ას-664-623-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ გ. გ-ძე, გი. გ-ძე, ნ. ვ-ძე, დ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონებისა და მოპასუხეთა სხვა ქონების რეალიზაციის გზით გადაწყვეტილების აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,... ბანკმა” სარჩელი აღძრა მოპასუხეების: გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძის და დ. თ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა:
1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,... ბანკის” სასარგებლოდ 129548,75 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,... ბანკის” სასარგებლოდ ძირითად თანხაზე – 93671,35 აშშ დოლარზე წლიური 17%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, 2009 წლის 19 ოქტომბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1327,01 აშშ დოლარს;
3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,... ბანკის” სასარგებლოდ ძირითად თანხაზე – 93671,35 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს – 0,5%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, 2009 წლის 19 ოქტომბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 468,35 აშშ დოლარს;
4. სს ,,... ბანკის” მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა მთელი ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. გ-ძეს, გი. გ-ძეს, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ 129548,74 აშშ დოლარის გადახდა სს ,,... ბანკის’’ სასარგებლოდ; გ. გ-ძეს, გი. გ-ძეს, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირ თანხაზე 93671,35 აშშ დოლარზე წლიური 17%-ის გადახდა სს ,,... ბანკის’’ სასარგებლოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, 2009 წლის 19 ოქტომბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1327,01 აშშ დოლარს; აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გი. გ-ძის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ნ. ვ-ძის საკუთრებაში რიცხული ბათუმში, ... ქ.¹30-ში მდებარე ბინა ¹1-ში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; მოპასუხეებს _ გ. გ-ძეს, გი. გ-ძეს, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,... ბანკის’’ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით; სს ,,... ბანკის’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა გ. გ-ძემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული წესით თანხა არ შეიტანა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361.2-ე, 873-ე, 403-ე, 407-ე, 408-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა კრედიტით სარგებლობისათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლებოდა მიეღო ბანკს ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 465-ე, 891.1 და 895-ე მუხლებზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სს “... ბანკსა” და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასყიდლიანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, სესხის ოდენობაზე, მისი გადახდის წესსა და ვადებზე, ასევე მხარეთა პასუხისმგებლობაზე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. საქმეზე წარდგენილი თავდებობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა _ გი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და დ. თ-ძემ იკისრეს თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. რამდენადაც ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს “... ბანკს” მოპასუხეთა მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის დაყენების უფლება და სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებზე _ გ. გ-ძეზე, გი. გ-ძეზე, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეზე თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
ამასთან, იმის გამო, რომ მოვალე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული ბათუმში, ... ქ.¹30-ის ბინა ¹1-ში მდებარე ნ. ვ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, ასევე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში მდებარე გი. გ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301.1 მუხლების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებზე საკრედიტო დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, ხოლო მოთხოვნა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეთა მთლიან ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
აპელანტებმა _ გ. გ-ძემ, გი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და დ. თ-ძემ მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა სს ,,... ბანკმა’’ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით თანხის გადახდევინების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის მთელი ქონების იძულებით აღსასრულებლად მიქცევა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით: გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სს ... ბანკის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სს “... ბანკის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სს “...” ბანკის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აღსრულება მიექცა გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 13 ივნისს მსესხებელ გ. გ-ძესა და სს ,,... ბანკს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ¹12430 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი მაქსიმალური ოდენობით 200000 აშშ დოლარი, ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში. საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი, სარგებლის მაქსიმალურ ოდენობად 48%, პირგასამტეხლოდ ვადაგადაცილებაზე _ 0,5%.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2007 წლის 22 ივნისს, სს ,,... ბანკსა” და გ. გ-ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 120000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, სარგებლის ოდენობით _ წლიური 17%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ 0,5%.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 22 ივნისს, სს ,,... ბანკსა’’ და გი. გ-ძეს, სს ,, ... ბანკსა’’ და ნ. ვ-ძეს, ასევე სს ,,... ბანკსა’’ და დ. თ-ძეს შორის გაფორმდა თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და დ. თ-ძემ, როგორც გ. გ-ძის თავმდებმა პირებმა, იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეესრულებინათ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ¹... ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სს ,,... ბანკსა’’ და მსესხებელს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ¹... ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 13 ივნისს სს ,, ... ბანკსა’’ და ნ. ვ-ძეს შორის, ხოლო 2007 წლის 20 ივნისს სს “თიბის ბანკსა” და გი. გ-ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბათუმში, ... ქ.¹30-ის ბინა ¹1-ში მდებარე ნ. ვ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, სარეგისტრაციო ნომრით ... და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში მდებარე გი. გ-ძის უძრავი ქონება, სარეგისტრაციო ნომრით ....
