ას-65-63-2010 12 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ქ-ი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ.თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჯ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ ამავე საბჭოს 2009 წლის 23 მარტისა და 3 აპრილის სხდომის ოქმების ბათილად ცნობის, საზოგადოების დირექტორად აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე წარმოადგენდა სს „ქ-ის“ დირექტორს. 2009 წლის 23 მარტს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ლ. ჯ-ძესა და სს „ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს შორის დადებული 2009 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულების 4.2 მუხლი ითვალისწინებს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მითითებულ გარემოებათაგან ვერც ერთი მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად ვერ მიიჩნევა. უსაფუძვლოა მოპასუხის მიერ ლ. ჯ-ძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებული გარემოება _ მოსარჩელის, როგორც საზოგადოების დირექტორის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საწარმოთა მართვის სააგენტოსათვის წერილის გაგზავნა და საზოგადოების დისკრედიტაცია. რეალურად, აღნიშნული ქმედებით ხდებოდა საზოგადოებასა და პარტნიორს შორის ინფორმაციის გაცვლა, შეგებებული წინადადების ან საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რომელსაც სს „ქ-ისათვის“ რაიმე მატერიალური ზიანი არ მოუტანია. 2009 წლის 3 აპრილს სამეთვალყურეო საბჭომ უკანონოდ დანიშნა საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე ა.შანშიაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით თანამოპასუხედ საქმეში ჩაბმულ იქნა სს “ქ-ი”.
მოპასუხე სს “ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სარჩელი ცნო, ხოლო სს „ქ-მა“ მოითხოვეს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით: „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნტისა და საზოგადოების წესდების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს გამოეწვია დირექტორი თანამდებობიდან და შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ქ-ს” დაეკისრა 4800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელე ლ. ჯ-ძის სასარგებლოდ, მათ შორის, 1200 აშშ დოლარი _ 2009 წლის 23 თებერვლიდან 23 მარტამდე საქმიანობის პერიოდის ასანაზღაურებლად, ხოლო 3600 აშშ დოლარი _ დირექტორის გამოწვევის გამო მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული სამი თვის ანაზღაურების სახით. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომათა ოქმების ბათილობასა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება 3600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სს “ქ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სს “ქ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდაა მიჩნეული მოსარჩელის სასამსახურო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების 5.3 პუნქტში მითითებული საფუძვლით გათავისუფლების ფაქტი, ხოლო უდავოდაა დადგენილი შემდეგი გარემოებანი: 2009 წლის 23 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის 4.2 და 4.3 პუნქტებით განისაზღვრა დირექტორის გამოწვევის საფუძვლები. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, საპატიო მიზეზით ან დაუდასტურებელი ბრალით თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორს სამი თვის მანძილზე მიეცემა დადგენილი ყოველთვიური ანაზღაურება. დირექტორის ანაზღაურება შეადგენდა 1200 აშშ დოლარს. მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით და მას 3 თვის ხელფასის ანაზღაურება არ მიუღია.
საქმეში წარმოდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 23 მარტის კრების ოქმის შესაბამისად, მოსარჩელის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილი რამდენიმე წერილი, რომლითაც იგი ამცნობდა ამ პირებს საზოგადოების შიდა ამბების შესახებ. საქმეზე მოწმედ დაკითხული სადავო გადაწყვეტილების მიმღები სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მ. გ-უა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველთან მიმართებით შემოიფარგლა ზოგადად “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებაზე მითითებით. მოწმე თ. ფ-შვილმა განმარტა, რომ მოსარჩელის დათხოვნის ძირითადი მიზეზი არის მასთან გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულება მასში არსებული ანაზღაურების გამო. მოწმე ვაჟა მაჩაიძემ მიუთითა, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა, რადგან დირექტორი უნდა იყოს ხელოვანი, შემოქმედი, კინომატოგრაფში მუშაობის სტაჟის მქონე პირი. დასახელებული სამივე მოწმე მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთაგან სამივემ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სხვადასხვა მოტივზე მიუთითა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც აღნიშნული გადაწყვეტილებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება სასამსახურო ხელშეკრულების მე-4 პუნქტის კონკრეტულად რომელი ქვეპუნქტი დაარვია მოსარჩელემ, რაც მისი დათხოვნის საფუძველი გახდა. ის ფაქტი, რომ საზოგადოების დირექტორმა წერილი მისწერა სამინისტროსა და საწარმოთა მართვის სააგენტოს, მოსარჩელის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, განპირობებული იყო იმით, რომ სააქციო საზოგადოების ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერს წარმოადგენს სახელმწიფო. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე პალატამ დასძინა, რომ მოსარჩელეს, როგორც სააქციო საზოგადოების დირექტორს, სრული უფლება გააჩნდა, განეხორციელებინა კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა დაუდასტურებელი ბრალით.
პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი ადგენს, რომ მოთხოვნის საფუძვლები შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმებების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მათ მიერ შეთანხმებული პირობების ფარგლებში. მართალია, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე დებს და წყვეტს მათთან ხელშეკრულებებს, მაგრამ აღნიშნული უფლება, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებისაგან ვერ გაათავისუფლებს. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის ვალდებულების წარმოშობა, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, დირექტორის დაუდასტურებელი ბრალით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს უკავშირდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ქ-ის” წარმომადგენელმა გ. თ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება. მართალია, სასამსახურო ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, საპატიო მიზეზით ან დაუდასტურებელი ბრალით თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორს უნდა მიეცეს სამი თვის ხელფასის ანაზღაურება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია რა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, არ გაითვალისწინა, რომ ლ. ჯ-ძე სადავო თანამდებობიდან არც საპატიო მიზეზით და არც დაუდასტურებელი ბრალეულობის გამო არ გათავისუფლებულა. თანამდებობიდან მხარის გათავისუფლების საპატიო მიზეზი იარსებებდა მხოლოდ მაშინ, თუ დირექტორი თავისი მოვალეობის შესრულების გაგრძელების შეუძლებლობას კონკრეტული ობიექტური გარემოებებით დაასაბუთებდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ. ჯ-ძე არც დაუდასტურებელი ბრალის საფუძველზე საზოგადოების დირექტორობიდან არ გამოწვეულა, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედება კანონის მოთხოვნებს შეესაბამებოდა.
გასაჩივრებული განჩინებით არ ირკვევა, თუ რომელი გარემოება იქნა დადგენილი ლ. ჯ-ძის მიმართ _ მისი გათავისუფლება საპატიო მიზეზით, თუ დაუდასტურებელი ბრალის გამო. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, როდესაც არ დაასაბუთა, თუ რა მოტივით არ გაიზიარა კასატორის მიერ სადავო ხელშეკრულების 5.3 პუნქტის განმარტება და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ლ. ჯ-ძისათვის სამი თვის ხელფასის მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არასწორად გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით კასატორმა საზოგადოებამ დასაბუთება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 3600 აშშ დოლარიდან გამოანგარიშების საკითხი, სახელმწიფო ბაჟი გამოთვლილ იქნა 4800 აშშ დოლარიდან და მხარეს ზედმეტად გადახდილი თანხა არ დაბრუნებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით სს “ქ-ის” წარმომადგენელ გ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “ქ-ის” წარმომადგენელ გ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამი თვის ანაზღაურების მიცემის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლს, 55.7 მუხლის “ვ” ქვეპუნქტს, ასევე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, 316-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ქ-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. თ-ძის მიერ 2010 წლის 22 თებერვალს გადახდილი 312 ლარის 70% _ 218,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ქ-ის” წარმომადგენელ გ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს “ქ-ს” დაუბრუნდეს გ. თ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 218,4 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.