალური ზიანი მათი ბრალეულობით, ვინაიდან ვ. დ-შვილმა ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მისი უფლებების დარღვევას მოჰყვა მორალური ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი თებერვლის განჩინებით ვ. დ-შვილის, ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეებს განესაზღვრათ 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ვ. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე კი, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-შვილის, ასევე ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას როგორც ვ. დ-შვილის, ასევე ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ვ. ბ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
3. კასატორ ვ. დ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. კასატორ ვ. ბ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.