¹ ას-660-621-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «ს-ი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა. ქ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «გ-მა ტ-მა» სარჩელი აღძრა შპს «ა. ქ-ის» წინააღმდეგ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 2 371 352 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 28 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოპასუხის მიერ ნუმერაციის რესურსის უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 21 აპრილის ¹... გადაწყვეტილებით 5000 ლარით დააჯარიმა შპს «ა. ქ-ი», მისცა ვადა 2008 წლის 21 მაისამდე გ-ი ტ-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ¹51 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესათანხმებლად. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს და შპს «ა.მა ქ-მა» გამოათავისუფლა ქ.თბილისში 305ვვვ _ 309ვვვ სააბონენტო ნუმერაცია. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, დაუბრუნოს მოსარჩელეს ზემოაღნიშნული სააბონენტო ნუმერაციით უკანონოდ სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავალი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სს «გ-ი ტ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის უფლებამონაცვლე სს «ს-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სს «ს-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს «გ-ი ტ-ი» არის შპს «ს. ე-ის» უფლებამონაცვლე. 1997 წლის 14 მარტს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს «ს. ე-ის» სახელზე გაიცა ¹247 ლიცენზია ელექტროკავშირგაბმულობის საშუალების მომსახურებაზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1995 წლის 4 ივლისიდან 2005 წლის 4 ივლისამდე. ლიცენზიის საგანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროკავშირის საშუალებების სატელეფონო, სატელეგრაფო კავშირების, ფაქსების, საქალაქთაშორისო სატელეფონო არხების საიჯარო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სალაპარაკო პუნქტების მოწყობა და მომსახურება.
2003 წლის 30 მაისს (ანუ ზემოთ დასახელებული ¹247 ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ¹246 გადაწყვეტილებით სს «ს. ე-ის» სახელზე გასცა ნებართვა ნუმერაციის რესურსის გამოყენების შესახებ. მოსარჩელეს ნება დაერთო, ¹247 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2005 წლის 4 ივლისამდე) ესარგებლა გადაწყვეტილების დანართში მითითებული ნუმერაციის რესურსით, რომელთა შორისაც იყო ქ.თბილისის სატელეფონო (სასადგურო) 6-ციფრიანი ინდექსი «30».
2006 წლის 2 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს «გ- ს. კომპანიაზე» გასცა ¹51 ლიცენზია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესახებ 2015 წლის 4 ივლისამდე მოქმედების ვადით. ლიცენზია მოიცავდა სადავო ნუმერაციის რესურსს ქ.თბილისში სატელეფონო ინდექსით _ 30 XX XX. შპს «ა. ქ-ი» სადავო ნუმერაციის რესურსით _ 30 XX XX სარგებლობდა 1997 წლიდან.
2008 წლის 21 მარტს სს «ს. გ-მა ს. კომპანიამ» წერილობით აცნობა შპს «ა. ქ-ს», გამოეთავისუფლებინა სადავო ნუმერაციის რესურსი _ 305XXX_309XXX, რაზეც შპს «ა.მა ქ-მა» უპასუხა, რომ აღნიშნული რესურსი 1997 წლიდან ეკუთვნოდა და ამ რესურსით სარგებლობდა შპს «ა. ქ-ი», ხოლო «გ- ტ-ს» სადავო რესურსი არასოდეს ჰქონია სარგებლობაში, რის გამოც შპს «ა.მა ქ-მა» უარი განუცხადა მოსარჩელეს სადავო ნუმერაციის რესურსის გამოთავისუფლებაზე.
2008 წლის 28 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს «ა. ქ-ის» მიერ სადავო ნუმერაციის რესურსით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული რესურსით სარგებლობაზე ლიცენზია გააჩნდა მოსარჩელეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 10 აპრილს შეამოწმა სადავო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი, რა დროსაც დაფიქსირდა შპს «ა. ქ-ის» მიერ ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ფაქტი და მოპასუხის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
კომისიამ დაადგინა, რომ 305XXX_309XXX ნუმერაციის რესურსით ულიცენზიოდ სარგებლობდა შპს «ა. ქ-ი», რომლითაც სარგებლობის უფლება სარგებლობის ¹51 ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა სს «ს. გ- ს. კომპანიას» და 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ა. ქ-ი» დააჯარიმა 5 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, შპს «ა. ქ-ს» მიეცა ვადა 2008 წლის 21 მაისამდე სს «ს. გ- ს. კომპანიასთან» ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ¹51 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით შეთანხმებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, 21 ივნისამდე უნდა გამოეთავისუფლებინა სადავო სააბონენტო ნუმერაცია.
სატელეფონო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვა (დაშვება) ხორციელდებოდა 1997 წლიდან «ტ-ის» გავლით.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 30 მაისის ¹246/7 გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მოსარჩელეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა, ესარგებლა 305XXX-309XXX ნუმერაციის რესურსით. ხსენებული გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს აპელანტის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებით დგინდება 1997 წლიდან სადავო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტი. იგი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას სს «ს. ე-ის» მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებით. პალატამ ჩათვალა, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სხვა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ შპს «ა. ქ-ის» 1997 წლის 24 ივნისის ¹01/69 ბრძანებითა და 1997 წლის 24 ივნისის მიღება-ჩაბარების სამუშაოების გრაფიკით ცალსახად დასტურდება, რომ «თბილისის საქალაქო სატელეფონო ქსელში» (მოსარჩელის ფილიალში) აშენდა და დამონტაჟდა «ა. ქ-ის» ციფრული ელექტრონული სადგური ატს 30/32. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია, ერთი მხრივ, შპს «ა. ქ-ის» გენერალურ დირექტორ ა. ი-შვილის და, მეორე მხრივ, «ს. ქ-ის» მმართველ ზ. ჯ-ძის მიერ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად ვერ მიიჩნევა და, შესაბამისად, გამოკვლევას არ ექვემდებარება საკითხი იმის შესახებ, გააჩნდა თუ არა ფილიალის მმართველს მოქმედი დებულების შესაბამისად აღნიშნულ ბრძანებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება. მოცემული ბრძანებით სასადგურე ნაგებობების სამშენებლო, სამონტაჟო და გამართვის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით დაინიშნა სამუშაო კომისია, ასევე შეიქმნა სამუშაო კომისიასთან არსებული სამუშაო ჯგუფი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდისათვის ატს 30/32 სასადგურე ნაგებობა («30» კი მოიცავს სადავო ნუმერაციას) იყო შპს «ა. ქ-ის» და ამ ნუმერაციით სარგებლობდა მოპასუხე.
