ას-661-622-2011 8 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “რ-სი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ-სი”
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა შპს „რ-სმა“ (წარმომადგენელი ა. თ-შვილი) მოპასუხე შპს „მ-სი“-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის შპს „რ-სი“-ს კანონიერი უფლებების ხელყოფის აკრძალვა მდინარე მტკვრის რუსთავჰესის მონაკვეთზე წყლის საწარმო და ეკოლოგიური ხარჯის მოცულობის 23 მ3 წამში რაოდენობის მიღების ხელშეუხებლობის გარანტირებისათვის, აგრეთვე მოპასუხისათვის მდინარე მტკვრის დინების მიმართულების შეცვლის აკრძალვა, რათა არ მოხდეს შპს „რ-სი“-ს საპროექტო საწარმო ფუნქციის დაკარგვა.
2010 წლის 6 მაისს მოსარჩელემ სარჩელში ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად: მოპასუხე შპს „მ-სს“ აეკრძალოს შპს „რ-სი“-ს წყალმიმღების ზემოთ სხვა ახალი წყალმიმღების მშენებლობა, რომელიც წყლის ყველა დროისათვის გამოიწვევს შპს „რ-სი“-ს წყლის მიღების შესაძლებლობის შემცირებას 23 მ3 წამში მოცულობით და მისი ფუნქციონირების სრულად მოშლას (ს.ფ. 110).
სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ საბოლოოდ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა აეკრძალოს შპს „მ-ს“ შპს „რ-სი“-ს საწარმოო წყალმიმღების ზემოთ ისეთი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა, რომელიც მდინარე მტკვარს შეუცვლის მიმართულებას ან გამოიწვევს „რ-სი“-ს მიერ წყლის მიღების შემცირებას 18 მ3 წამში მოცულობის ქვევით. (ს.ფ. 242) შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,რ-სი’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომლის წესდებით გათვალისწინებულ ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია მოგების მიღების მიზნით. შპს „რ-სი“ აგებულია სამცხე-ჯავახეთში, მდინარე მტკვრის ქვემო დინებაზე სოფელ ...თან. მისი წყალმოხმარების მოცულობაა 18 მ3 წამში, ენერგიის გამომუშავების მოცულობა კი, 1,5 მეგავატი. შპს ,,რ-სს’’ 2002 წლის 30 იანვარს მიღებული აქვს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია საქართველოს ენერგიის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით და საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს ლიცენზიით ჰიდროელექტრო სადგურის მდინარე მტკვრის შესაბამის მონაკვეთზე განთავსების უფლება. ,,რ-სს’’ გავლილი აქვს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა-ძიება, მიღებული აქვს საინჟინრო-ტექნიკური დასკვნა და გადასულია საპროექტო სიმძლავრის ათვისების ეტაპზე, გააჩნია ნებართვა საჭირო მოცულობის წყლის მიღებაზე. დაწყებულია ტექნიკური სამუშაოების გადაიარაღება. 6-დან 2 აგრეგატი ჩანაცვლებულია უცხოური წარმოების გენერატორით, რის შედეგადაც ჰესმა შეძლო 500 კვტ სიმძლავრეზე გასვლა, ხოლო ერთი მეგავატი სიმძლავრის ათვისება დადგენილია ტექნიკური გადაიარაღების დასრულებისთანავე. მოპასუხე შპს ,,მ-სი’’-ს წყალმიმღების კაშხალის მშენებლობის ბოლო ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში ,,რ-სი’’-ს მიერ ვეღარ მოხდება საჭირო მოცულობის წყლის მიღება, რაც გამოიწვევს მოპასუხის ფუნქციონირების შეწყვეტას. კერძოდ, შპს ,,მ-სი’’-ს სამშენებლო პროექტის დამტკიცებას წინ უძღოდა შპს ,,ჯ-გი’’-ს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები და სს ,,კავკაზუს ენერჯი ინფრასთრაქჩა’’-ს მიერ ჩატარებულ გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასება, სადაც არ აისახა ,,მ -სი’’-ს პროექტის განხორციელების ზეგავლენა ,,რ-ეს’’-თან მიმართებაში. