¹ას-652-959-09 21 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ბ-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – საერთო სარგებლობის ადგილას უნებართვოდ დადგმული წისქვილის გადატანა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2008 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა ნ. ს-შვილმა მოპასუხე ა. ბ-ავას მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს საცხოვრებელ კორპუსთან, მდებარე ... ქ.¹7-Aში, უნებართვოდ დადგმული წისქვილის გადატანა, კერძოდ, სარჩელში მითითებულია, რომ ... ქ.¹7-ში სანიტარული სამსახურის ნებართვის გარეშე გახსნილია და მოქმედებს წისქვილი. ა. ბ-ავა ცხოვრობს იმავე კორპუსში მე-4 სართულზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თვითონ და კორპუსის მაცხოვრებლები მოითხოვენ აღნიშნული უნებართვო წისქვილის გადატანას, ვინაიდან სახლი დგას წყლიან გრუნტიან ნიადაგზე, ავარიულია სინესტის გამო, სარდაფის გარეთა და შიგნითა კედლები სველია, რასაც ემატება წისქვილის ხმაური და ვიბრაცია, არის საშიშროება სახლის დანგრევის. აღნიშნულთან დაკავშირებით მან მიმართა 1997 წელს მერიას, რის შემდეგაც 1997 წლის 16 სექტემბრიდან სანიტარული სამსახურის დადგენილების საფუძველზე წისქვილი გაუქმდა, რაც ამჟამადაც ძალაშია. ამის მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებს ობიექტის ექსპლუატაციას, რაზედაც არ გააჩნია არანაირი უფლება და არც ლიცენზია. მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს ... ქ.¹7-ში სადარბაზოში, სახლის საძირკველში უნებართვოდ დადგმული წისქვილის გადატანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ა. ბ-ავას დაევალა საცხოვრებელ კორპუსში, მდებარე თბილისში, ... ქ. ¹7-ში ცენტრალურ სადარბაზოში, სახლის საძირკველში, უნებართვოდ დადგმული წისქვილის გადატანა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ბ-ავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით ა. ბ-ავას საჩივარი მიღებულ იქნა განსახილვევლად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინებით ა. ბ-ავას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ბ-ავამ. მან მიუთითა, რომ იგი არის 87 წლის, ავადმყოფობის გამო, ვერ შესძლო ადვოკატის აყვანა და დროულად შესაგებლის წარდგენა სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია, აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისავის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) ფორმის ნიმუში, რომელშიც მითითებულია შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგებზე, სსსკ-ის 373-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, გაეგზავნა ა. ბ-ავას და განესაზღვრა შესაგებლის წარსადგენად 7 დღე. სააპელაციო საჩივარი და თანდართული დოკუმნეტების ასლები ა. ბ-ავას ჩაჰბარდა 2009 წლის 1 აპრილს. მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 8 აპრილის ჩათვლით, თუმცა მას შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან, ავადმყოფობის გამო, ვერ წარადგინა შესაგებელი სასამართლოში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი ამ პერიოდისათვის ავად იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრი უსაფუძვლოა და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.