¹ას-656-617-2011 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ.სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ... სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ძე, ხ. თ-ძე
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ქ-ძისა და ხ. თუ-ძის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი მდებარე 3594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხ. თ-ძესა და ნ. ქ-ძეს შორის 2008 წლის 17 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის საოქმო განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოსარჩლით _ .... სამინისტროთი.
მოსარჩელის განმარტებით, ხ.თ-ძესა და ნ. ქ-ძეს შორის 2008 წლის 17 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სოფელ გ- ი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, არსებითად შეზღუდულია და გარკვეულ სექტორებში უპირობოდ აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა. მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ნაკევთის მესაკუთრის, ანუ ხ. თ-ძის საკუთრების უფლება დასახელებულ ფართობზე დადგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომელიც შემდგომ, 2009 წლის 13 მარტის ¹7 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. ამდენად, ვინაიდან მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გ-იოს თემში აღიარებული მიწის ნაკვეთების გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებით აწარმოებდა შესაბამის შესწავლას და ამასთან, ვინაიდან ხ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ 2009 წლის 13 მარტის ¹7 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხ.თ-ძე არ წარმოადგენდა სადავო ფართობის თვითნებურად დამკავებელ პირს, აღნიშნულის გათვალისწინებით, რადგანაც საფუძველშივე ცნობილი იყო, რომ სადავო ფართობზე, ხ.თ-ძეზე გაცემული მოწმობა უკანონო და უსაფუძვლოა, შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ემსახურებოდა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში შენარჩუნებას, რის გამოც მოითხოვა მოპასუხეებს შორის 2008 წლის 17 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ნ. ქ-ძის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი კეთილსინდისიერი შემძენია, აღნიშნული გარემოება კი გარიგებას იცავს ბათილობისაგან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა .... სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით .... სამინისტროს სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხ. თ-ძის საკუთრების უფლება სოფ. გ-ში მდებარე 3594 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ¹- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი ხ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹--ით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურში, სოფელ გ-ი ხ. თ-ძეს საკუთრებაში აღიარებულ იქნა 0,359 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
2008 წლის 17 ოქტომბერს ხ. თ-ძესა და ნ. ქ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელვაჩაური, სოფელ გ-ში მდებარე 3594 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მახასიათებლებით: მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერი ¹-, უძრავი ქონების სხვა მახასიათებლებია: უფლება-საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია-სასოფლო, მიწის ნაკვეთის ფართობი-3594 კვ.მ); ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, დასტურდება, რომ ხელშეკრულების საგანი უფლებრივად უნაკლო ნივთი იყო, ხოლო მე-3 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 160 000 დოლარით.
საქმეში წარმოდგენილი 17/10/2008 ბანკის ანგარიშიდან ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-ძის შვილმა ფ. ქ-ძემ ნასყიდობის გაფორმების დღეს ბანკიდან გაიტანა 149 184 აშშ დოლარი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახამდ, დადგინდა, რომ ხელვაჩაური, სოფელ გ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3594 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნ. ქ-ძე.
საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 13 მარტის ¹7 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხ. თ-ძეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹- საკუთრების უფლების მოწმობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და სამოქალაქო კოდექისს 477-ე, 478-ე და 489-ე მუხლებზე მითითებით დამატებით განმარტა, რომ ნასყიდობის აუცილებელ ელემენტს წარმოდგენს ის გარემოება, რომ გამყიდველი უნდა იყოს ქონების მესაკუთრე, რაც კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე გამყიდველი ვერ გადასცემს მყიდველს საკუთრების უფლებას.
იმ უდავო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ხ. თ-ძემ სადაო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობით, რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ჩანაწერს ხ. თ-ძის სახელზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში ხურიე თურმანიძის მიერ დარეგისტრირდა მესაკუთრის ნამდვილი უფლება, რომელსაც სამოქალაქო კანონმდებლობით, თავისუფლად შეეძლო ესარგებლა და განეკარგა თავისი საკუთრება. 2008 წლის 17 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. თ-ძის მიერ კანონის შესაბამისად მოხდა ნ. ქ-ძეზე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ...-ში მდებარე 3594 კვ.მ. მიწის ნაკვეთის განკარგვა, მით უფრო, რომ თვით ნასყიდობის ხელშეკრულებაშივეა მითითებული ნასყიდობის საგნის უფლებრივად უნაკლოობის თაობაზე და რომ გადახდილია ნასყიდობის ფასი 160 000 აშშ დოლარი.
აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ქ-ძე არის 60 წლის და მას არ შეუძლია ამ ასაკში გადაიხადოს ასეთი მაღალი ღირებულება, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქმის მასალების საფუძველზე, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ნ. ქ-ძის წარმომადგენლის განმარტებით სააპელაციო სასამართლოში (და ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში) მიცემული განმარტებით უდავოდ დგინდება, რომ ნ. ქ-ძის შვილი ფ. ქ-ძე არის ბიზნესმენი. ფ. ქ-ძე (ნ. ქ-ძის შვილი) ეწევა სამშენებლო ბიზნესს, კერძოდ სასტუმროების მშენებლობას. ასევე მას ნდობა გამოუცხადა სახელმწიფომ და ბათუმში აშენებს იუსტიციის სახლს. ასევე იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის გაფორმების დღესვე ფ. ქ-ძის ანგარიშიდან ნასყიდობის საგნის ღირებულების გადასახდელად გამოტანილი იქნა თანხა 149 000 აშშ დოლარი, სააპელაციო პალატის მითითებით, ვერ იქნებოდა გაზიარებული ის მოსაზრება, რომ ნ. ქ-ძეს არ ჰქონდა საშუალება გადაეხადა 160 000 აშშ დოლარი მიწის ნაკვეთში.