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში, პირველ ვარიანტში, განხილულია წყალმიმღების შესაძლებლობა ,,რ-ესი’’-ს ქვემოთ, ხოლო მეორე ვარიანტში კი ,,რ-ესი’’-ს წყალმიმღების ზემოთ. ,,მ-ესი’’-ს საინჟინრო გეოლოგიური და ტექნიკური ანგარიშის მონაცემთა მიხედვით ,,მ-ესი’’-ს პროექტის მეორე ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ მიიღებს არა მხოლოდ საპროექტო სიმძლავრით გათვალისწინებულ საჭირო წყლის მოცულობას, არამედ არ იქმნება საკმარისი არც დადგმული სიმძლავრით ფუნქციონირებისათვის. სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეს აეკრძალოს ისეთი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც მდინარე მტკვარს შეუცვლის დინებას ან გამოიწვევს ,,რ-ესი’’-ს მიერ წყლის მიღების შემცირებას 18 მ3 წამში მოცულობის ქვევით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ მოპასუხემ სრულყოფილად შეისწავლა, როგორც მთლიანი, ასევე ,,რ-ესი’’ და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო პრობლემები, გამოითხოვა საჭირო ინფორმაცია და სწორედ ,,რ-ესი’’-ს ინტერესებზე დაყრდნობით მოხდა პროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებულია ,,რ-ესი’’-ს ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული წყლის ოდენობის უზრუნველყოფა და ,,მ-ესი’’-ს აშენების ადგილიც დადგინდა სწორედ ,,რ-ესი’’-ს ინტერესების დაცვით. გარდა ამისა, ,,რ-ესი’’ მიუხედავად იმისა, რომ არის ლიცენზიის მფლობელი, არ ასრულებს ლიცენზიის პირობებს, მას არ გააჩნია საწარმოო საშუალებები და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ უწარმოებია ელექტროენერგია (შესაგებელი ს.ფ. 29) აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ,,მ-ესი’’ არ და ვერ გამოიწვევს ,,რ-ესი’’-ს ფუნქციონირების მოშლას და განადგურებას, კერძოდ, ,,მ-ესი’’-ს პროექტით გათვალისწინებულია ,,რ-ესი’’-სათვის ამ უკანასკნელის ლიცენზიით გათვალისწინებული ოდენობის წყლის მიწოდება, რის გათვალისწინებითაც შეირჩა მშენებლობის საბოლოო ადგილი. ამდენად, საბოლოო პროექტის მიხედვით, ,,მ-ესი’’ აშენდება ,,რ-ესი’’-ს ზედა მხარეს და სანიტარული ნორმების შესაბამისად წლის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს ,,რ-ესი’’-სათვის დაახლოებით 6 მ3/წმ წყლის მიწოდებას (ს.ფ. 130 შესაგებელი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “რ-ესის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ-ესს“ აეკრძალა შპს „რ-ესი“-სათვის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიით გათვალისწინებული სიმძლავრის (510 კვტ) მიხედვით განსაზღვრული წყლის რესურსის (წყლის ხვედრითი ხარჯის) მიღებაში ხელშეშლა იმგვარად, რომ მოპასუხემ უზრუნველყოს მდინარის კალაპოტში არანაკლებ 6 კუბური მეტრი წამში სიჩქარის წყლის ნაკადის გატარება (გაშვება) შპს „რ-ესი“-ს ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ-ესმა”, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით შპს “რ-ესის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სურლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,რ-ესი’’ რეგისტრირებულია 06.02.2001 წელს (რეგ. 19/4-31) ასპინძის რაიონული სასამართლოს მიერ (ტ.I, ს.ფ. 18);
ასპინძის რ-ნი, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობი 18685.0 კვ.მ. (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მცირე ჰესი) საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე შპს ,,რ-ესს’’ (ტ.I, ს.ფ.34);