აღსანიშნავია, რომ «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» საქართველოს კანონში 2000 წლის 28 ივნისს შევიდა ცვლილებები და კანონს დაემატა VIII1 თავი _ ნუმერაციის სფეროში საქმიანობის რეგულირების შესახებ. კანონში განხორციელებული აღნიშნული ცვლილების შემდგომ, ნუმერაციის რესურსის გამოყენების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სს «ს. ე-ს» ნება დაერთო, ესარგებლა სადავო ნუმერაციის რესურსით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ¹247 ლიცენზიის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნუმერაციის რესურსი მოსარჩელეს გამოეყო 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველ ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ შპს «ა. ქ-ის» მხრიდან სადავო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 1997 წლიდან. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ სატელეფონო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვა (დაშვება) ხორციელდებოდა 1997 წლის 7 ივლისიდან «ტ-ის» გავლით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2003 წლის 15 იანვრის ¹9 ხელშეკრულებით დგინდება, რომ «ე-ი» 30,31,36,51 ასს-ების ზონაში «ა. ქ-ს» უწევდა მომსახურებას. ამდენად, ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე თავისი აბონენტებისაგან შემოსულ ზარებს ამისამართებდა შპს «ა. ქ-ის» სარგებლობაში არსებულ 30-იანი ინდექსის აბონენტებზე. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ არა თუ იცოდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესახებ, არამედ უწევდა თანმდევ მომსახურებას და იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. ამდენად, ყველა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებშია მოცემული, ცხადია, რომ მოპასუხე მოსარჩელის ნებართვით სარგებლობდა სადავო ნუმერაციის რესურსით და 2008 წლის 21 მარტამდე პრეტენზია სარგებლობასთან დაკავშირებით არ განუცხადებია.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის 51.1. მუხლით.
სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა. კონდიქციურ ვალდებულებათა ფუნქციას წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ინტერესების დაცვა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის შინაარსი არის ისეთი ქონების მოძრაობის უკუქცევა, რომელიც საფუძველს მოკლებულია ან რისი საფუძველიც არასოდეს არსებობდა. აქედან გამომდინარე, გამოიყენება კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებისათვის, გულისხმობს მათ მიერ სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელებას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები არ არსებობს. ნუმერაციის რესურსი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მისი განკარგვის უფლებამოსილება დელეგირებული აქვს კომისიას. ა. ქ-ი 1997 წლიდან სარგებლობდა სადავო ნუმერაციის რესურსით და განაგრძობდა სარგებლობას მას შემდეგაც, რაც კომისიის მიერ 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რესურსი გამოეყო მოსარჩელეს.
ამდენად, სალიცენზიო კომისიამ გამოთავისუფლებული რესურსის მოსაჩელისათვის გადაცემა ვერ უზრუნველყო. რესურსით სარგებლობის ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს თავისი უფლების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა სალიცენზიო კომისიისათვის მიმართვის გზით. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ეთანხმებოდა მოპასუხის მხრიდან სარგებლობას, ხოლო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხემ გამოათავისუფლა სადავო ნუმერაციის რესურსი.
უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ქონებრივი ან უფლებრივი შეღავათის მიღება უნდა იყოს უსაფუძვლო, გაუმართლებელი, ანუ უნდა არსებობდეს სხვისი სიკეთის უნებართვო ხელყოფა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «ს-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ა. გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაედგინა შპს «ა. ქ-ის» მიერ სადავო რესურსების უკანონოდ გამოყენების ფაქტი.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო რესურსით სარგებლობის ინტერესის შემთხვევაში მოსარჩელეს თავისი უფლების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა სალიცენზიო კომისიისათვის მიმართვის გზით. ფაქტობრივად, შპს «ა. ქ-ისათვის» მოთხოვის წარდგენის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ვადა დაცულია.
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების დარღვევით, ვინაიდან საერთოდ არ შეუფასებია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 აპრილის ¹... გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ სადავო რესურსის უკანონოდ სარგებლობის თაობაზე.
მხარეთა შორის არსებულ ურთიერთჩართვისა და 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ¹9 ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ შპს «ა. ქ-ის» მხრიდან სადავო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 1997 წლიდან. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევით და შედეგად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
პალატამ დაადგინა, რომ შპს «ა. ქ-ის» 1997 წლის 24 ივნისის ¹01/69 ბრძანება და მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს «თბილისის საქალაქო სატელეფონო ქსელში» «ა. ქ-ის» ციფრულ ელექტროსადგურ ატს 30/32-ის აშენებასა და დამონტაჟებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფილიალის მმართველს არ ჰქონდა 1997 წლის 24 ივნისის ¹01/69 ბრძანებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ აბონენტთა რაოდენობა ვერ დგინდება, რადგან პალატამ გაიზიარა, რომ 2005 წლამდე აბონენტთა რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო წრფივი მეთოდის გამოყენებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით სს «ს-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «ს-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «ს-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 29 მარტს გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს «ს-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.