აპელანტის მოსაზრება გარიგების მოჩვენებითობასთან და თვალმაქცურ ხასიათთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ განსახილევლ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობის წინაპირობებს, ვინაიდან პალატამ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ნ. ქ-ძე საჯარო რეესტრში აღირიცხა სადაო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც ცხადყოფდა, რომ გარიგებას შემდეგ მოყვა სამართლებრივი შედეგი ნაზი ქათამაძის სასარგებლოდ, ე.ი. სახეზე არ იყო მოჩვენებითი გარიგება.
აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ. თ-ძემ იმიტომ დადო გარიგება ნ. ქ-ძესთან, რომ მისთვის მიწის ნაკვეთი არ ჩამოერთვათ, ხოლო ნ. ქ-ძეს კი ამ ნაკვეთთან არანაირი შეხება არ აქვს და არ დაუფლებია მას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქმეში არსებობდა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გარიგება მოჩვენებითი არ იყო. ამასთან, არ დასტურდებოდა, რომ ნ. ქ-ძეს და ხ. თ-ძეს შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც მხარეებს სურდათ დაეფარათ სხვა გარიგება, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის არსებულიყო სხვა გარიგება, გარდა 2008 წლის 17 ოქტომბრის გარიგებისა, რომლის არსებობა არც აპელანტს გაუხდია სადავოდ.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ხ. თ-ძესა და ნ. ქ-ძეს შორის გაფორმდა 2008 წლის 17 ოქტომბერს, რა დროისთვისაც, საჯარო რეესტრში, ხ. თ-ძე რეგისტრირებული იყო სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის და რეესტრის ჩანაწერის მიმართ დავა არ არსებობდა, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹- საკუთრების უფლების მოწმობა ამავე კომისიის მიერ 2009 წლის 13 მარტის ¹7 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 5 თვის შემდეგ, ამასთან, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სადაო ნასყიდობა გაფორმდა 2008 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო მოქალაქეებზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების კანონიერების შესწავლა დაიწყო აღიარების კომისიაში 2009 წლის 23 იანვრის ¹- გადაწყვეტილებით. ე.ი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის შემდეგ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ქ-ძე კეთილსინდისიერი შემძენი იყო და არ არსებობდა ნასყიდობის ბათილობის საფუძველი.
აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ქ-ძემ იცოდა, რომ ხ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა სადავო მიწის ნაკვეთზე ბათილი იყო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ იმ დროისათვის, როცა, ნ. ქ-ძემ შეიძინა მიწის ნაკვეთი ხ. თ-ძისგან, ეს უკანასკნელი რეესტრში რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ, იმ საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომლის გაცემის კანონიერების შესწავლა 2009 წლის 23 იანვრის ¹- გადაწყვეტილებით დაიწყო. გარიგების დადებიდან 4 თვის შემდეგ კი, ნ. ქ-ძე ვერანაირად ვერ გათვლიდა თუ რა მოხდებოდა მომავალში, ანუ გამოცხადდებოდა თუ არა ხ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად, მით უფრო, რომ რეესტრის ჩანაწერი ხ. თ-ძის მიმართ, იმ დროისათვის არ იყო სადაოდ ქცეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ნ. ქ-ძის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ქ-ძე კეთილსინდისიერი შემძენია და ამის გამო არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება ბათილია თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა, სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა, ვიანიდან აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები, კერძოდ, გამყიდველი იყო იმ ქონების მესაკუთრე, რომელიც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი, ამასთან საქმის განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 185-ე, 187-ე და 489-ე მუხლები, მაშინ როდესაც გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხ. თ-ძესა და ნ. ქ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნია თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებად, ამასთან, არ შეაფასა ყოფილი მესაკუთრის, ხ. თ-ძის განცხადება მასზე, რომ მას არანაირი ნაკვეთი არ ჰქონია, არ გაუყიდია და შესაბამისად, არც თანხა მიუღია, რითაც უდავოდ დგინდება, რომ ნ. ქ-ძე სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი ვერ იქნება. ამდენად, კასატორის მოსაზარებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექისს 477-ე, 487-ე და 489-ე მუხლები და აღნიშნულზე დაყრდნობით არასწორად დაასკვნა, რომ ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლო იყო და ხ. თ-ძის მიერ დარეგისტრირდა მესაკუთრის ნამდვილი უფლება, მაშინ, როდესაც ხ. თ-ძეზე რეგისტრირებული უფლება სადავო ნივთზე უფლებრივად ნაკლიანს წარმოადგენდა, ვინაიდან სადავო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა მესამე პირი სახელმწიფოს სახით, ვინაიდან მას არასწორად ჰქონდა მიღებული საკუთრების უფლება, რაც საკუთრების უფლების გამცემი ორგანოს მიერ კიდეც გაუქმდა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ ნ. ქ-ძის შვილის ბიზმესმენია, არასწორად არ გაიზიარა მათი მოსაზრება იმსათან დაკავშირებით, რომ ნ. ქ-ძე, როგორც ხანშიშესული, ვერ შეძლებდა ნასყიდობის თანხის გადახდას, ვიანიდან კასატორის მითითებით თუ მისი შვილი ბიზმესმენია, მაშინ თავად შვილს შეეძლო ეყიდა სადავო მიწის ნაკვეთი და არა მის ხანდზამულ დედას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
«სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.