ას-653-614-2011 20 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს «...»
მოწინააღმდეგე მხარე _ სპს «...»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 04 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სპს «...-ის» დირექტორმა მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოს ღირებულების 18952 ლარის ანაზღაურება და აღნიშნული თანხის გადახდა შპს «...-ის» უძრავი ქონებიდან აუქციონის წესით რეალიზაციის გზით (ტომი 1, ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება შპს «...».
ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სპს «...-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სახელმწიფო ფირმა «...-სა" და სპს «...-ს" შორის გაფორმდა უძრავი ქონების სარგებლობისათვის გადაცემის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, რ-ს ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონება 54 კვ.მ. საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო ერთ კვ.მ. 6 აშშ დოლარის ოდენობით. საიჯარო ხელშეკრულება სპს “...-სა და შპს «...-ს“ შორის ბოლოს გაფორმებული იქნა 2007 წლის 31 ივლისს - შპს «...-ას” საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის დროებით სარგებლობაში მასაღებად. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის შპს «...-ას” საწესდებო კაპიტალის 100% წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. 2008 წლის ივნისიდან პრივატიზაციამდე ქონების მართვა ხორციელდებოდა «აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონით. ხოლო 2008 წლის ივნისამდე უძრავი ქონების ან მისი ნაწილის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი წარმოადგენდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს კომპეტენციას, რომელიც რეგულირდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა შპს «...“-სა და სპს «...-ს” შორის, არ არსებობდა საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული იყო დადგენილი წესის დარღვევით და საჭირო ნებართვის გარეშე.
სასამართლომ მიუთითა 2007 წლის ივნისის საიჯარო ხელშეკრულების მეორე თავზე, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ ქონების იჯარით გადაცემა ხდებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იმყოფებოდა ამავე მომენტისათვის, მოიჯარის მიერ გაწეული რემონტის ხარჯების ჩათვლით, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, რაც აუნაზღაურდებოდა მოიჯარეს მეიჯარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში ცვეთის გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეჩერებას და შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია, რაც თავისთავად გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით, დოკუმენტალურად ვერ დასტურდებოდა სამუშაოთა შესრულების, მისი მოცულობის, მასშტაბისა და სამუშაოს ჩაბარების ფაქტი, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა დანახარჯების ასანაზღაურებლად. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და სარწმუნო მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს «..-ის” მიერ შედგენილი დასკვნა – ჩატარებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების აუდიტორულ შემოწმებაზე (ტ.2, ს.ფ. 75-79).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 84-95).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სპს «...-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «...-ს» სპს «...-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა იჯარით აღებულ ფართში ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 17747 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: 2003 წლის 2 ნოემბრით დათარიღებული სპს «...-ის” მაღაზიისა და სასაწყობო ფართის კაპიტალურ რემონტზე გაწეული ხარჯთაღრიცხვით, დეფექტური აქტით; კაპიტალურ რემონტზე ჩატარებული ¹1, ¹2 ხარჯთაღრიცხვით; ხელშეკრულებით სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შედგენაზე; დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით; საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შედარების საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ცნობებითა და საგადასახადო დავალებებით, ასევე საგადასახადო უწყისებით, ანგარიშით მშენებლობაში ძირითადი მასალების ხარჯების შესახებ და 2010 წლის 8 ივნისისა და 2010 წლის 4 ნოემბრის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა დასკვნებით დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სპს “...-ის” მიერ იჯარით აღებულ ფართში, მდებარე ქ. ბათუმი, რ-ს ქ.¹4-ში პირველ სართულზე განთავსებულ 63 კვ.მ. ფართში ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 17747 ლარი. 2007 წლის 01 ივლისს დადებული ხელშეკრულებით მეიჯარემ იკისრა ვალდებულება მოიჯარის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებაზე, ცვეთის გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოები აღნიშნულ ფართში არ ჩატარებულა, იყო მხოლოდ სიტყვიერი განმარტება და არ იყო განმტკიცებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებდნენ (ტ.2, ს.ფ. 257-268).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი მიუთითებს, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის შპს «...-ის» საწესდებო კაპიტალის 100% წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი წარმოადგენდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა პარტნიორის _ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, ანუ საიჯარო ხელშეკრულება დადგენილი წესებისა და საჭირო ნებართვების გარეშე გაფორმდა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლომ საიჯარო ფართზე სარემონტო სამუშაოების განხორციელების ფაქტი დადასტურებულად ცნო 2009 წლის 19 თებერვლის შპს «..ის» მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დასკვნა გაუმართავი და დაუსაბუთებელი იყო. საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი სპს «...ის» მიერ განხორციელებული დანახარჯების ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და სათანადო გადახდის აქტები, სამშენებლო მასალის შეძენის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის საბუთები, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 8 ივნისის დასკვნა ემყარებოდა საიჯარო ფართის მხოლოდ ვიზუალურ შეფასებას (ტ. 2, ს.ფ. 274-282).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (888 ლარი) 70% _ 621.6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს «...-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (888 ლარი) 70% _ 621.6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.