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2001 წლის 18 დეკემბრიდან 2004 წლის 18 დეკემბრამდე ვადით გაცემულია ნებართვა ასპინძის რაიონში მდინარე მტკვარზე 1 (ერთი) მეგავატიანი ,,რ-ესი’’-ს განთავსების სამუშაოების წარმოებაზე (ტ.I, ს.ფ. 35);
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მოპასუხე შპს ,,რ-ეს’’-ზე 2002 წლის 30 იანვრიდან უვადოდ (გადაწყვეტილება ¹5 2002წ. 30 იანვარი, სერია 11 ¹048) გაცემულია ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია (ტ.I, ს.ფ. 36), რომლის დანართი 1-დან გამომდინარე, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 510 კვტ, ხოლო წყლის ხვედრითი ხარჯია 6 მ3/წამში (ტ.I, ს.ფ. 37, ტ.I, ს.ფ. 239-247);
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ,,რ-ესი’’-ს ტექნიკური პროექტის მიხედვით ჰესის შენობაში გათვალისწინებულია 6 ორმაგი ქმედების (ბანკის) ტიპის ტურბინის მოწყობა. თითოეულის სიმძლავრე 155 კვტ, ხოლო საანგარიშო ხარჯი შეადგენს 2,2 მ3/წმ, საანგარიშო დაწევა 9.0 მ-ია, ანუ საანგარიშო ხარჯია 13,2 მ3/წმ. (რ-სი, მდ. მტკვარზე ტექნიკური პროექტის მე-16, მე-20 გვ).
შპს ,,მ-ესი’’ რეგისტრირებულია 20.01.2009წ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ (ტ.I, ს.ფ. 191);
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2009 წლის 5 ნოემბერს გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ¹00270 შპს ,,მ-ესი’’-ს მიმართ, რომლის გაცემას საფუძვლად დაედო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ¹98; 03.11.09წ. და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (ტ.I, ს.ფ. 137).
შპს ,,მ-სი’’-ს მიმართ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაცემულია სამცხე-ჯავახეთში 43 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის საქმიანობაზე (ტ.I, ს.ფ. 138).
შპს ,,მ-ესი’’-ს მიმართ 2009 წლის 19 ნოემბერს გაცემულია მშენებლობის ნებართვა ¹15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, მშნებელობის ნებართვა ძალაშია 2015 წლის 15 სექტემბრამდე (ტ.I, ს.ფ. 139).
მოპასუხე შპს ,,მ-ესი’’-ს მიერ ,,ჰ. მ-ი’’-ს სათავე ნაგებობის მშენებლობა გათვალისწინებულია ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ... , მოსარჩელე ,,რ-სი’’-ს სათავო ნაგებობის ზემოთ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია ასევე, რომ შპს ,,რ-სი’’-ს არსებული პროექტი არ ითვალისწინებდა შპს ,,რ-სი’’-ს ფუნქციონირებას 1500 კვტ ჰესის სიმძლავრის და, შესაბამისად, მდინარე მტკვრიდან 18 მ3/წმ წყლის ხარჯის საჭიროების პარამეტრებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დასადასტურებლად მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკური პროექტი და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პერსპექტივაში განსახორციელებელი კონკრეტული ცვლილებებისა და გაანგარიშებების თაობაზე ბიზნეს-გეგმას, რომელიც მოსარჩელის არსებული საპროექტო პარამეტრების დადგენის დამამტკიცებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 22.03.2010წ. ¹... წერილზე (ტ.I, ს.ფ.277-279), რომლის შესაბამისად, შპს ,,რ-სი’’-ს დირექტორმა მ. შ-შვილმა არაერთხელ მიმართა ენერგეტიკის სამინისტოს და განმარტა, რომ დაგეგმილი აქვს ჰესის სიმძლავრის გაზრდა საპროექტო 1500 კვტ.