Facebook Twitter

ას-658-617-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. მ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-შვილი (მოპასუხე)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. მ-შვილმა რ. ფ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 22 დეკემბრის ანდერძით ა. გ-ძემ მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ.¹9 მდებარე უძრავი ქონება ბინა ¹13 უანდერძა თავის დას _ გ. მ-შვილს. 2003 წლის 22 თებერვალს ა. გ-ძესა და რ. ფ-შვილს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. გ-ძემ რ. ფ-შვილს 2000 ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება _ მდებარე ქ.თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში, ბინა ¹13.

ა. გ-ძე გარდაიცვალა 2003 წლის 18 ნოემბერს. ა. გ-ძეს თავის სიცოცხლეში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის” 2008 წლის 8 ოქტომბრის დასკვნის გაცემამდე, ა. გ-ძის მიერ 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნების ნამდვილობის საკითხის გამოსარკვევად სამჯერ ჩატარდა სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სამივე შემთხვევაში ა. გ-ძის მიერ 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას რეალური ვითარების სწორად აღქმის დადგენა შეუძლებლად იქნა მიჩნეული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად, ვინაიდან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში არც ერთ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არსებობს საკმარისი ობიექტური ინფორმაცია ა. გ-ძის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო ორივე მხარის წარმომადგენელთა ჩვენებები, ასევე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავია, არსებული მასალების საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, შეეძლო თუ არა აწ გარდაცვლილ ა. გ-ძეს 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში სწორად აღექვა თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. საქმეში წარმოდგენილია სადავო ხელშეკრულების დადების შემდეგ ა. გ-ძის მიერ გ. მ-შვილის სახელზე 2003 წლის 8 აგვისტოს გაცემული მინდობილობა, რომლის შედგენისას ა. გ-ძის ნების გამოვლენის ნამდვილობა საეჭვო არ გამხდარა, მაშინ, როდესაც ამ მინდობილობის შედგენის დროს ა. გ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ასევე საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ა. გ-ძის წარმომადგენლის - გ. მ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო რ. ფ-შვილის სახელზე რიცხულ ბინას, თუმცა ა. გ-ძის სიცოცხლეში სასამართლოში სარჩელი შეტანილი არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შესძლო სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოების დამტკიცება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-შვილმა. მან მიუთითა, რომ ა. გ-ძეს არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის და ეხელმძღვანელა მისთვის, რასაც მისი მკურნალი ექიმები აღნიშნავენ. აღნიშნული მიუთითებს, რომ სანოტარო აქტის გაფორმებისას ა. გ-ძე იყო ქმედუუნარო. კასატორი მიუთითებს, რომ ა. გ-ძესთან მინდობილობის გაფორმებისას, ნოტარიუსმა ჩაწერა მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებაც. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო როგორც მოწმეთა ჩვენება, ასევე ექსპერტთა დასკვნები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

გ. კ-ძეს დაუბრუნდეს გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.