Facebook Twitter

ას-661-620-2010 30 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ს-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 26 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ს-ძემ მოპასუხე ა. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, ა. ა-ძე 2008 წლის 9 მაისს, დაახლოებით 21.30 საათზე, ქ.ბათუმში, ... და ..... ქუჩის კვეთაში მოძრაობდა კუთვნილი “მიცუბიში პაჯეროს” მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი ....), რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ც. ს-ძეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ა. ა-ძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 9 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. 2007 წლის 25 აგვისტოს გარდაეცვალა მეუღლე და დარჩა ორი არასრულწლოვანი შვილი. 2006 წლის 28 სექტემბრიდან იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოპასუხეს მისთვის არანაირი მორალური და მატერიალური დახმარება არ გაუწევია.

მოსარჩელის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული, იძლევა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად ც. ს-ძემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე (ს.ფ. 1-10).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ¹1091/1-610 დასკვნის თანახმად, 2008 წლის 9 მაისს ც. ს-ძე მოათავსეს სტაციონარში დიაგნოზით: შერწყმული ტრავმა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ორმხრივ, ორმხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვნივ ბოქვენისა და საჯდომი ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი მე-2 ხარისხის. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო;

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ც. ს-ძის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹075080163, რომელზეც 2008 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ იქნა ა. ა-ძე;

სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ზემოთ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება;

2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით დადგენილი ფაქტები შემდეგში მდგომარეობს: 2008 წლის 9 მაისს, 12.30 საათზე, ბათუმში, ... და ..... ქუჩების კვეთაში, “მიცუბიში პაჯეროს” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა ბათუმში, ...... ქ. ¹22-ის ბინა ¹7-ში მცხოვრები, 1958 წელს დაბადებული ა. ა-ძე, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ც. ს-ძეს (დაბადებული 1954 წელს, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......), რომელმაც მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. ა. ა-ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესები, კერძოდ, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა დელიქტური ვალდებულებიდან. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ ნორმის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების ერთობლივად არსებობისას, კერძოდ, ა. დადასტურებული უნდა იყოს ზიანის ფაქტი; ბ. ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; გ. მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და დ. ზიანის მიმყენებელს მიუძღვოდეს ბრალი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით არ დგინდებოდა ა. ა-ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს _ ც. ს-ძის ჯანმრთელობის მოშლას შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიყენებაში ა. ა-ძის ბრალი, რამდენადაც არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ც. ს-ძის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდებოდა მოპასუხის ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანზე (ს.ფ. 66-70).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 74-83).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. ა-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა; მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ა. ა-ძეს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული, სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით უდავოდ დგინდებოდა, რომ ა. ა-ძემ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, ც. ს-ძეს მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება შეწყდა ამნისტიის საფუძველზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლებს. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს: თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, რომ მიუხედავად პირის მიერ გარკვეული ქმედების ჩადენისა, იგი ამ ქმედების ჩადენისათვის თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი. ეს ნორმა არ გულისხმობს პირის გათავისუფლებას სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ ა. ა-ძე მის მიერ ჩადენილი ბრალეული ქმედების გამო ამნისტიის აქტის გამოცემის საფუძველზე გათავისუფლდა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი და არა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხის-მგებლობისაგან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. ა-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი არის უდანაშაულო და მას ავტოავარია (დანაშაულებრივი ქმედება) არ ჩაუდენია, რამდენადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამნისტიის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ა-ძე სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ შედავებია და ეს შემაჯამებელი დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ა. ა-ძის ქმედებით ც. ს-ძეზე ზიანის მიყენების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ა-ძის ქმედებით ც. ს-ძემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რაც მისი სიცოცხლისათვის სახიფათო იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად, ც. ს-ძე გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, იგი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. ამასთან, მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არ ჰყავს მეუღლე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენდა კრედიტორს, რომლის მოვალედ უნდა მიჩნეულიყო ა. ა-ძე, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედებით იქნა უშუალოდ ხელყოფილი მოსარჩელის სიკეთე (ჯანმრთელობა). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ა. ა-ძისათვის 10 000 ლარის დაკისრება მორალური ზიანის საკითხის გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტა იყო (ს.ფ. 126-137).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ც. ს-ძის სარჩელის დაკმაყოფილების და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ძემ, რომელიც მოითხოვს მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

კასატორის დასახელებული მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები და შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთს განეკუთვნება ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიჩნია “შემაჯამებელ გადაწყვეტილებად”, ხოლო მასში მოყვანილი გარემოებები დადასტურებულად, რაც კასატორის მოსაზრებით, არასწორია.

ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე არასწორად დაადგინა ა. ა-ძის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ც. ს-ძის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია გადაწყვეტილება მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან იგი, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან (ს.ფ. 142-150).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 9 მაისს, 12.30 საათზე, ა. ა-ძემ, რომელიც მართავდა “მიცუბიში პაჯეროს” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ...., დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესები, კერძოდ, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი, ქ.ბათუმში, ... და ..... ქუჩების კვეთაში, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ც. ს-ძეს, რომელმაც მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც მისი სიცოცხლისათვის სახიფათო იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, ც. ს-ძე გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, იგი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. ამასთან, მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არ ჰყავს მეუღლე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა კასატორის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი, ასევე კასატორის ქმედებასა და დამდგარ შედეგს _ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში სქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილება ამნისტიის საფუძველზე ა. ა-ძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 7.08.2008წ. ექსპერტის ¹109/1-610 დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის 10.10.2008წ. დასკვნა, ავტომანქანის დათვალიერების შესახებ 2008 წლის 10-12 მაისის ოქმები, 2008 წლის 18 ნოემბრის დადგენილება ა. ა-ძის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა. ა-ძემ, მართავდა რა მის კუთვნილ ავტომანქანას, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და შეეჯახა მოსარჩელე ც. ს-ძეს, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება (მოსარჩელე გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 413-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენენ ა. ა-ძის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზეა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ინვალიდები. კანონის დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდი მხარის გათავისუფლებას ყველა ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო საჩივარზე თანდართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 9.06.2010წ. ¹05/1331 ცნობის თანახმად, ა. ა-ძე ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრიდან იღებს სახელმწიფო პენსიას, თვეში 70 ლარის ოდენობით, მხედველობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო (ს.ფ. 151).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. ა-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკანონმდებლო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 400 ლარის დაკისრების ნაწილში.

3. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.