¹ას-654-615-2011 10 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ინდივიდუალური მეწარმე ლ. ღ-ტის, ჯ. ბ-ძის, გ. გ-ძისა და ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «... ბანკის» სარჩელის გამო, ინდივიდუალური მეწარმე ლ. ღ-ტის, ჯ. ბ-ძის, გ. გ-ძისა და ა. ბ-ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე ლ. ღ-ტის, ჯ. ბ-ძის, გ. გ-ძისა და ა. ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 1800.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
კასატორებმა დადგენილ ვადაში მომართეს სასამართლოს განცხადებით და კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მისი გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ არიან უმუშევრები და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, გაათავისუფლოს ან გადაუვადოს მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ ის უტყუარად დაადასტურებს თავის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს აღნიშნული მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ და ასეთი არც საქმეში მოიპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც დადგენილ ვადაში არ განუხორციელებიათ. რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის შეფასებულია სასამართლოს მიერ და არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ამდენად აღნიშნული ვეღარ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს დადგენილ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ღ-ტის, ჯ. ბ-ძის, გ. გ-ძისა და ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.