-მდე, რისთვისაც მოითხოვა მდინარე მტკვრიდან 18 მ3/წმ წყლის ხარჯის აღება. შპს “რ-სი”-ს ტექნიკური მდგომარეობის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მივლინებული იქნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალისტები. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 22.03.2010წ. ¹... წერილის თანახმად, შპს ,,რ-სი’’-ს ელექტროსადგური შედგება სათავე ნაგებობისგან, ღია ტიპის 810 მ სიგრძის გრუნტის სადერივაციო არხისგან, ოთხი სადაწნევო მილისგან, ჰესის შენობისაგან და 610 მ სიგრძის გრუნტის გამყვანი არხისაგან. ჰესის შენობაში ¹1 და ¹2 ბანკის ტურბინების ადგილზე დამონტაჟებულია ავსტრიული წარმოების ,,გუგლერის’’ ფირმის ფრენსის ტიპის ორი ვერტიკალურ ღერძიანი ტურბინა გენერატორით, თითოეული 255 კვტ სიმძლავრით და 3 მ3/წმ საანგარიშო წყლის ხარჯით. ასევე დამონტაჟებულია ორი ბანკის ტიპის ტურბინა გენერატორის, ძალოვანი ნაწილისა და მართვის სისტემის გარეშე. დამონტაჟებულია 1000 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი, 10 კვ ძაბვის ძალოვანი კარადა და აღრიცხვის კვანძი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ამავე წერილში აღნიშნულია, რომ რუსთავჰესზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაცემულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2002 წლის 30 იანვრის ¹5 გადაწყვეტილებით, შპს “ე- 2000”-ის 2001 წლის 20 დეკემბრის ¹07-02-68/1029 წერილისა და სსიპ “ენერგოგენერაციის” 2002 წლის 09 იანვრის ¹31-20/8 ცნობის საფუძველზე, ბანკის ტიპის ტურბინების ავსტრიული წარმოების “გუგლერის” ტიპის ტურბინებითა და გენერატორებით შეცვლის შემდეგ ქსელში ორი აგრეგატით, დადგმული სიმძლავრით 510 კვტ. წყლის ხარჯით 6 მ3/წმ ფუნქციონირებაზე.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ამავე წერილის შესაბამისად, მოსარჩელის ჰიდროელექტროსადგური ამჟამად არ ფუნქციონირებს ავსტრიული წარმოების აგრეგატების კომპიუტერული მართვის სისტემაში არსებული უწესრიგობის გამო. შპს “რ-სმა” 2009 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდა 77 765 კვ.სთ ელექტროენერგია, რის დროსაც ელექტროსადგური ფუნქციონირებდა მართვისა და დაცვის სისტემების მუშაობიდან გამოყვანით.
ზემოაღნიშნული წერილიდან ირკვევოდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განიხილა შპს “რ-სი”-ს მოთხოვნა საპროექტო 1500 კვტ.-მდე ჰესის სიმძლავრის გაზრდის, მდინარე მტკვრიდან 18 მ3/წმ წყლის ხარჯის აღების თაობაზე და მიუთითა, რომ შპს “რუსთავჰესი”-ს პროექტი არ ითვალისწინებდა შპს “რ-სი” ფუნქციონირებას ამ პარამეტრებით, რის გამოც სამინისტროს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად მისი რეკონსტრუქცია. სამინისტრომ აქვე განმარტა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს უკვე გაფორმებული იქნა მემორანდუმი შპს “მ ჰ-სსა” და საქართველოს მთავრობას შორის მდინარე მტკვარზე 43 მგვტ. სიმძლავრის (246 მლნ კვტ.სთ) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. შპს “რ-სი”-ს 1000 კვტ.-ით გაფართოების შემთხვევაში კი მტკვარჰესის გამომუშავება 246 მლნ კვტ.სთ-დან შემცირდებოდა 120 მლნ კვტ.სთ-მდე. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შპს “რ-სი”-ს ფუნქციონირება შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ გუგლერის ტიპის ორი აგრეგატით, მართვის, დაცვებისა და აღრიცხვის სისტემების წესრიგში მოყვანის შემდეგ, ჯამური დადგმული სიმძლავრით 510 კვტ. და წყლის საანგარიშო ხარჯით 6 მ3/წმ.
