ბს-1180-755(კ-05) 29 მაისი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
27.10.04წ. ა. ხ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და გათავისუფლების შესახებფინანსთა მინისტრის 01.10.04წ. ¹3617-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3617-პ ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის .......... განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» 10.09.04წ. ¹586 ბრძანების საფუძველზე შემცირდა საშტატო რიცხოვნება. ვინაიდან მოსარჩელესაჯარო მოსამსახურე იყო, მის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უნდა განხორციელებულიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად, კერძოდ, მითითებული კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე (97.2მუხ.), ხოლო საგადასახადო დეპარტამენტს მის მიმართ რაიმე შეთავაზება არ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების თაობაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.12.04წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ხ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.12.04წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში არსებულ ......... განყოფილების საშტატო ერთეულების ხარჯზე შეიქმნა მომსახურების სამმართველოს ახალი განყოფილებები, სულ 105 საშტატო ერთეული. შესაბამისად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მითითება შტატების რიცხოვნების შემცირებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო ა. ხ-თვის ადმინისტრაციას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია. ა. ხ-ის მიმართ დაირღვა ასევე შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების თაობაზე, ადმინისტრაციამ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებიც აპელანტს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სადავო ბრძანება არაკანონიერად უნდა ყოფილიყო აღიარებული და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ა. ხ-ე დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო სამსახურში, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე მას იძულებით განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ჩამოყალიბდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი. .......... განყოფილება, სადაც ა. ხ-ე მუშაობდა, გაუქმდა და ახალ საშტატო განრიგში იგი არ ყოფილა გათვალისწინებული. ამდენად, ა. ხ-თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, სტრუქტურის გაუქმებისა და შტატების შემცირების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, ისან-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, რასაც «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანების საფუძველზე თან სდევდა შტატების შემცირება. რეორგანიზაციამდე ........ განყოფილების ფუნქციები განსაზღვრული იყო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 03.05.04წ. ¹299 ბრძანებით, რომლის თანახმად ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა განსხვავებული უფლებამოსილების მქონე ინსპექციას. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ....... განყოფილების ფუნქციები, სადაც რეორგანიზაციამდე ინსპექტორის თანამდებობა ეკავა ა. ხ-ეს, რეორგანიზაციის შედეგად გადაეცა გადასახადის ......... სამმართველოს, ხოლო ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში არსებული ......... განყოფილების საშტატო ერთეულების გათვალისწინებით შეიქმნა მომსახურების სამმართველოს რაიონული განყოფილებები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შემცირება თავისთავად არ ადასტურებს «ა. ხ-ის გათავისუფლების შესახებ» ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3617-პ ბრძანების მართლზომიერებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელის გათავისუფლება არ დაიშვება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციას ა. ხ-თვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია. ამდენად არ არსებობდა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3617-პ ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლზე მითითებით, ა. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3617-პ ბრძანება ა. ხ-ის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის .......... განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, ა. ხ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინისტრაცია ვალდებული იყო დაეცვა ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებდა სწორედ შტატების შემცირების დროს და შესასრულებლად სავალდებულო იყო. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შესაძლოა გამხდარიყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, უკეთუ მოხელე უარს იტყოდა სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.12.05წ. კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში შეტანილ ცვლილება-დამატებები, კერძოდ, კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმება ვერ იქონიებს ზემოქმედებას განსახილველი ურთიერთობების მიმართ, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოქმნილია 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე (01.01.06წ.). «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ასეთ მითითებას 23.12.05წ. კანონი არ შეიცავს. არ დაიშვება კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. ხ-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში განჩინება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებალად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის მიერ გარდა განთავისუფლებამდე დაკავებული ტოლფასი თანამდებობისა, კონკრეტულად მითითებულ იქნა აგრეთვე ინსპექტორის თანამდებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში «ტოლფასი თანამდებობის» ცნების არარსებობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.