Facebook Twitter

ას-65-56-2011 7 თებერვალი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. კ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების გადახდა, პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 14 ივლისს ლ. კ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ა-ძის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მისი მეზობელი იყო. მათ შორის შემდეგარი ზეპირი შეთანხმების თანახმად, 2008 წლის აგვისტოდან 3 თვის განმავლობაში მისი სახლის დიასახლისობა უნდა გაეწია თვეში 150 ლარად. მოპასუხემ თანხის გადახდა გააჭიანურა, ამასთან, გაუსაძლისი პირობები შეუქმნა, ითხოვდა უზნეო ხასიათის სურვილების დაკმაყოფილებას, რის გამოც იძულებული გახდა ხელშეკრულება შეეწყვიტა. მოპასუხის ქმედებით მას მიადგა არა მარტო ქონებრივი ზიანი, არამედ პატივი და ღირსება შეელახა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ა. ა-ძისათვის მიუღებელი ხელფასის სახით 1200 ლარის, მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად 360 ლარის, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. კ-შვილა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა. ისინი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდენენ და ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავდნენ. 2008 წლის აგვისტოდან კი, მოპასუხის საცხოვრებელ სახლში ერთად ცხოვრობდნენ. ლ. კ-შვილი ვარაუდობდა მოპასუხესთან ოჯახის შექმნას. იგი ზრუნავდა ა. ა-ძეზე და მის სახლ-კარს უვლიდა. ა. ა-ძეს მოსარჩელესთან ოჯახის შექმნა მიზნად არ ჰქონია და, აღნიშნულ საკითხზე კონფლიქტის შედეგად, მან ლ. კ-შვილი სახლიდან დაითხოვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება მოპასუხის უღირსი ქმედებით მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა და ლ. კ-შვილის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება ლ. კ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.