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული წესით თანხა არ შეიტანა, რის გამოც მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მოთხოვნით და განესაზღვრათ 14 დღის ვადა, რათა შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით, გ. გ-ძესა და სს “...” ბანკს შორის 2007 წლის 22 ივნისის ¹... საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების 16.6 პუნქტის მიხედვით, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულების საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც შეიძლება წარმოშობილიყო უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში.
საქმეზე წარმდგენილი ცნობის შესაბამისად, მსესხებელ გ. გ-ძის სრული დავალიანება 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 129548,75 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა იყო 93671,35 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი _ 13437,34 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე _ 21527,81 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევის პრემია _ 912,25 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარუდგენიათ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 403-ე, 407-ე, 408-ე, 411-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა კრედიტით სარგებლობისათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლებოდა ბანკს მიეღო ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულება დროულად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე, 463-ე და 465-ე მუხლებზე დაყრდნობით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სს “... ბანკსა” და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასყიდლიანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, გადახდის წესი, ვადები და მხარეთა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობის ხელშეკრულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა _ გი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და დ. თ-ძემ იკისრეს თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა თავმდები პირების მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
რაც შეეხებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეთა მთლიან ქონებაზე იძულებით აღსრულების მიქცევაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 300.3 მუხლზე და აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმების დისპოზიციურობიდან გამომდინარე, მხარეებს შესაძლებლობა ენიჭებათ შეთანხმდნენ კანონისაგან განსახვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით და, რომ იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ უქმდება.
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. გ-ძესა და სს “... ბანკს” შორის 2007 წლის 22 ივნისის ¹... საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.6 პუნქტით, აგრეთვე, სს “... ბანკს” და გი. გ-ძეს, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეს შორის გაფორმებული 2007 წლის 22 ივნისის თავდებობის ხელშეკრულების 1.1. და 2.5. პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ, არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დააკისრა გ. გ-ძესაც, მაშინ როდესაც მის მიმართ მოთხოვნა არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადებით ირკვეოდა, რომ სს “... ბანკის” მოთხოვნაზე მოპასუხედ დასახელებული იყო გ. გ-ძე, ხოლო საქმეში რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა მის მიმართ მოთხოვნაზე არ არსებობდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების ანაზღაურების მიზნით იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან ერთად გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ახალი გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ძემ, გი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და დ. თ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე 873-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.3 მუხლი. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლები. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებაში ასახული მოსაზრება, როცა სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული ხელშეკრულებები. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 13 ივნისის “საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ” ხელშეკრულების მე-15 მუხლით მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ სესხის გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელეს წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით შეეწყვიტა ხელშეკრულება და შემდგომ სასამართლო წესით მოეთხოვა თანხები, მან, მართალია, გააფრთხილა კასატორები აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე ხელშეკრულებები არ შეუწყვეტია, შესაბამისად, სასამართლოს რომ გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 342.3 მუხლი, უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას დავალიანების სრულ დაფარვამდე პროცენტებისა და საურავების ჩათვლით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე არ გამოიტანდა, ვინაიდან ასეთ პირობებზე მხარეები ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან.
კასატორთა მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულებების შინაარსი, ასევე სასარჩელო მოთხოვნის არსი და მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს გ. გ-ძე სარჩელში მოპასუხედ დასახელებული ჰყავდა, მის მიმართ მოთხოვნა არ ჰქონია და მხოლოდ მთავარ სხდომაზე გაზარდა სარჩელი, რაც საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი და არც კი იმსჯელა სარჩელის შინაარსზე იმასთან დაკავშირებით, გ. გ-ძის მიმართ არსებობდა თუ არა მოთხოვნა.
კასატორთა მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე და 276-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ კრედიტორი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მხოლოდ დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ქონებაზე. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევის შესახებ. იმის გამო, რომ ამგვარ შეთანხმებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კასატორები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება აღნიშნულ ნაწილში არასწორია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა. ც-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ძის, გი. გ-ძის, ნ. ვ-ძისა და დ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს _ გ. გ-ძეს, გი. გ-ძეს, ნ. ვ-ძესა და დ. თ-ძეს დაუბრუნდეთ მათი წარმომადგენლის - ა. ც-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.