ზემოაღნიშნული წერილის შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკითხი შპს “რ-სი”-ს სიმძლავრის საპროექტო 1500 კვტ.-მდე გაზრდის და მდინარე მტკვრიდან 18 მ3/წმ წყლის ხარჯის აღების თაობაზე დეტალურად აქვს განხილული უფლებამოსილ ორგანოს _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და, ვინაიდან აღნიშნულ წერილში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ უზრუნველყო სსსკ 102-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო დადგენილად, რომ შპს ,,რ-სი’’-ს არსებული პროექტი არ ითვალისწინებდა შპს ,,მ-სი’’-ს ფუნქციონირებას 1500 კვტ ჰესის სიმძლავრის და შესაბამისად მდინარე მტკვრიდან 18 მ3/წმ წყლის ხარჯის საჭიროების პარამეტრებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ მეორე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 172.2-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ელექტროსადგურის განთავსების ადგილის გათვალისწინებით მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელე შპს “რ-სი”-ს სათავე ნაგებობის ზემოთ, აუცილებლად გამოიწვევდა მოპასუხისათვის საკუთრებით (ელექტროსადგურის) სარგებლობაში ხელშეშლას, კერძოდ, მოსარჩელე ვეღარ მიიღებდა მის საქმიანობისათვის ლიცენზიით გათვალისწინებულ აუცილებელ წყლის რესურსს (6 მ3/წმ) და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი მხოლოდ “რ-სი”-ს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი წყლის რესურსის (6 მ3/წმ) გაშვების უზრუნველყოფის ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის მტკვრის დინების მიმართულების შეცვლის აკრძალვის თაობაზე, აგრეთვე 18 მ3წმ/ წყლის რესურსით უზრუნველყოფის შესახებ, მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ-სმა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, გადაწყვეტილება დაამყარა წინააღმდეგობრივ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებზე, მაშინ, როდესაც ენერგეტიკის მინისტრის წერილის საფუძველზე დაყრდნობით მიიღო საკუთარი დასკვნებისა და მოპასუხის მიერ აღიარებული ფაქტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც შპს “რ-სის” საპროექტო წყალმოხმარების მოცულობა შეამცირა 6 კუბ.მ/წმ ნაკადის ოდენობამდე. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ სასამართლომ მინისტრის საინფორმაციო წერილი უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე დღესაც მოქმედი 1994 წლის 11 ოქტო,ბრის “ენერგეტიკის შესახებ” კანონი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და საკუთრების ბოჭვისა და ხელშეუხებლობის კუთხით აღიარა შპს “რ-სის” უფლებები, მაგრამ კანონი ბოლომდე არასწორად განმარტა, ვინაიდან ამ ბოჭვას ხელოვნურად ჩამოაცილა შპს “რ-სათვის” საჭირო 1.5 მგვტ ელექტროენერგიის საწარმოებელ წლის ნაკადზე მოხმარების უფლების არსებული მოცულობა “მ-სის” სასარგებლოდ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი და, შესაბამისად, შეფასება არ მისცა სასამართლო პროცესზე “მ-სის” წარმომადგენლის უკანონო განმარტებას, რომლითაც მათ აღიარეს, რომ წყალმიმღების მშენებლობის შემდეგ აპირებენ მდინარის ძირითად კალაპოტში დატოვონ არა “რ-სის” საწარმოო საჭიროებისათვის 18 კუბ.მ/წმ, ან 13.2 კუბ.მ/წმ, ან 6 კუბ.მ/წმ წლის ნაკადი, არამედ 5.8 კუბ.