Facebook Twitter

ას-663-622-2010 4 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ს-ძე, მ. და გი. ს-ძეები

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ძე

მესამე პირები (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) – სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის განყოფილება, მე. ს-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის

დავის საგანი _ არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი მოპასუხე გ. ს-ძის მიმართ არასრულწლოვანი შვილების დედისათვის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ს-ძეს აღსაზრდელად გადაეცა არასრულწლოვანი ბავშვები _ 1995 წლის 15 ნოემბერს დაბადებული მ. ს-ძე და 1998 წლის 27 აგვისტოს დაბადებული გი. ს-ძე. ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ს-ძესა და ნ. ს-ძეს რომლებიც 1995 წლის 2 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი _ მ., გი. და თ. ს-ძეები;

რ. ს-ძე გარდაიცვალა 2008 წლის 25 დეკემბერს;

მ. და გი. ს-ძეები აღსაზრდელად იმყოფებიან პაპა-ბებიასთან, ხოლო თ. ს-ძე _ დედასთან;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში არსებული მასალების თანახმად, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, ნ. ს-ძეს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ სასამართლოში საქმის გადაწყვეტამდე არ შეეცდებოდა შვილების წაყვანას;

სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნებისა და ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული დასკვნების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორივე მხარეს გააჩნდა ბავშვების აღზრდისათვის საჭირო მატერიალური და სოციალური პირობები;

ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის (ფსიქოლოგის) განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ დედასთან; თავად ბავშვებმა საქმის განხილვისას უარი განაცხადეს დედასთან საცხოვრებლად გადასვლაზე და სურვილი გამოთქვეს პაპა-ბებიასთან ერთად ცხოვრებაზე;

მოპასუხე გ. ს-ძის პოზიცია იმასთანდ დაკავშირებით, რომ ნ. ს-ძეს არ გააჩნდა ბავშვების აღსაზრდელად საყოფაცხოვრებო პირობები, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ უმცროსი შვილი _ თ. ს-ძე დედასთან და ბებიასთან ერთად ნორმალურ პირობებში ცხოვრობდა, ვინაიდან ოჯახს შესაბამისი პირობები და გარკვეული ფინანსური შემოსავალი გააჩნდა.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე და 1203-ე მუხლები.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. ს-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად, ვინაიდან გ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ ამოიწურება იმით, რომ მათ უფლება აქვთ შვილიშვილებთან იქონიონ ურთიერთობები გარკვეული წინაპირობების არსებობისას. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ არასრულწლოვანი ბავშვების დედას _ ნ. ს-ძეს ბავშვების აღზრდისათვის ნორმალური მატერიალური და სოციალური პირობები გააჩნდა, ასევე დადგენილი იყო, რომ ნ. ს-ძეს არც შეზღუდული და არც ჩამორთმეული ჰქონდა დედობის უფლება და ასევე არ არსებობდა კანონით დადგენილი წესით დაწესებული პაპის მეურვეობა არასრულწლოვან შვილიშვილებზე, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა რომ დედის ნების საწინააღმდეგოდ, პაპა, კანონიერი საფუძვლის გარეშე, ამყოფებდა თავისთან ნ. ს-ძის არასრულწლოვან შვილებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნია, რის გამოც მისი შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ უსაფუძვლოდ ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ს-ძემ და მ. და გი. ს-ძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კანონის დარღვევით მიღებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განიხილვისას სამოქალაქო კოდექსის მე-14-15-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლების შესაბამისად, პროცესში არ ჩააბა არასრულწლოვანი მ. და გი. ს-ძეების კანონიერი წარმომადგენელი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა საქმეზე მოწვეული სპეციალისტის მიერ არასრულწლოვან ბავშვებთან გასაუბრებისა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა შეუსაბამო ახსნა-განმარტებაზე. ამასთან, ისე დაკითხა სპეციალისტი, რომ იგი არ გაფრთხილებულა არასწორი ახსნა-განმარტების მიცემისათვის შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დასუწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ უარყო ორივე მოთხოვნა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან საოჯახო დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო, თუ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა, საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადაედო. კასატორის აზრით, სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 203-ე, 204-ე და 244-ე მუხლები და ასევე არ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვების პოზიცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ს-ძის, მ. და გი. ს-ძეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-ძის, მ. და გი. ს-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.