Facebook Twitter

ას-653-614-2010 30 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-ძემ მოპასუხე ა. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე, ამ თანხის გადახდის მიზნით ა. ნ-ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (ტომი 1, ს.ფ. 2-11).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე ა. ნ-ძის გამოუცხადებლობის გამო, ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 42-45).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ა. ნ-ძის (წარმომადგენელი თ. ც-ძე) საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დადგინდა ნ. დ-ძის სარჩელის არსებითი განხილვა (ტომი 1, ს.ფ. 57-63).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ა. ნ-ძემ სარჩელი ცნო 22 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში მან სარჩელი არ ცნო (ტომი 1, ს.ფ. 57-63).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. ნ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ა. ნ-ძის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ბინა ¹34-ის აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა (ტომი 1, ს.ფ. 70-73).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 9 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 76-84).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. ნ-ძისათვის ნ. დ-ძის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარიდან 6 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში; სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ა. ნ-ძეს ნ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 23 500 აშშ დოლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 5 მარტს გამართულ პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი ა. ნ-ძე; აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის ნ. დ-ძის წარმომადგენელი ა. ხ-შვილი; ნ. დ-ძის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 6 500 აშშ დოლარის ნაწილში და იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

2010 წლის 2 მარტს ა. ნ-ძეს ტელეფონის საშუალებით პირადად ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის სხდომის თაობაზე და განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვებოდა არც ერთი ზემომითითებული გარემოება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელს გახდიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი _ ა. ნ-ძე (წარმომადგენელი ა. ც-ძე), რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. ამასთან, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ცნო 6 500 აშშ დოლარის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მას ნ. დ-ძის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 23 500 აშშ დოლარი (30 000 – 6 500 = 23 500). დანარჩენ ნაწილში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 2, ს.ფ. 64-71).

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ა. ნ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სხდომის გადადება. ასეთი შუამდგომლობის წარდგენა განპირობებული იყო იმით, რომ ა. ნ-ძე დავას აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, ეს უკანასკნელი კი იყო ავად და გადიოდა მკურნალობის კურსს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე საჩივრის ავტორი ასევე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელსაც აცნობა, რომ გამოგზავნილი ჰქონდა განცხადება სხდომის გადადების მოთხოვნით. სასამართლომ მითითებული გარემოებები არ გაითვალისწინა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 89-90).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. ნ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მან სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოს აცნობა სხდომამდე ორი დღით ადრე, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა. საჩივრის ავტორი, მხოლოდ 2010 წლის 5 მარტს, სხდომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ მისი წარმომადგენელი იყო ავად, წერილობითი განცხადება კი სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოში შევიდა მხოლოდ 2010 წლის 9 მარტს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცნობა, რომელიც საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარადგინა, არც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იყო გაცემული და არც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. ამასთან, იგი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე არ მიუთითებდა. ამდენად, დასახელებულ ცნობას მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნდა, თუმცა შეფასების შემთხვევაშიც კი, ამ საბუთით მხოლოდ იმის დადგენა შეიძლებოდა, რომ თ. ც-ძეს 2010 წლის 20 თებერვალს ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რაც ვერ ადასტურებდა 2010 წლის 5 მარტს თ. ც-ძის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო დავისადმი მისი ინტერესის არარსებობის გამო, რადგან ამ მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (ტომი 2, ს.ფ. 104-108).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი საჩივრის დაკმაყოფილება.

საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლოს აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი _ წარმომადგენლის ავადმყოფობა და უარი არ განუცხადებია საპროცესო თანამშრომლობაზე, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი მხარის მიმართ დამსჯელ ღონისძიებას და მისი აპელანტის მიმართ გავრცელება არამართებულია (ტომი 2, ს.ფ. 118-129).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი ა. ნ-ძე და მისი წარმომადგენელი თ. ც-ძე კანონით დადგენილი წესით მიწვეულნი იყვნენ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობით. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ქ.ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის – თ. ხ-იას მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, თ. ც-ძე 2010 წლის 20 თებერვალს იმყოფებოდა ექიმთან და ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (ტომი 2, ს.ფ. 77).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ცნობა არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას. კერძოდ, საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენლის თ. ც-ძის ავადმყოფობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი ექმის ცნობა არ პასუხობს 215.3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, იგი არაა ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მასში არაა მითითებული სასამართლო პროცესზე მხარის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობაზე და ამასთან, ასეთი დასკვნის საფუძველს არც ცნობაში ასახული დიაგნოზი იძლევა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებული ავადმყოფობის ცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვითაც რომ იყოს შედგენილი, იგი მაინც ვერ ადასტურებს 2010 წლის 5 მარტის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობას, ვინაიდან ამ ცნობით ირკვევა, რომ მხარის წარმომადგენელმა ექიმს მიმართა 2010 წლის 20 თებერვალს და ჩაუტარდა ერთჯერადი გამოკვლევა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, თუ რატომ ვერ შეძლებდა 2010 წლის 20 თებერვალს გამოკვლევაზე მისული პირი, ორი კვირის შემდეგ დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.