მ/წმ, რომელიც ეკოლოგიური დასკვნით, ისედაც გათვალისწინებულია სანიტარული წლის ხარჯის 10%-ის სახით, მითუმეტეს, მოპასუხის არასწორი განმარტების მიუხედავად, “რ-სის” არ არის განთავსებული მდინარის უშუალო კალაპოტში, მდინარიდან საწარმოო წყალს იღებს კაშხალით და ხელოვნური არხით და იგი “მ-სის” გამოჩენამდე იცავდა კალაპოტში მუდმივად წყლის არსებობის ეკოლოგიურ რეჟიმს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, როდესაც გადაწყვიტა “მ-სსა” და “რ-ესს” შორის დავა წყალმოხმარების განაწილების შესახებ, საერთოდ არ შეაფასა “მტკვარიჰესის” მხრიდან “რ-სისთვის” საპროექტო საწარმოო საქმიანობისათვის ხელშეშლის კიდევ ერთი გარემოება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მდინარე მტკვრის ნაკადის მთლიანი მიმართულების შემთხვევაში და ძირითად კალაპოტში მხოლოდ 5,8 კუბ.მ/წმ დატოვების შემდეგ, “რ-სის” კაშხლიდან ხელოვნურ არხში წყალი საერთოდ არ შევა, ვინაიდან ძირითად კალაპოტში მხოლოდ ეკოლოგიური წყალი დარჩება, ხოლო საწარმოო დანიშნულების ნაკადის საკმაო მოცულობით არდატოვების გამო, მდინარის წლის დონე ვეღარ აიწევს წყლის მიმღებ კაშხლამდე და “რ-სს” რომც დასჭირდეს ახალი კაპიტალური მშენებლობა და ახალი ჰიდროლოგიურ-ეკოლოგიური დასკვნები, შედეგი მაინც ვეღარ მიიღწევა და იგი ვეღარ იფუნქციონირებს, რადგან “მ-სის” ასეთი მოქმედება ფაქტობრივად საწარმოო წლის მარაგის სრულ ჩამორთმევას ნიშნავს, “რ-სის” საწარმოო სიმძლავრის განულების ტოლფასია და იგი უპირობოდ შეწყვეტს არსებობას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლიცენზიის შესახებ კანონის უკანონოდ გამოყენების ფაქტი, როცა ეს კანონი გაუქმებულია და დღეისთვის მასზე მითითებით სამართლებრივი შედეგის კანონიერად და უკანონოდ აღიარება ნიშნავს არარსებული კანონის გამოყენებას, რაც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება მოპოვებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული წესით და სხვაგვარ მტკიცებულებას კანონიერი ძალა არ გააჩნია. ამდენად, აღნიშნული გარემოების შეფასებისას სასამართლოებმა გამოიყენს კანონი, რომლის გამოყენების უფლებაც არ ჰქონდათ და დაუშვეს ფაქტობრივ მტკიცებულებათა და სამართლებრივი საფუძვლების ურთიერთაღრევა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებების შეფასებისას, ერთმანეთში აურიეს სემეკის მიერ დადგმულ სიმძლავრეზე გაცემული ლიცენზიის ფაქტი ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეზე გავრცელებით, რაც ფაქტებისა და გარემოებების გაგების ქაოსს იწვევს.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასრულყოფილი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის არასწორად გამოყენებას, ვინაიდან “მ-სგან” მათი საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა რეალურად ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე და, ამდენად, სრული უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ სასამართლოსაგან ამ ხელშეშლის აღკვეთა.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, მასზე, თითქოს შპს “რ-სმა” ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულება მისი საპროექტო სიმძლავრისათვის აუცილებელი წლის ნაკადის მოცულობის დასასაბუთებლად, ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლოები უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებენ, რომ შპს “რ-სის” გააჩნია ჰიდროელექტროსადგური და მისი ტექნიკური პროექტის მიხედვით ჰესის შენობაში გათვალისწინებულია 6 ორმაგი ქმედების ტურბინის მოწყობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით შპს “რ-სის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “რ-სის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “რ-სის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “რ-სის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.